დედალამაზიშვილების მწვანე კედელი
დედალამაზიშვილების მწვანე კედელი
"ბუნების სიყვარული და გარემოზე ზრუნვა მამაჩემისგან, სოსო ფალავანდიშვილისგან მოგვდევს მე და ჩემს შვილებს"

დედალამაზიშვილები ბუნების სიყვარულით და გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. როგორც გავარკვიე, გიგის სახლში, გარდა ქოთნის მცენარეებისა, მწვანე კედელიც აქვს, რომელიც საოცარ მიკროკლიმატს ქმნის, ამ ყველაფერს კი, როგორც ოჯახის უფროსი დიასახლისი, მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი გვეუბნება, მისმა მამამ და გიგის ბაბუამ, სოსო ფალავანდიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

- ბუნების სიყვარული და გარემოზე ზრუნვა მამაჩემისგან, სოსო ფალავანდიშვილისგან მოგვდევს მე, ჩემს შვილებს, ძმისშვილებს... ბუნებაში სასეირნოდ
დავყავდით და სულ გვეუბნებოდა, აი, შეხედეთ ამ ხეს, ნახეთ, რა ლამაზი ფოთლები აქვს... გვესაუბრებოდა იმაზეც, რომ მცენარეები სუნთქავენ, გველაპარაკებიან. არ არის აუცილებელი, მათი პასუხი გაიგონოთ, ისინი მადლობას სხვანაირად გვიხდიან. თუ დაინახავდა, რომ ვინმე ტოტს მოტეხდა, უსიამოვნოდ იშმუშნებოდა, ამბობდა, ხე ამ დროს რომ არ ყვირის, არ
ნიშნავს, რომ არ სტკივა; ისევე წუხს, როგორც ადამიანი, როდესაც რამეს მოიტეხს, ან რაიმე უზიანდებაო.
რეზო ინანიშვილის საბავშვო მოთხრობებს, სადაც ბუნება ლამის ერთ-ერთი მოქმედი გმირია, ხშირად გვიკითხავდა. დღემდე მახსოვს მისი მონათხრობიდან: "იცით, რატომ იცინიან ფოთლები? იმიტომ, რომ ქარი მათ ფეხისგულებზე უღიტინებს, ისინი კი ხარხარებენ..." რამდენჯერაც ფოთლების შრიალი მესმის, მამის მონათხრობი მახსენდება. ასე გავიზარდეთ ჯერ მე და მერე ჩემი შვილები.

- მამა რა პროფესიის იყო?
- დირიჟორი, პედაგოგი... დედას ბევრი ქოთნის ყვავილი ჰქონდა, ასევე ჩემს ძმისცოლს... მაგრამ მე ყვავილებს თითქოს არ მოვწონდი; ზუსტად ისევე ვუვლიდი, როგორც ჩემი რძალი, მაგრამ ვერც ერთი ვერ ხარობდა. გადავიტანდი თუ არა ჩემს რძალთან, ყველა ცოცხლდებოდა. მერე ჩემმა ძმამ მითხრა, ყვავილმა თქვა, მე თუ ვერ გავიხარე, შენ გაგახარებო და ცოტა დამამშვიდა.

- დიღმის მასივში ცხოვრობთ და როგორც მითხარით, დიღმის ტყე-პარკში უამრავი ხის დამრგველი და მომვლელიც მამათქვენი ყოფილა. ის ხეები ახლაც მშვენი­ვრად ხარობს...
- დიღომში საცხოვრებლად რომ გადავედით, ბუნებრივი ტყე იყო. რაც ახალბედა ხეები იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენთან ერთად გაიზარდა. ჩვენს ეზოში ხეები დედამ და მამამ დაგვარგვევინეს; სამეზობლოში ვინც ვართ, ფაქტობრივად, ყველას ჩვენი ხე გვაქვს. არის ნაძვები, ფიჭვები, ტყემლის ხე, თუთა...
90-იან წლებში უშუქობისას ქალაქში უამრავი ხე იჭრებოდა, მაგრამ არ მახსოვს, ჩვენს ოჯახს ხე მოეჭრას, მით უფრო - მამას. აგროვებდნენ ძირს დაყრილ გირჩებს, წვრილ ტოტებს და ამით თბებოდნენ. მოგვიანებით 60 ძირი ნაძვი მოიტანეს, მამას სთხოვეს, ხომ არ დარგავთო. ყოველდღე როგორც სამსახურში მიდიოდა, ასე მიდიოდა და უვლიდა იმ ხეებს. თავის ვედრო ჰქონდა - წყლით გაავსებდა და ყოველ ძირს უსხამდა წყალს. მერე გრძელი შლანგი იყიდა და იმით უნაწილებდა ხეებს წყალს.

