ექიმი ბუნების წიაღიდან - კვირის პალიტრა

ექიმი ბუნების წიაღიდან

"პარადოქსია, მაგრამ ბაობაბი, ჩინური ვაზი და ცაცხვი ერთ ოჯახში არიან"

ვისაც მწვანე მინდორში ან დაბურულ ტყეში მწვანედ მოხასხასე ცაცხვის ხე უნახავს, ამ შთაბეჭდილებას ვერასოდეს დაივიწყებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია ცაცხვი ზაფხულის დასაწყისში, როცა მისი ყვავილი მათრობელა სურნელს აფრქვევს და უამრავ ფუტკარს იზიდავს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უძველესი ცაცხვის ხეები ხარობს, ზოგიერთის ასაკი 400-500 წელია. ზოგი მათგანი კერძო ნაკვეთებს ამშვენებს, ზოგი - ველურ ბუნებას. საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე ამ მშვენიერ მცენარეზე გვესაუბრება.

- ცაცხვი საქართველოში ოდითგანვე დაფასებული მცენარეა. ჩვენში, ძირითადად, გავრცელებულია კავკასიური ცაცხვი, რომლის სიმაღლემ შეიძლება 25 მეტრს და მეტსაც მიაღწიოს. ეს ლამაზი, ახოვანი ხეა, რომლის ვარჯი ყველაზე კარგად მაშინ ვითარდება, როცა ის თავისუფალ ადგილას ხარობს. ცაცხვი ხშირად გვხვდება შერეულ ტყეებში, ყველაზე მეტად - მუხნარებში. საოცარი სანახავია ცაცხვი ყვავილობის პერიოდში: მისი ყვავილი მოთეთროა და განუმეორებელ სურნელს აფრქვევს. ეს სურნელი კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს მშვიდ ძილს და ბევრი სხვა დადებითი თვისება აქვს. ცაცხვს უძველესი დროიდან იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში. როცა ამ მცენარეზე ვსაუბრობთ, უპირველესად, მისი ყვავილობა გვახსენდება, მაგრამ მისი ყველა ნაწილი სასარგებლო და სამკურნალოა - ყვავილიც, ფოთოლიც, ქერქიც და კვირტებიც კი.

კავკასიური ცაცხვის გარდა, ხელოვნურ გამწვანებაში გამოყენებულია სხვა სახეობებიც, კერძოდ, ბაღებსა და პარკებში ძალიან ხშირად გვხვდება უნგრული ცაცხვი, რომელიც ჩვენი ცაცხვისგან ფოთლის ფერითა და აგებულებით განსხვავდება. მისი ფოთლები ღია ფერისაა, თითქმის თეთრი შეფერილობა აქვს. მსოფლიოში ცაცხვის 45 სახეობაა აღრიცხული. ამ მცენარეს დიდ პატივს სცემენ როგორც აზიაში, ასევე - ევროპაში. სხვათა შორის, ცაცხვი ადრე ცაცხვისებრთა ოჯახში შედიოდა, მაგრამ თანამედროვე ბოტანიკოსებმა ეს კლასიფიკაცია შეცვალეს. ადრე ოჯახებად გარეგნული ნიშნებისა და იერსახის მიხედვით ყოფდნენ, თანამედროვე სპეციალისტებმა კი მცენარეთა სისტემატიზაციას კრიტიკულად გადახედეს და ახლა დაყოფა გენეტიკურ დონეზე მიმდინარეობს, ამიტომ გენეტიკიდან გამომდინარე, ცაცხვი ბალბისებრთა ოჯახში აღმოჩნდა. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ბაობაბი, ჩინური ვაზი და ცაცხვი ერთ ოჯახში არიან.

- ცნობილია, რომ ცაცხვი საუკეთესო ხარისხის თაფლს იძლევა. რით გამოირჩევა ის სხვა მცენარეების თაფლისგან?

