ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი დაფნის ექსპორტი მზარდია - კვირის პალიტრა

ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი დაფნის ექსპორტი მზარდია

"მითხრეს, საქართველოში ნაყიდ დაფნას თურქები მერე ევროპაში ყიდიანო. ეს გლეხისთვის ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა საწყენია, - თუკი ევროპაში ჩვენს დაფნაზე ასეთი მოთხოვნილებაა, ბარემ ჩვენ გავყიდოთ და არა თურქებმა!"

დაფნასა და მის სასარგებლო თვისებებზე თითქმის ყველას სმენია, ამიტომაც ფასობს ის ყველა ქვეყანაში. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა მეურნეობების ნგრევასთან ერთად, საქართველოში ამ კულტურით დაინტერესებასაც მოეღო ბოლო. დაფნის ბაღებს აღარავინ აშენებდა. ქართულმა დაფნამ "ბოლო ამოსუნთქვის" შენარჩუნება მხოლოდ იმის ხარჯზე მოახერხა, რომ რუსულ და უკრაინულ ბაზრებზე გადიოდა მცირე რაოდენობით. ოღონდ - ჩალის ფასად. თუმცა ამან ნარგაობის უმცირესი ნაწილი მაინც გადაარჩინა. წინდახედულმა მეურნეებმა ის მოიგეს, რომ დღეს დაფნის ფასი უკვე 5 ლარამდეა, თანაც ქართული დაფნის ექსპორტი არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც ხორციელდება. მაგალითად, 2017 წელს ევროკავშირში 74 ტონა დაფნა გავიდა და ამ ბაზარზე დაფნის ექსპორტი მზარდია - მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სუნელებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი არომატიზებულ მცენარეებსაც "გადასწვდა". ასე რომ, ქართული დაფნის არომატს დღეს არაერთ ქვეყანაში სცნობენ, მათ შორის, ევროპულ ქვეყნებშიც. ამის გამო ჩვენს ქვეყანაშიც დაფნის ბაღების გაშენება ბევრგან ხელახლა დაიწყო... დაფნის მოსავალს იღებენ მრავალწლოვან ხეებზეც, მაგალითად, სამტრედიის რეგიონში. აქ დაფნას ტრადიციულად, სოფელ გომის თემში შემავალ სოფლებში კრეფენ. არსენ თავაძე კი მათ შორის არის, ვინც მრავალწლოვანი დაფნის ხეები დღემდე მოიტანა.

- მე სწორედ სამტრედიელების იმ თაობის წარმომადგენელი გახლავართ, ვისაც სამტრედიაში დაფნის ჩაბარების ბუმი ახსოვს. იმიტომაც ვერ წააწყდებოდი ჩვენში ეზოს, სადაც დაფნა არ იყო გაშენებული. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც საბჭოთა ბაზარი გაუქმდა, ჩვენს დაფნას კანტიკუნტი კლიენტი მაინც შემორჩა რუსეთიდან. მართალია, მათი ნდობა ბოლომდე არ შეიძლებოდა, სეზონზე ნამდვილად მოვიდოდნენ თუ არა, არც ველოდით, მაგრამ გაღატაკებული სოფლისთვის დაფნა მაინც იმედი იყო. შემდეგ, როცა თხილის ექსპორტი გამოჩნდა, ხალხმა დაფნის ხეების დაჭრა და მის ადგილას თხილის გაშენება დაიწყო. დაფნა დაიტოვეს მხოლოდ მათ, ვინც ფიქრობდა, რომ ერთი კულტურის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა, ანდა მათ, ვისაც დაფნის ნარგაობა სხვა კულტურების გაშენებაში ხელს არ უშლიდა. დაფნა ხომ უპრეტენზიო მცენარეა, მის გვერდით რაც უნდა დარგო, არაფერს დაუშავებს. ზოგიერთს დაფნა იმავე თხილის პლანტაციებშიც აქვს გაშენებული. ეს ხალხიც და მეც ამისთვის საკუთარ თავს ვემადლიერებით, - დაფნა დღეს უკვე მატერიალურად სასარგებლო კულტურად იქცა. ხალხს კილოგრამ ხმელი დაფნის ფოთოლში 5 ლარს უხდიან, ეს კი არც ისე ცოტაა ჩვენთვის.

