გოგონები "კენკროვანი ბიზნესიდან" - კვირის პალიტრა

გოგონები "კენკროვანი ბიზნესიდან"

ერთ მშვენიერ დღეს ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეს - ორმა ექიმმა და ერთმა ლინგვისტმა ახალგაზრდა ქალმა 7 ჰექტარზე კენკრის პლანტაცია გააშენეს. ყველაფერი დაიწყო იდეით, იდეას კი მოჰყვა ექსპერიმენტი - გორში 2000 კვმ-ზე გააშენეს 2 ჯიშის ჟოლო და ცდა წარმატებით დასრულდა.

შემდეგ ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტეს, მარნეულის რაიონის სოფელ ახალ მამუდლოში 7 ჰექტარი მიწა იყიდეს და ორგანული ჟოლო და მაყვალი დარგეს. ახალბედა ფერმერებმა სახელმწიფო პროგრამით "დანერგე მომავალი" 53.000 ლარიც მიიღეს და მალე ჟოლო ექსპორტზეც გაიტანეს - ჰოლანდიაში.

ია თოფურია ორი შვილის დედაა, პროფესიით ლინგვისტი უკვე ფერმერიც გახდა. როგორც ამბობს, დამღლელი კვირის შემდეგ ფიზიკური მუშაობა განტვირთვის საშუალებაა.

- რატომ გადაწყვიტეთ ფერმერობა და იმ საქმის კეთება, რაც დიდ შრომას მოითხოვს?

- ისეთი საქმე გვინდოდა, რომ ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავით. დიდი ფიქრის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა თეამ გადავწყვიტეთ გორში, სადაც თეას პატარა მიწის ნაკვეთი აქვს, ჟოლო გაგვეშენებინა. დიდად არ გაგვჭირვებია, გამოცდილებაც შევიძინეთ და ბიზნესის გაფართოებაზეც დავიწყეთ ფიქრი. ვეძებდით ისეთ ადგილს, სადაც კარგი მოსავლიანი მიწა იქნებოდა. რვათვიანი ძებნისა და ნიადაგის ანალიზის შემდეგ არჩევანი მარნეულზე შევაჩერეთ. 2017 წლის ნოემბერში დავიწყეთ ბიზნესი, მესამე წლისთავზე კი ჟოლო ექსპორტზე გავიტანეთ. ჟოლო უკვე 3,5 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული, 3 ჰექტარზეც - უეკლო მაყვალი, ამერიკული ჯიშები. გაშენებით დაწყებული და რეალიზაციით დამთავრებული, პრობლემა თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. გავიყვანეთ ელექტროენერგია, გავაკეთეთ სარწყავი სისტემა, ავაშენეთ დამხმარე შენობა-ნაგებობები. პრობლემა იყო მუშახელიც - კვალიფიციურიც გვჭირდებოდა და ადგილობრივების დასაქმებაც გვინდოდა. ჩვენი პროდუქტი ორგანულია, ყველა სამუშაო ხელით კეთდება, ამიტომ მუშახელიც ძვირია. მარტო სარეველასთან ბრძოლა თითქმის ორ კვირას გრძელდება.

შეღავათიანი აგროკრედიტის ასაღებად საჭირო გახდა სესხის უზრუნველყოფა. ბანკი მარტო მიწის ნაკვეთით ვერ რისკავდა სესხის დამტკიცებას. შესაბამისად, ბანკში სხვა რაღაცებიც ჩავდეთ.

- დღეს რამდენი გაგაქვთ ბაზარზე და სად მიდის პროდუქტი, რაც ვერ ან არ გადის საზღვრებს გარეთ? - პირველად ჰოლანდიაში 200 კგ ჟოლო გავგზავნეთ, მაგრამ ცოტათი შელახული ჩავიდა. გასაკვირი არც იყო, 3 ტრანსპორტი გამოიცვალა, ჟოლო კი 5-საათიან მგზავრობას თუ იტანს. საქართველოში თანამშრომლობა დავიწყეთ ფირმასთან, რომელსაც ორგანული ჟოლო ჰიპერმარკეტებში სავაჭრო ცენტრებში შეაქვს. რაც შეეხება გადამმუშავებელ ობიექტებს, ისინი ძალიან დაბალ ფასად იბარებენ კენკრას, წლეულს ლარ-ნახევრადაც გაუჭირდათ მაყვლის ჩაბარება. 1 კგ მაყვლის დაკრეფაში მუშახელს 1,20 ლარი უნდა გადაუხადო, 30 თეთრის მოგება კილოგრამზე მიზერული თანხაა. ამიტომ წლეულს ბევრ ფერმერს მაყვალი არც დაუკრეფია. ჟოლოს დაკრეფა 2,5 ლარი ჯდება, გადამმუშავებელი ქარხნები კი 3 ლარად თუ ჩაიბარებენ.

- რამდენ წელიწადს მსხმოიარობს ჟოლო და მაყვალი, როგორ გაიხარეს ნერგებმა და როგორი მოსავალი აიღეთ? - ნერგების სასიცოცხლო ვადა 15 წელია, სრულ მსხმოიარობამდე რომ მივიდეს, 3 წელი სჭირდება. მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა გასხვლა, მოწამვლა, ზაფხულში კი ყოველ მეორე დღეს მორწყვა. მოსავლის აღების სეზონზე ჟოლო ივნისიდან ოქტომბრის ბოლომდე იკრიფება, მაყვალი ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე. წლეულს დაახლოებით 4 ტონა ჟოლო და 6 ტონა მაყვალი დავკრიფეთ.

- რა ტექნიკა გაქვთ?

- ერთი ტრაქტორი, რომელსაც როგორც კულტივაციის, ასევე დახვნისა და შეწამვლის რეჟიმი აქვს.

- როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები თქვენს ბიზნესსაქმიანობას? - როდესაც ჩემი მეუღლე ჩავიყვანე და ვაჩვენე თითქმის დამთავრებული ბაღი, გაოგნდა, ვერ მიხვდა, როდის გავაკეთე ყველაფერი. მეუღლეები ვერ გვეხმარებიან, ვერ ახერხებენ ჩვენთვის დროის გამონახვას.

- როგორც ვიცი, სახელმწიფოსთან დავა გქონდათ, რადგან მაგისტრალს თქვენს ფართობზე უნდა გაევლო. როგორ დასრულდა დავა? - ამ საქმეში სხვადასხვა ორგანიზაცია ჩავრთეთ და გავიმარჯვეთ - მაგისტრალის გაყვანა ცოტა მოშორებით გადაწყდა. ახლა წყლის დეფიციტი გვაქვს და ეს ჩვენი მეურნეობისთვის დამღუპველია. გაგვიჩნდა მეორე პრობლემაც - ჩვენ გვერდით ააშენეს სათბურები, სადაც გასათბობად ყოველღამ წვავენ საბურავებს. ეს ეკოლოგიური კატასტროფაა, საფრთხე ექმნება ნაყოფს, გარდა ამისა, ახლოს არის სოფელი, რომლის მოსახლეობა მომწამვლელ ნივთიერებებს სუნთქავს. გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართეთ, ღამითაც დაადგნენ კვალზე, მაგრამ მაინც არაფერი შეცვლილა.

- ბიზნესის გაფართოებას თუ გეგმავთ? - ვაპირებთ ქარსაცავი ზოლის დამატებას და პატარა საწარმოს აშენებას, სადაც ნაკლებად ხარისხიან კენკრას გადავამუშავებთ. მეორეხარისხოვანი კენკრისგან შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელსაც მალე აუცილებლად გავუწევთ რეკლამას.

ზურა სოლომნიშვილი