ერთხელ მითხრა, ერთჯერადი ცელოფანები მჭირდება, ნაძვებს ლოკოკინები შეესია; ვაძრობ და ცელოფანში ვყრი; იქვე რომ დავყარო, ვიღაც ფეხს დაადგამს და მეცოდებაო. მტკვრის პირას მიჰქონდა და იქ ყრიდა. ერთ საღამოს დააგვიანა. სად იყავი-მეთქი, ვკითხე. ჩემს "მწვანე შვილიშვილებს" მივეფერე და იცი, წყალი რომ დავუსხი, რა მითხრეს? დიდი მადლობა, რომ გაგვზარდეო და ყურზე მომითათუნეს, ახლა ჩვენით გავიზრდებით, არ ინერვიულოო... მერე მამა ავად გახდა - დედას გარდაცვალება ვერ გადაიტანა. დედას იასამანი უყვარდა. იმ წელს, დედა რომ გარდაიცვალა, ის იასამანი არ აყვავდა და მამამ მითხრა, ეტყობა, დედასთან წავალო... რას ამბობ-მეთქი? არა, არა, უკვე დროაო და ერთ კვირაში გარდაიცვალა...

ახლა იმ ტყეში შვილიშვილები რომ დამყავს, იმდენი ხალხი მხვდება - ზოგი მამას ნამოწაფარი, ზოგიც მეგობარი და მიყვებიან ამბებს, რომელ ხეს როგორ უვლიდა, როგორ ესაუბრებოდა. იმხელა ნაძვებია უკვე, ჩემს პატარებს ზემოდან დაჰყურებენ.
დიღომში მუხნარიც არის. მუხასთანაც ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს და ისიც მამისგან მოგვყვება. მუხას უნდა ჩავხუტებოდით. ნახეთ, რამხელა ენერგიას მოგცემთ, ოღონდ ისე უნდა ჩაეხუტოთ, რომ იგრძნოთო, გვეუბნებოდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ენერგიას მართლაც გვმატებდა. მამის ისეთი მადლიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დეკორაცია არ არის. ბუნებასთან ასეთი ურთიერთობა და სიახლოვე ჩვენს სასიკეთოდ არის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის...

იმდენი სიკეთე მოაქვთ ჩვენს უტყვ მეგობრებს, მადლობა იმით მაინც გადავუხადოთ, რომ არ გავანადგუროთ, მწვანე საფარი რომ არა, ადამიანი ვერც იარსებებდა, ამიტომ მასზე როგორც შევძლებთ, ყველამ ისე უნდა ვიზრუნოთ.

- როგორც ჩანს, ეს სიყვარული გიგის გამოჰყვა... სახლში მწვანე კედელი აქვს...
- კი, ასე გამოვიდა... გიგისა და მის ცოლს, მარინასაც უყვართ მცენარეები. ქოთნის ყვავილებიც აქვთ. როცა ქალაქიდან გადიან, ქოთნები ჩემთან მოაქვთ. გამოვაზაფხულებ ხოლმე და მერე მიაქვთ.
მათი მწვანე კედელი, ცხადია, ყურადღებას მოითხოვს, თავის სარწყავი სისტემა აქვს, ავტომატურად ირწყვება. ზაფხულში წყლის სხვა რაოდენობა უნდა, ზამთარში - სხვა. ყვავილოვანი და ფოთლოვანი ლამაზი მცენარეებია იქ. ზოგიერთი შემოდგომით იცვლის ფერს. მოკლედ, მთელი კედელი ამ სილამაზეს აქვს დათმობილი. დაახლოებით 200-მდე ქოთანი აქვთ. თავიდან რომ დაამონტაჟეს, ქოთნები ჩანდა, მცენარეები რომ გაიზარდა, იქაურობა დაიფოთლა და სიმწვანე ერთმანეთში გადავიდა. ულამაზესი სანახავია მცენარეებით შემოსილი კედელი. სპეციალური განათებაც აქვთ და ისეთი საოცარი სანახავია, ვერ აღგიწერთ. ერთი სიამოვნებაა იქ ყოფნა და ამ ყველაფრის ყურება, თან საოცრად მამშვიდებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები