"ქართულმა ჩაიმ ინდუსტრიული მნიშვნელობა უნდა შეიძინოს!" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ჩაიმ ინდუსტრიული მნიშვნელობა უნდა შეიძინოს!"

განადგურებული ქართული ჩაი კვლავ აღორძინების გზაზე დგება. თუმცა ამისთვის დიდი და ძნელი გზის გავლა მოუწევს, რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები სჭირდება. ამჟამად კილოგრამი ჩაის ფასი 40-დან 100 ლარამდე მერყეობს, რაც მოსახლეობას ჩაის პლანტაციების გაშენებისკენ უბიძგებს. არადა, როდესაც მოსახლეობას სახელმწიფომ ჩაის აღორძინების მართალია მიზერული, მაგრამ თანხები მაინც შესთავაზა, ხალხი ამას სკეპტიკურად შეხვდა. გლეხის პასუხი ჩაის აღორძინების პროგრამაზე ასეთი იყო - თუ სახელმწიფო პლანტაციის გაშენებისთვის ფულს მაძლევს, მაშინ თხილის პლანტაცია გამაშენებინოს, ჩაი რომ სიკეთის მომტანი იყოს, ვინ გადააშენებდაო!

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ანასეულის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თემურ რევიშვილი ჩაის შესახებ გვესაუბრება:

- ქართული ჩაის ხარისხი საბჭოთა სახელმწიფოში წახდა - ჩაის ღეროებიანად კრეფდნენ დამზადების გეგმის შესასრულებლად. როდესაც ბაზარზე შემოსავლიანი თხილი შევიდა, ხალხმა ჩაის ამოძირკვა და თხილის გაშენება დაიწყო. მეცნიერებს ამის შეჩერება არ შეგვეძლო, თორემ არაერთხელ მოვახსენეთ ხელისუფლებას, ბაზრის გრძელვადიან შედეგებს დალოდებოდნენ და ჩაის ამოძირკვას ნუ წაახალისებდნენ, მით უფრო, ჩაის ფასი მსოფლიო ბაზარზე იზრდებოდა.

ჩვენმა დამწყებმა სტუდენტმაც კი იცის, რომ მონოკულტურის გაბატონებას კარგი შედეგი არსად მოაქვს. თხილი მონოკულტურა რომ გახდა, ამ მიზეზითაც დაავადდა. ამასთან, ღარიბდება მასზე "ჩამოკიდებული" საზოგადოება. ასეთი რამ გურიამ უკვე ორჯერ გადაიტანა: პირველად მაშინ, როდესაც გურიაში მხოლოდ ჩაი და ციტრუსი მოჰყავდათ და ამ კულტურების ბაზრის მოშლამ რეგიონი გააღატაკა; და მეორეჯერ: როდესაც თხილი დაავადდა, მასზე "ჩამოკიდებული" მოსახლეობა ისევ გაღარიბდა.

2016 წელს, როდესაც ჩაის კულტურის აღორძინება დაიწყო, თხილი თითქოს ჯერ კიდევ "მუშაობდა" და ხალხიც ჩაის აღორძინების პროგრამას დიდი ენთუზიაზმით ვერ შეხვდა. არადა, ჩაის ფასი მსოფლიო ბაზარზე იზრდებოდა.

- მაგრამ დიდი ოდენობით ჩაის რეალიზაცია ჯერ კიდევ რთულია, თანაც არცთუ დიდი თანხებია გამოყოფილი - დასაწყისისთვის 2.500 ლარი. ამით შეიძლება მხოლოდ ჩაის პლანტაციის შემოღობვა. - ამიტომაც მოვითხოვდით პროგრამის დასაწყისისთვის გაზრდილ თანხას - 4.500 ლარს. თუმცა მხოლოდ ამაში არ არის საქმე - თითქოს თხილის მოსავლის მიღებას ბევრად ნაკლები შრომა სჭირდებოდა. სამაგიეროდ, როდესაც ხალხმა დაინახა, თხილი შემოსავალს აღარ იძლეოდა, ჩაი კი აღმავლობას განაგრძობდა, იმაზე დაფიქრდა, რომ ჩაიც შემოსავლის წყაროა.

ამჟამად ჩაის აღორძინების პროგრამაში 50-მდე კოოპერატივია ჩართული. მართალია, საწყისი თანხა ცოტაა, მაგრამ სათანადო შრომით ამ პროგრამის გამოყენება მაინც ბევრს შეუძლია. საქმე ხომ არა ჩაის თავიდან გაშენებას ეხება, რომელიც 9 წელში გვაძლევს მოსავალს, არამედ ძველი ჩაის პლანტაციის საფუძვლიანად გასხვლას, რომელიც მოსავალს 3 წელიწადში იძლევა, თანაც პროგრამით მანქანა-დანადგარების შეძენაც არის გათვალისწინებული.

- როგორ იქნება ჩაის რეალიზაციის საქმე? მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ჩაიზე საქართველოში უკვე არის მოთხოვნა, ეს არ ნიშნავს, რომ მომძლავრებული ქართული ჩაი უცხოეთის ბაზარზე ადვილად გავა. - ეს საკითხი მაშინვე მოიხსნება, როცა უცხოეთში ექსპორტირებული ქართული ჩაის სასაქონლო რაოდენობა შეივსება, ანუ მსხვილ პარტიებზე ექსპორტის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. როდესაც უცხოელ შემკვეთს 100 ტონა ჩაის შესყიდვა სურს, თუ მხოლოდ 20 ტონას შესთავაზებ, არ წაიღებს. ამ მარაგის შევსებას კი აუცილებლად სჭირდება ჩაის კოოპერატორებისა თუ შპს-ების კოორდინირებული მუშაობა და თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც შექმნის ქართული ჩაის ინდუსტრიას. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს - ქართულმა ჩაიმ, ისევ როგორც ღვინომ, ინდუსტრიული მნიშვნელობა უნდა შეიძინოს. სახელმწიფო ამისთვის უნდა იბრძოდეს. ისე კი, ქართულ ჩაის სტიმულს ტურისტული ტურებიც აძლევს. ეს უკვე აპრობირებული გზაა, რაშიც საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად ოზურგეთიც არის ჩაბმული. ტურისტი მიდის ჩაის პლანტაციაშიც, თავისი ხელით კრეფს ქართულ ჩაის, აგემოვნებს მას, რაშიც შესაბამის თანხას იხდის. დღეს წყალტუბოსა თუ ტყვარჩელის მუნიციპალიტეტებშიც არის შესანიშნავი ტურისტული სერვისი. ბალტიისპირელი ინვესტორები იწვევენ უცხოელ ტურისტებს, რომელთაც შემოიტანეს ახალი სერვისი - ითხოვენ, რომ ქართული ჩაის პლანტაციებში თავიანთი სახელობის ბუჩქები ჰქონდეთ, რაშიც არცთუ ცოტა თანხას იხდიან. ასე რომ, უნდა ავითვისოთ ქართული ჩაის ბაზარი (დღეს ჩვენი ჩაი ბაზრის მხოლოდ 33%-ს იკავებს). რასაკვირველია, უცხოური ჩაის ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ როდესაც ქართული ჩაი ხარისხიანი იქნება, მომხმარებელი მხოლოდ მას შეიძენს.