რას უქადის გლობალური დათბობა სოფლის მეურნეობას - კვირის პალიტრა

რას უქადის გლობალური დათბობა სოფლის მეურნეობას

"ჩვენს მეთოდებს თანამედროვე მსოფლიოც აღიარებს, მაგალითად, პერმაკულტურას, მრავალკულტურიანობას... მეცნიერებმა ალპებში შექმნეს მიკროკლიმატი და ამბობენ, რომ იქ ღია გრუნტში ლიმონი უნდა მოიყვანონ. თუკი ეს ალპებში შეუძლიათ, რატომ არ შეიძლება, ლიმონი სამტრედიელმაც ღია გრუნტში მოიყვანოს?! მრავალკულტურიანობა ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერებას აუმჯობესებს..."

უკვე მერამდენე წელიწადია, ზამთარი შედარებით თბილი და უნალექოა, რაც გლობალური დათბობითაც არის გამოწვეული. როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, წელს მაღალმთიან რეგიონებში ნალექი ჯერჯერობით მოსალოდნელზე ნაკლებია. რას გამოიწვევს სოფლის მეურნეობაში ასეთი დათბობა და როგორ აისახება ეს მოსავალზე? ამ თემაზე გვესაუბრება სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი ცოტნე სამადაშვილი.

- დიდი ხანია, მსოფლიო ამ საკითხზე მსჯელობს და ცდილობს, როგორმე ხელი შეუშალოს გლობალური დათბობის პროცესს, მაგრამ ბუნებრივი მოვლენები ასე ადვილად სამართავი არ არის.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2080 წლისთვის ტაიგისა და ტუნდრის ტერიტორია შეიძლება სუბტროპიკულ ზონად გადაიქცეს! ეს ინფორმაცია ღიმილის მომგვრელად კი მომეჩვენა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ჩვენთანაც საგრძნობლად შეიმჩნევა ტემპერატურული მატება. რაც ბრაზილიაში ან ავსტრალიაში ხდება, ჩვენს გარემოზეც აისახება. უნდა ვეცადოთ, რომ მიმდინარე პროცესები ადვილად გადასატანი იყოს.

- 6 იანვარს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე აყვავებული მზესუმზირა ვნახე...

- ეს თბილი ზამთრის და იმის დამსახურებაა, რომ მცენარისთვის იმ ადგილას შეიქმნა ისეთი პირობები, რომ გაიხარა... მარცვლოვანი კულტურების სპეციალისტი ვარ, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლევითი ობიექტები გვაქვს, ნაკვეთებზე დიდ სამუშაოებს ვწევთ, მაგრამ წლეულს ისეთი მდგომარეობაა, შეძრწუნებული ვარ. მაგალითად, ახალციხეში შემოდგომით დროულად დავთესეთ ხორბალი, მაგრამ სამი თვეა, არ მოსულა იმდენი ტენი, რომ გაღივებულიყო, არადა, საშემოდგომო კულტურა ამ სამი თვის განმავლობაში უნდა გაღივდეს. ასეთივე მდგომარეობა სხვაგანაც იქნება, რადგან გვალვაა. წარმოიდგინეთ, რა საფრთხე იქმნება.

- შემოდგომით დათესილი ხორბალი ახლა როგორი უნდა იყოს?

- ამ დროისთვის ჯეჯილი 10-12 სმ-ზე უნდა იყოს ამოწვერილი, გაზაფხულზე ვეგეტაცია განახლდება და თავთავსა და მარცვალს იძლევა. მაგრამ საშემოდგომო გაღივების 40-დღიანი პერიოდი თუ ვერ გაიარა, ვეღარც დათავთავდება და ვეღარც მარცვალს მოგვცემს. არადა, ჯერ გაღივებულიც არ არის. შარშან 1000 კვმ-ზე 450 კგ ახალციხის "წითელი დოლი" მივიღე. არაჩვეულებრივი მოსავალი იყო და ინტენსიურ ჯიშებზე უკეთესი შედეგი გვქონდა.

- ესე იგი ახლო თუ შორეული პერსპექტივისთვის არასახარბიელო ნიშნები იჩენს თავს. რა უნდა ვიღონოთ ამ პროცესის შესაჩერებლად ან თავიდან ასაცილებლად?

- ეს ყველას ეხება (მთავრობა, ფერმერი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კვლევითი დაწესებულებები) და ყველას საქმეა, რადგან საყოველთაო პრობლემაა. ქართველი ხალხი აქამდე იმან მოიყვანა, რომ განსაკუთრებული მიწათმოქმედების კულტურა გვქონდა, მსოფლიოში საუკეთესო და გამორჩეული. ჩვენს მეთოდებს თანამედროვე მსოფლიოც აღიარებს, მაგალითად, პერმაკულტურას, მრავალკულტურიანობას... ადამიანის საკვებით დაკმაყოფილება უპირველესი საზრუნავია, რაც ქართველმა ხალხმა მეურნეობის უნარიანი გაძღოლით შეძლო. ივანე ჯავახიშვილი წერდა, რომ ქართველ ერს ისტორიულად 200-მდე კულტურა მოჰყავდა. დიახ, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ვაშლით, ვაზით, ბოსტნეულის მოყვანით. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ ყველა პერიოდში რაც შეიძლება მეტი კულტურა მივიღოთ.

- ანუ მოცდენილი მიწა არ უნდა იყოს...

- მსოფლიომ დიდი ხანია, აღიარა, რომ ნიადაგი წლის განმავლობაში უნდა იყოს დაფარული მწვანე საფრით, რათა იმ მიკროორგანიზმებმა, რომლებიც ნიადაგშია, მუდმივად იმოქმედოს.