- ცაცხვის თაფლი გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერისაა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის კრისტალდება და თეთრი ხდება - ამას თაფლის დაშაქრებას უწოდებენ. ცაცხვის თაფლს არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. ცაცხვი, როგორც თაფლოვანი მცენარე, მეტად პროდუქტიულია - ცაცხვნარის 1 ჰექტარზე შეიძლება 500-1000 კილოგრამი თაფლი ავიღოთ. ეს არაჩვეულებრივი მცენარე ბუნებრივადაც არის გავრცელებულ და ფართოდ გამოიყენება ქალაქის ქუჩების ხელოვნურ გამწვანებაში. ის ბუნებრივ ანტისეპტიკურ მცენარედ არის მიჩნეული, რადგან შესაშური უნარი აქვს გაიზარდოს ქალაქის პირობებში, სადაც ჰაერის დაბინძურება მაღალია. ცაცხვს აქვს უნარი, მავნე ნივთიერებები შთანთქას და ნახშირორჟანგი გამოყოს. მარტო ამის გამოც არის ცაცხვი სასარგებლო მცენარე, თუმცა ის შეუცვლელია სამკურნალო თვალსაზრისითაც. ცაცხვი ოდითგანვე გამოიყენებოდა როგორც ოფლმდენი, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება; მას იყენებდნენ ჭრილობების მოსაშუშებლად, სისხლდენის შესაჩერებლად და ტკივილგამაყუჩებლად. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, კარგია დერმატიტის დროსაც. ცაცხვის ქერქისგან დამზადებული ჩაი კი საუკეთესოა ღრძილების დაავადების დროს. ნერვული აღგზნებისას ძალიან ეფექტიანია ცაცხვის ყვავილის ჩაი.

- როდის უნდა შევაგროვოთ ცაცხვის ყვავილი? - ცაცხვი ზაფხულში, ივნისში ყვავილობს, თუმცა, შეიძლება მისი ყვავილობა მაისის ბოლო დღეებშიც დაიწყოს. ყვავილობის ხანგრძლივობა დაახლოებით ორი კვირაა. ცაცხვის ყვავილები მშრალ ამინდში უნდა შეგროვდეს - დღის პირველ ნახევარში, ოღონდ გარეთ არც ნამი უნდა იყოს და არც - ნაწვიმი. ყვავილები არ უნდა შევაგროვოთ გზის პირებზე, რადგან მათ მავნე ნივთიერებები ექნება შთანთქმული. ყველაზე კარგია, თუ ცაცხვის ყვავილებს ტყეში ან ტრასიდან მოშორებულ ადგილას შევაგროვებთ. ყვავილები ჩრდილში უნდა გავაშროთ, რადგან მზეზე შეიძლება ბევრი სასარგებლო ნივთიერება დაიკარგოს.

- ყვავილებზე არანაკლებ ძვირფასია ცაცხვის მერქანი... - დიახ, საქართველოში ამ მასალისგან შესანიშნავ საწნახლებს ამზადებდნენ, რადგან ზოგიერთი ხის გარშემოწერილობა ორ მეტრს აღემატებოდა. წარმოიდგინეთ ამხელა ხე, რომელსაც ჭრიდნენ, გულს აცლიდნენ და საწნახლის ფორმას აძლევდნენ. ცაცხვის მასალის დამუშავება უფრო ადვილია, ვიდრე კაკლისა და მუხის. მას უფრო რბილი მერქანი აქვს. გარდა საწნახლისა, ცაცხვისგან ამზადებენ საუკეთესო კასრებს, სამზარეულოს ინვენტარს, დაფებსა და ავეჯის ნაწილებს.

- ცაცხვი მეფუტკრეობაშიც შეუცვლელი მცენარეა. როგორ უნდა გაახარონ ფერმერებმა ნერგები?

- დიახ, ეს საუკეთესო თაფლოვანი მცენარეა და როცა მეფუტკრეები მომთაბარეობას ეწევიან, ფუტკარი სპეციალურად გადაჰყავთ იმ ადგილებში, სადაც ცაცხვის ხეებია. ეს პერიოდი ორი კვირა გრძელდება და ამინდზეა დამოკიდებული. როცა კარგი ამინდები არ არის, შესაძლოა, ცაცხვის ყვავილობა დროზე ადრე დამთავრდეს. ცაცხვის ხეებს ხშირად მეფუტკრეები რგავენ. ეს მცენარე თითქმის ყველანაირ ნიადაგზე ხარობს, ყინვაგამძლეა და ზომიერ გვალვასაც უძლებს. დასარგავად 5-6-თვიან ნერგებს იყენებენ, რომ მალე გაიზარდოს და ყვავილობის ფაზაში მალე შევიდეს. ახლად დარგულ ნერგებს სამი წლის განმავლობაში მაინც სჭირდება მორწყვა და გაფხვიერება. სამი წლის შემდეგ მცენარე მოძლიერდება და ძალიან მალე შევა ყვავილობის ფაზაში. რა თქმა უნდა, სუფთა ცაცხვის თაფლი არ არსებობს; საერთოდ, არც ერთი მცენარის თაფლი არ არის მხოლოდ ამ მცენარისგან დამზადებული, მინარევები ყოველთვის არსებობს, მაგრამ მთავარი პროცენტული შემადგენლობაა - როდესაც თაფლში ცაცხვი მეტია, მას განსხვავებული არომატი, ფერი და საოცარი გემური თვისებები აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე