"გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩემი ზარდახშა პოლონეთის პრეზიდენტს აჩუქეს" - კვირის პალიტრა

"გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩემი ზარდახშა პოლონეთის პრეზიდენტს აჩუქეს"

"ძალიან მინდა ჩემმა ნამუშევრებმა მნახველს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას, რომ ახალი 2020 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერი და წარმატებული იყოს!"

ჩვენმა მკითხველმა ნანა ყაულაშვილი მშვენიერი ხელნაკეთი თოჯინებით გაიცნო, რომლებიც დიდი წარმატებით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. ის ორიგინალური ზარდახშებისა და საახალწლო სუვენირების ავტორიც არის. მისი სუვენირები განსაკუთრებით აქტუალური ხდება შობა-ახალი წლის დღეებში, როცა ორიგინალური საჩუქრის შერჩევა ჭირს.

- ხელსაქმე საგანგებოდ არ მისწავლია, შეიძლება ითქვას, თვითნასწავლი ვარ, პროფესიით კი ექიმ-ოფთალმოლოგი ვარ. თოჯინების გარდა, ჩანთებსა და სამკაულებსაც ვამზადებდი, ახლა კი ზარდახშებით ვარ გატაცებული.

- თქვენი ზარდახშების უმრავლესობას სიძველის ელფერი დაჰკრავს...

- ზოგიერთს მხოლოდ ახალი ნივთები მოსწონს და თავის ბინაში მეორად ავეჯსაც არ შეიტანს. მე პირიქით ვარ: მიმაჩნია, რომ ნივთს თავისი ისტორია უნდა ჰქონდეს. საკერავი მანქანაც კი ჩემი დიდი ბებიის ნაქონია. კარგად ვიცი, რომ ახალი მანქანით უფრო მეტი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ მე ეს მანქანა უფრო მომწონს. ჩემს ზარდახშებსაც საგანგებოდ ვაძველებ.

- სად იქმნება ეს სილამაზე? - ძირითადად, ჩემს პატარა ბინაში, სადაც ყველგან ჩემი ნამუშევრები აწყვია. ჩემი მეუღლე ხშირად მეხუმრება, ვერ გამიგია, ამ სახლში ჩვენ ვცხოვრობთ, თუ შენი ნამუშევრებიო. ხანდახან 2-3 თვე მჭირდება, რომ ერთი თოჯინა დავასრულო. ეს ძალიან მღლის და ვცდილობ განტვირთვის მიზნით სხვა რამეც გავაკეთო. ზარდახშების დამზადება ჩემთვის სწორედ განტვირთვაა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელ მშრალ ხიდზე ძველ ნივთებს ვათვალიერებდი. იქ ძველ ზარდახშას წავაწყდი. გადავწყვიტე, შინ წამეღო და ჩემი გემოვნებით მომეხატა, შემეღება ან შემეცვალა. მართლაც, ზედა ფენა გადავაცალე და მოვხატე. მერე დავინტერესდი, რა მეთოდები არსებობდა დაძველებისთვის. კარგა ხანს ვკითხულობდი საჭირო ლიტერატურას და ასე შევისწავლე, როგორ შეიძლება ნივთი დაძველდეს და მერე მოიხატოს. ეს ძალიან საინტერესო იყო...

ზარდახშებზე მუშაობას დიდი სიმშვიდე მოაქვს. იცი, რომ შენი ხელით გაკეთებული ნივთი ვიღაცის სამყაროს გაალამაზებს, თან ძალიან პრაქტიკულიც არის, თუ პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენებ. ახალი წლის დღეებში, როცა ნაძვის ხის სათამაშოებსაც ვამზადებ, სახლში ბურთების გროვა მაქვს. ორივეს - ზარდახშებსაც და საახალწლო სათამაშოებსაც ერთნაირი ტექნიკით ვამზადებ: სხვადასხვა ზომისა და ფორმის ზარდახშებსა და ბურთებს ვყიდულობ, სპეციალური ლაქით ვფარავ და ზემოდან სხვადასხვა გამოსახულებას ვაკრავ, შეიძლება დაახატო, რაც გსურს. იმისთვის, რომ ზარდახშას სიძველის ეფექტი ჰქონდეს, სპეციალურ ტექნიკას ვიყენებ. უკვე მოხატულ და დასრულებულ ზარდახშას შიგნით ხავერდს გამოვაკრავ და მათი ნახვა ჩემთვისაც დიდი სიამოვნებაა. სხვათა შორის, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩემი ერთი ზარდახშა პოლონეთის პრეზიდენტს აჩუქეს, რადგან ძველი თბილისის სურათები ამშვენებდა. ზარდახშა ძალიან ორიგინალური და კარგი საჩუქარია, მასში შეიძლება სამკაულები ან ტკბილეული შეინახო და ასე მიართვა ადრესატს დაბადების დღის ან სხვა დღესასწაულის აღსანიშნავად.

- საინტერესოა, როგორ მშვენიერდება თქვენი ზარდახშები? - თავიდან ხის ყუთს გრუნტს ვუსვამ, მერე კი ვაშრობ. თუ დაძველება არ მინდა, ჩვეულებრივ ფერებს ვუსვამ, ხოლო სიძველის ეფექტისთვის ჯერ ყავისფერ ლაქს ვუსვამ, ალაგ-ალაგ კი ცვილს. ცვილი ზომიერად უნდა წავუსვათ... ამის შემდეგ ვიწყებ ზარდახშის გალამაზებას: შეიძლება ზემოდან ხელსახოცი დავადოთ და სპეციალური დეკუპაჟის წებო გადავუსვათ, ამის შემდეგ დავაკრავთ სხვადასხვა გამოსახულებას: ოქროსფერ ორნამენტებს, თოვლის ფიფქებს, შეიძლება კიდეც დავწინწკლოთ - ოქროსფრად, ფირუზისფრად, ვერცხლისფრად... ორნამენტები ხელით კეთდება, მთავარი ზომიერება და ფერთა შეხამებაა. თითქმის ასეთივე ტექნიკით ვამზადებ საახალწლო სათამაშოებსაც. მათი უმრავლესობა პენოპლასტისგან ან პლასტმასისგან არის დამზადებული. შეიძლება ეს ჩვეულებრივი, იაფი სათამაშო იყოს, რომელსაც სპირტით ვწმენდ, მერე დავგრუნტავ და დავახატავ ან დავაკრავ, რაც მომწონს და მსურს. ზარდახშაც და სათამაშოც შეიძლება ბრჭყვიალა ნახატებით, ყვავილებით, მძივებით ან ფიფქებით მოვრთოთ. მარტო ზარდახშებს კი არა, სკივრებსაც ვამზადებ და თბილისური, ქართული ორნამენტებით ვალამაზებ. ბევრს მოსწონს.

- არაერთ გამოფენაში მიგიღიათ მონაწილეობა - საქართველოშიც და უცხოეთშიც... - დიახ, გერმანიაში, ესპანეთში, ჩეხეთში... ძალიან ბევრ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა. ახლახან ჰოლანდიასა და ესპანეთში მიმიწვიეს, 2019 წლის დეკემბრის დასასრულიდან კი სამი კვირის განმავლობაში ხელოვნების სასახლეში ჩემი პერსონალური გამოფენა იმართება, სადაც ჩემს ზარდახშებს და სკივრებს წარვადგენ. ძალიან მინდა ჩემმა ნამუშევრებმა მნახველს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას, რომ ახალი, 2020 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერი და წარმატებული იყოს!

ხათუნა ჩიგოგიძე