ბნელი ძალების მოციქული თუ წარმატების სიმბოლო - კვირის პალიტრა

ბნელი ძალების მოციქული თუ წარმატების სიმბოლო

"ყველაზე პატარა ღამურას წონა დაახლოებით 2 გრამია და ის ადამიანის ხელისგულზე ეტევა. ყველაზე დიდი ზომის ხელფრთიანს "მფრინავ მელიას" უწოდებენ და მისი წონა 1,6 კილოგრამია"

ღამურაზე ხალხში უამრავი ტყუილ-მართალი ვრცელდება. რატომღაც ბევრს ეშინია ამ პატარა ცხოველისა, რომელიც სინამდვილეში ძალიან უწყინარია და ადამიანისთვის მხოლოდ სარგებლობა მოაქვს. გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში დავით თაქთაქიშვილი.

- ღამურა იმ ცხოველების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ადამიანის თვალში უწმინდურ ძალებსა და ჯოჯოხეთთან არიან დაკავშირებული. ამის მიზეზი შეიძლება ღამურას უცნაური გარეგნობაც იყოს. ზოგიერთები ღამურას ვამპირებთანაც აიგივებენ, ალბათ, იმის გამო, რომ ღამურები ღამით არიან აქტიური. ფაქტია, რომ ადამიანებს ამ ცხოველზე არასწორი წარმოდგენა და სტერეოტიპები აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 21-ე საუკუნეა, ეს სტერეოტიპები დღემდე მძლავრობს. ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. ევროპაში ღამურას ბნელი ძალების მოციქულად მიიჩნევენ, ჩინეთში კი სრულიად განსხვავებული სურათია - ღამურა აქ წარმატების სიმბოლოა, ამიტომ მის გამოსახულებას ლატარიის ბილეთებზეც კი ბეჭდავენ. ჩინურ ენაში სიტყვები - "წარმატება" და "ღამურა" ერთნაირად ჟღერს. თუ სხვა თვალით შევხედავთ, მივხვდებით, რომ ღამურა სასარგებლო ცხოველია.

- რა თვისებები გამოარჩევს ღამურას სხვა ცხოველებისგან? - ხელფრთიანები - ეს არის მეცნიერული დასახელება იმ რიგისა, რომელსაც ღამურა მიეკუთვნება. პირველი ნამარხი ხელფრთიანის ასაკი, მეცნიერების აზრით, საშუალოდ 50 მილიონი წელია და ის ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იპოვეს. საუკუნეების განმავლობაში ამ ცხოველებს ბუნებრივი პირობების მიმართ საოცარი შემგუებლობა გამოუმუშავდათ.

მცდარია შეხედულება, რომ ღამურები ბრმები არიან. ყველა ღამურა ხედავს, ისინი სრულ სიბნელეშიც კი უშეცდომოდ იკვლევენ გზას და უსაფრთხოდ დაფრინავენ.

მსოფლიოში ღამურების ათასზე მეტი სახეობაა გავრცელებული. მათ შორის არიან დიდი ზომის ხელფრთიანებიც და ძალიან პატარებიც, რომელთა წონა დაახლოებით 2 გრამია და ადამიანის ხელისგულზე თავისუფლად ეტევიან. ყველაზე დიდი ზომის ხელფრთიანს "მფრინავ მელიას" უწოდებენ და მისი წონა 1,6 კილოგრამია. ხელფრთიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10-20 წელიწადია.

- რამეს მოასწავებს ღამურების სიმრავლე? ბევრი ფიქრობს, რომ ეს ცუდის ნიშანია. - ეს მხოლოდ ცრურწმენაა. რაც უფრო მეტია ღამურების რაოდენობა, მით უფრო ჯანსაღია გარემო და ჰაერი. ღამურა დიდი რაოდენობით მწერებს ანადგურებს.

ერთ ღამურას შეუძლია ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 3 გრამი კოღო შეჭამოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კოღოს წონა 0,002 გრამია, ადვილად შეიძლება წარმოდგენა, რამდენ კოღოს ჭამს.

ღამურა მავნე მწერების უკონტროლო გამრავლებას ხელს უშლის. ზოგიერთი სახეობა მცენარეთა თესლით იკვებება და სერიოზულ როლსაც ასრულებენ მცენარეთა დამტვერვაში. აღსანიშნავია, რომ მიგრაცია ხელფრთიანების რიგის 7%-ს ახასიათებს და ღამურების ამდენივე ნაწილი მიფრინავს, თუმცა მათი მიგრაციის მაქსიმალური არეალი 1000-2000 კილომეტრია.

- განსაკუთრებით ბევრი ღამურა საქართველოს რომელ რეგიონებში ბინადრობს? - ჩვენს ქვეყანაში 30-მდე სახეობის ღამურაა აღნუსხული. მათი ნაწილი შეიძლება მეზობელი ქვეყნებიდან იყოს შემოფრენილი.

საქართველოში მხოლოდ მწერიჭამია ღამურები ბინადრობენ. მათი გავრცელების არეალი ფართოა და მოიცავს ჭიათურისა და წყალტუბოს, სამეგრელოს, რაჭის, ზემო სვანეთის, დავითგარეჯის მღვიმეებსა და გამოქვაბულებს, ასევე ქვემო ქართლისა და კახეთის ტერიტორიას.

ღამურა ღამის ცხოვრებას ეწევა, ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესასწავლი მის ქცევაში. არსებობენ ღამურები, რომლებიც წვრილი ძუძუმწოვრებითა და თევზებით იკვებებიან; არსებობენ "ვამპირი" ღამურებიც, მაგრამ ამ სახელმა არ უნდა შეგვაშინოს. ისინი გავრცელებული არიან მექსიკიდან არგენტინამდე და ძუძუმწოვარი ცხოველების სისხლით იკვებებიან, თუმცა ისეთი მცირე რაოდენობით, რომ ცხოველს ზიანს არ აყენებს, პირიქით, ღამურას ნერწყვი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სისხლის შედედებას უშლის ხელს და მათ ჯანმრთელობაზე სასიკეთოდაც კი მოქმედებს.

ღამურა ცნობილია სრულ სიბნელეში ნადირობის განსაცვიფრებელი უნარით, რაც ექოლოკაციის დამსახურებაა: ხელფრთიანებს აქვთ სმენის თავისებურება - ნებისმიერი მცირე ჩქამიც კი ექოს პრინციპით უკან უბრუნდებათ, ამიტომ ღამურას სიბნელეში ზუსტად შეუძლია განსაზღვროს ირგვლივ მყოფი საგნების სიდიდე, განლაგება და გადაადგილება...

ამ თვისების წყალობით ღამურა უმცირესი ზომის მწერებსაც კი იოლად იჭერს და ჭამს. წარმატებულ ნადირობას ხელს უწყობს ისიც, რომ ღამურები დიდ კოლონიებად ცხოვრობენ და კომუნიკაციის განსაკუთრებული "ენა" აქვთ. სპეციფიკურ ხმებს გამოსცემენ ღამურას ნაშიერებიც. დედა მათ ხმას ათასი ღამურას ხმისგან გამოარჩევს და უშეცდომოდ პოულობს.

- როგორ მრავლდებიან ღამურები? - ერთი მდედრი წლის განმავლობაში ერთ ან ორ ნაშიერს შობს - ეს გამრავლების დაბალი ტემპია და ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ამ ცხოველის რაოდენობა თანდათან იკლებს და ის წითელ ნუსხაშია შეტანილი. ღამურას ზამთრის ძილი უყვარს და ამ დროს შეუძლია საკვების გარეშე გაძლოს. ძირითადად, მღვიმეებსა და გამოქვაბულებში იზამთრებენ, სადაც დიდ კოლონიებად იკრიბებიან. ძილის დროს ერთმანეთს ეკვრიან და ათბობენ.