ჩვენთან არის ზონები, სადაც სარწყავი სისტემები არ გვაქვს და ადგილობრივი ტენიანობის იმედად ვრჩებით, არადა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, გაკეთდეს სარწყავი სისტემები - დასავლეთ საქართველოშიც ისევე, როგორც აღმოსავლეთში, რადგან მორწყვა ოქტომბერშიც საჭიროა, დეკემბერშიც, იანვარშიც, მით უმეტეს, რომ ხანგრძლივი გვალვებია მოსალოდნელი. ეს უპირველესი პრობლემაა.

ყველანაირ გარემოში უნდა იყოს მრავალკულტურიანობა, რათა ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში მწვანე საფრით დაიფაროს... ამისთვის არაჩვეულებრივი საშუალებები არსებობს.

მეცნიერებმა ალპებში შექმნეს მიკროკლიმატი და ამბობენ, რომ იქ ღია გრუნტში ლიმონი უნდა მოიყვანონ. თუკი ეს ალპებში შეუძლიათ, რატომ არ შეიძლება, ლიმონი სამტრედიელმაც ღია გრუნტში მოიყვანოს?! ამის შესაძლებლობას მიკროკლიმატი იძლევა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში კულტურების გამოყენებით იცვლება. ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, ნიადაგის ნაყოფიერებას აუმჯობესებს. ამ შესაძლებლობებს ადამიანი ყოველთვის იყენებდა.

- კლიმატის ცვლის გამო აგროვადებიც შეიცვლება? - რა თქმა უნდა! ახალციხეში დოქტორანტი მყავს, რომელიც სწორედ ამ საკითხზე მუშაობს - ვადები ხორბლის კულტურაში. უკვე გვაქვს ორი წლის მონაცემები. რაც ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში შეიძლებოდა დაგვეთესა, ახლა ადრე - სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე უნდა დაითესოს, რათა ისეთი რამ არ მოხდეს, რაც წლეულს ახალციხეში მოხდა... დიახ, ჩვენი მონაცემებით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე უნდა დავთესოთ. საშემოდგომო კულტურების დათესვის ვადამ 20 დღით გადმოიწია.

- მაგრამ ხომ შეიძლება იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში ნამდვილი ზამთარი დადგეს? - ბოლო ექვსი წელიწადია, ჩემი დაკვირვებით, მკაცრი ზამთარი 7-8 თებერვალს იწყება, ნალექი მატულობს, ტემპერატურა ეცემა. ვნახოთ, წელს როგორ გაამართლებს.

საშემოდგომო კულტურები ასეთ დროს არ ზიანდება. შეიძლება მოკლე სავეგეტაციო პერიოდის კულტურების შერჩევაც, მაგალითად, სალათის ფურცლის, მწვანე ხახვის, და თუ ამინდი არ გაამართლებს, ზარალი მაინც ნაკლები იქნება.

- დავუშვათ, დავთესეთ სექტემბერში და დადგა მკაცრი ზამთარი...

- საშემოდგომო კულტურები უძლებს ხანგრძლივ სიცივესაც. გვალვიანსა და თბილ პერიოდს ისევ ცივი და ტენიანი სჯობია. სხვათა შორის, ამ ყველაფერს მომზადებული რომ შევხვდეთ, აუცილებელია ქარსაცავი ზოლებიც, რომელიც მიკროკლიმატს ქმნის, არადა, ისინი განადგურებულია. მოკლედ, უნდა აღდგეს მრავალკულტურიანობა და აღრიცხვიანობაც დაინერგოს.

- რას გულისხმობთ? - ადრე მიწათმოქმედი აღნუსხავდა და დღესაც უნდა აღრიცხოს გლეხმა თუ ფერმერმა კლიმატის, ტემპერატურისა და ტენიანობის გავლენა აგროკულტურულ ღონისძიებებზე და ეს თავის მრავალწლიან საქმიანობაშიც გაითვალისწინოს. კარგი შედეგების მისაღწევად ეს აუცილებელია. ამას ფერმერებს რომ ვეუბნები, რეაქცია თითქმის არა აქვთ, არადა, ამის გარეშე წინ ვერ წავალთ.

ჩვენი ხალხი სამეურნეო საქმიანობისას ყოველთვის ითვალისწინებდა მთვარის, ვარსკვლავების მოძრაობას. დღეს ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში მომძლავრდა, ბევრ რამეს წინასწარ საზღვრავენ და პროგნოზირებენ, ამიტომ ისევ განათლებაა მთავარი იარაღი, რაც კაცობრიობას გადაარჩენს. FAO-ს ზემოხსენებული შემზარავი პროგნოზის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებისთვის მიწა საძებნელი გახდება. დიდი გამოწვევები გველის, რასაც იმედია, განათლებით დავძლევთ. სამწუხაროა, რომ ჩვენი ხალხი დღეს ამას გულს ვერ უდებს, არადა, ქართველ გლეხს ილია ჭავჭავაძე ინტელიგენტს უწოდებდა.

იანვარში თბილისში მზესუმზირა აყვავდა (?!)

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2080 წლისთვის ტაიგისა და ტუნდრის ტერიტორია შეიძლება სუბტროპიკულ ზონად გადაიქცეს! ეს ინფორმაცია ღიმილის მომგვრელად კი მომეჩვენა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადია, ჩვენთანაც საგრძნობლად შეიმჩნევა ტემპერატურული მატება. რაც ბრაზილიაში ან ავსტრალიაში ხდება, ჩვენს გარემოზეც აისახება