- დაფნის ფასები იზრდება მასზე მოთხოვნილების პარალელურად. ქართულ დაფნაზე მოთხოვნილება იზრდება როგორც რუსულ, ასევე ევროკავშირის ბაზარზე, ქართული დაფნა გავიდა, მაგალითად, ესპანეთში, ავსტრიასა და უნგრეთში... ასევ ბალტიისპირეთის ქვეყნებში. - ჩვენი დაფნა შუა აზიასა და ბელორუსშიც ძალიან მოსწონთ. რუსებსაც მისი ყიდვა ყოველთვის უნდოდათ. ახლა მას უკვე თურქებიც ყიდულობენ, თანაც ბევრს. მითხრეს, საქართველოში ნაყიდ დაფნას თურქები მერე ევროპაში ყიდიანო. ეს გლეხისთვის ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა საწყენია - თუკი ევროპაში ჩვენს დაფნაზე ასეთი მოთხოვნილებაა, ბარემ ჩვენ გავყიდოთ და არა თურქებმა! სხვათა შორის, უცხოელები ჩვენს სოფლებშიც დადიან დაფნის შესაძენად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რაიონში ბევრი დაფნის ხე არც არის დარჩენილი. ხალხმა ახლაღა დაიწყო ნარგაობის მოშენება. დაფნის ნერგი ადვილი გასახარებელია, თავისით ამოდის ჩამოვარდნილი დაფნის მარცვლიდან და ყველა ნიადაგზე შეგიძლია გადარგო. მზე უყვარს, მაგრამ ცოტა ჩრდილიც არაფერს ვნებს.

- ამბობთ, რომ რეგიონში ძირითადად დაფნის ძველი ხეებია შემორჩენილი, ცხადია, მათ ახალ ბაღებთან შედარებით ნაკლები მოსავალი ექნებათ. - დაფნის ხეს ერთი კარგი თვისება აქვს, თუ ხეს გადაჭრი, პირველ წელიწადსვე წამოუვა ხარისხიანი ფოთოლი, მეორე წელიწადს კი ნორჩი ფოთლის სრულ მოსავალს მოგცემს. ჩვენც ამას ვაკეთებთ, ძველ ხეებს მორიგეობით ვჭრით და ყოველ მეორე წელიწადს ყოველი ძირი დაფნიდან იმდენ ფოთოლს ვკრეფთ, რომ საბოლოოდ 4-5 კილოგრამი საუკეთესო ხმელი დაფნა დადგეს. ექსპორტიორები ნედლ დაფნასაც იბარებენ. რასაკვირველია, ნაკლებ ფასად, სამაგიეროდ, ყველა სამუშაოზე პასუხისმგებლობას თავადვე იღებენ, - დაფნას ტოტებიანად ჭრიან, ტოტები თავადვე მიაქვთ მიმღებ პუნქტებში. შემდეგ კი იქვე ახმობენ. გომის თემის სოფლებში სამი ჩამბარებელი პუნქტია, სადაც ყოველწლიურად 50 ტონა დაფნა ბარდება.

- რამდენადაც ვიცი, ბევრგან დაფნაზე არანაირი სამეურნეო ღონისძიებები არ ტარდება, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიებით არ მუშავდება. ეს, რა თქმა უნდა, მოსავლის რაოდენობას შეამცირებს. - ეგ მართალია, ყოველი ხიდან გაორმაგებულ მოსავალს მივიღებდით, დაფნისთვის თუნდაც სასუქი რომ მიგვეშველებინა. სამაგიეროდ, ჩვენი დაფნა ეკოლოგიურია. სწორედ ამიტომ იზრდება ქართულ დაფნაზე მოთხოვნილება ყოველნაირ ბაზარზე.