- რა უარყოფითი თვისებები აქვთ? - კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ღამურები საშიში დაავადების - ცოფის გადამტანები არიან, ამიტომ თუ ღამურა ადამიანს გაკაწრავს ან უკბენს, მან აუცილებლად სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიაკითხოს.

აღსანიშნავია, რომ საშიში ვირუსები ღამურას ვერაფერს აკლებს და ეს განპირობებულია იმით, რომ ფრენის დროს მათი სხეულის ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს - დაახლოებით 40 გრადუსამდე, ამ ტემპერატურაზე კი ბევრი ვირუსი და მიკრობი იღუპება.

სამაგიეროდ, როცა ღამურა სხვა ძუძუმწოვარს უკბენს, ეს მიკრობები მსხვერპლის სხეულში გადაინაცვლებს, რადგან სხვა ცხოველების სხეულის ტემპერატურა გაცილებით დაბალია. ალბათ, ღამურების მიმართ შიში ამითაც არის გამოწვეული. მართალია, საქართველოში მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესია არ შეინიშნება, მაგრამ მათ მაინც დიდი საფრთხე ექმნებათ საბინადრო ადგილების განადგურებით. ამას ხელს უწყობს მღვიმეებში ტურისტებისა და სპელეოლოგების აქტიურობა და ისიც, რომ ადამიანები ხშირად ჭრიან ფუღუროიან ხეებს, სადაც ღამურები ბინადრობენ. მათ პოპულაციას ძალიან აზიანებს ადამიანების მიერ პესტიციდებისა თუ სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენება.

- ამბობენ, რომ ღამურა შეიძლება ადამიანს თმაში ჩააფრინდეს და აღარ მოშორდეს... როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი ღამურა სახლში შემთხვევით შემოფრინდება?

- ამ დროს არ არის საჭირო ზედმეტი პანიკა და ყვირილი, რადგან ღამურა ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მსგავსი ფაქტები უფრო აგვისტო-სექტემბერში ხდება, როცა ახალგაზრდა ღამურები ფრენას იწყებენ. ისინი გამოუცდელი არიან, გზას ვერ იგნებენ და მათი შემოფრენაც სრულიად შემთხვევითი მოვლენაა. არც ერთი ღამურა არ ცდილობს ადამიანის საგანგებოდ დაკბენას. ასეთ დროს შუქი უნდა ჩავაქროთ და ფართოდ გავაღოთ იმ ოთახის ფანჯრები, სადაც "გზააბნეული" ღამურა იმყოფება. სხვა ოთახებში გასასვლელი კარებიც უნდა დავკეტოთ და დაველოდოთ. ღამურა ცოტა ხანს იფრენს, ოთახში იტრიალებს და გარეთ გაფრინდება. მცდარია შეხედულება, რომ ღამურას თმაში ჩაფრენა შეუძლია. ეს შემთხვევითობაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც თმაში ჩაგაფრინდებათ, უნდა ჩაიცვათ სქელი ხელთათმანი და ძალიან ფრთხილად ამოიყვანოთ, მერე ფანჯარასთან მიიყვანოთ და გაუშვათ. არ შეიძლება ღამურას მიწაზე დაგდება, რადგან ვეღარ აფრინდება და შეიძლება რომელიმე მტაცებელი ცხოველის მსხვერპლი გახდეს. კიდევ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ვინაიდან ფრთებში ძალიან თხელი და სუსტი ძვლები აქვს, ხელი ძალიან ფრთხილად უნდა მოვკიდოთ, რომ არ დავაზიანოთ. თუ უნებლიეთ გაგვკაწრავს, ექიმს უნდა მივმართოთ - ღამურა უწყინარი არსებაა და ეს ერთადერთი საშიშროებაა, რომელიც შეიძლება ადამიანს შეუქმნას.

ხათუნა ჩიგოგიძე