მარნეულის სათბურებმა მზე "დაისაკუთრეს"
მარნეულის სათბურებმა მზე "დაისაკუთრეს"


ადამიანის ძალისხმევა, მოერგოს გარემოსა და ბუნებრივ პირობებს, სოფლის მეურნეობაში საუკეთესოდ ჩანს - კლიმატური პირობების შესაბამისად გამოყვანილ ახალ ჯიშებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიებიც ძალიან სწრაფად ჩნდება, მათ შორის, სათბურებიც. სოფლის მეურნეობაში სათბურები გამოსავალია როგორც მოსავლის გადასარჩენად, ასევე უხვმოსავლიანობისთვის. თუმცა სათბურების ენერგოსაშუალებებით გათბობა პრობლემებსაც უკავშირდება - ენერგომატარებლების გაძვირებასთან ერთად იმატებს სათბურში მოყვანილი პროდუქციის ფასიც, მაგრამ არსებობს ისეთი სათბურიც, რომელსაც არ ესაჭიროება­ გათბობა და ისეთი ბუნებრივი და ჯერჯერობით უფასო საშუალება ათბობს, როგორიც მზეა. მართალია,
ასეთ სათბურს ღრუბლიან და ნესტიან მხარეში ვერ გამოიყენებ, მაგრამ არის ადგილები, სადაც მზე მუდამ კაშკაშებს და სოფლის მეურნეობისთვის საუკეთესო ნიადაგიც არის. ასეთი სწორედ მარნეულის მუნიციპალიტეტია - აღმოსავლეთ საქართველოს მარცვლეულისა და ბაღჩეულის ბეღელი. აქ მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურების გამოყენება დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყეს. ტექნოლოგიის დანერგვაზე
ჩინელი კონსტრუქტორები მუშაობდნენ. ამ ქვეყანაში არაერთი მზიანი პროვინციაა, სადაც ამ სათბურებმა ფერმერებს დიდი ეკონომიკური მოგება­ მისცა. შესაბამისად, მათი სწორად გამოყენების წყალობით კარგი შედეგი მარნეულელ ფერმერებსაც აქვთ. "სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს" ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი გერონტი სივსივაძე სათბურების დანერგვასა და გამოყენებას თვალყურს თავიდანვე ადევნებდა.

- მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურის იდეა ძველია - მეცნიერები ზამთრის მზის სითბურ ენერგიად გარდაქმნაზე გასული საუკუნის დამდეგისთანავე დაფიქრდნენ. მათმა შრომამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ შეიქმნა მცირე ზომის მზის სათბურები, თუმცა იმთავითვე ფართოდ არ დანერგილა. ზოგ ადგილას მათ ზამთარში ჩითილის გამოსაყვანად იყენებდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ არსებობდა სათბურების დამათბობელი სრულყოფილი ხელოვნური ქსოვილები, რომლებსაც მზის ჩასვლის წინ სათბურს გადააფარებდნენ. არადა, მზის ჩასვლის წინ სათბურები აუცილებლად უნდა დაიფაროს სითბოს შემანარჩუნებელი ქსოვილით. პირველად სათბურებს ჭილოფებით ხურავდნენ, რომელთა გამოყენება მთლად შედეგიანი არ იყო, მოგვიანებით კი, როცა ეფექტიანი ხელოვნური ქსოვილები შეიქმნა და ტექნოლოგიებიც გაუმჯობესდა, ჩინელებმა მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურების ზომები გაზარდეს და იმ პროვინციებშიც დანერგეს, სადაც უმეტესად მზიანი ამინდია. დღეს ასეთი სათბურები სიგანით 10 მეტრი, სიგრძით კი 100 მეტრია, მზის ჩასვლის წინ, დაახლოებით 4 საათისთვის, სქელი ხელოვნური ქსოვილი მათ ავტომატურად გადაეფარება. რასაკვირველია, ასეთ ტექნოლოგიას ყველგან ვერ გამოიყენებ, მარნეულის მუნიციპალიტეტი კი ამისთვის შესაფერისია - აქ წელიწადში თითქმის 300 დღე მზიანია. ჩინურმა კომპანიამ ამ ტექნოლოგიის დანერგვა მარნეულში დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო და დღეს ასეთი სათბურები ბევრ სოფელშია.

- უფრო დეტალურად ავხსნათ ის მექანიზმი, რომლის წყალობითაც მზე სათბურს ათბობს.
- მზის ენერგიის ყოველი მხრიდან მისაღებად სათბურები დამრეცად შენდება. სათბურის ცალი გვერდი ფიქსირდება 1 მეტრ სიღრმეზე ამოთხრილ მიწაში, სათბურის მოპირდაპირე გვერდებს კი მიწა 3 მეტრზე შემოეყრება. სწორედ ეს შემოყრილი მიწა ინახავს მზით მიწოდებულ სითბოს ისე, რომ ზამთარში სათბურში ტემპერატურა 25-30 ცელსიუსამდეც ადის. ეს ნიშნავს, რომ ასეთ სათბურს ზამთარში ენერგომატარებელი არ სჭირდება. შესაბამისად, მოსავალიც დანახარჯის გარეშე მოდის. სხვათა შორის, მიწის შემოყრის ნაცვლად, მზის სათბური შეიძლება აგურის კედლებითაც მოვაწყოთ, ეფექტი იგივე ექნება, თუმცა ეს გაცილებით ძვირი დაჯდება. მზის სათბური 30.000 დოლარამდე ჯდება, თუმცა ინდუსტრიული სათბურები ამაზე ორჯერ ძვირია, რასაც ენერგომატარებლებით გათბობის დიდი დანახარჯიც ემატება.

- ამ სათბურებს უსათუოდ დასჭირდება ტემპერატურის ან ტენიანობის ბალანსის­ დაცვა, რათა მოსავ­ალი არ გაფუჭდეს.
- რასაკვირველია. სხვათა შორის, მათი ათვი­სება არ იყო ადვილი და ზოგიერთმა ხელი ჩაიქნია. ბევრიც არ შეეშვა და უკვე საქმეს აკეთებს. ამის მაგალითად ფერმერ მაგარლან მამედოვს­ დავასახელებ. ამ კაცს პირველ წელს, დიდი შრომის მიუხედავად, პამიდორი გაუფუჭდა. მოსავალს ეტყობოდა, რომ მავნებელი ჰყავდა. გამადიდებლებით დავათვალიერეთ და სოკოვანი დაავადება აღმოაჩნდა, რისი დარეგულირებაც მხოლოდ მზის ენერგიის სათბურების სწორი გამოყენებით შეიძლება - სოკოს ასაცილებლად სათბურის თანამიმდევრული განიავებაა საჭირო. მაგრამ ეს ფერმერი მიზანდასახული გამოდგა და მზის ენერგიის სათბურების მომსახურება კარგად შეისწავლა. ახლა მას 10 სათბური აქვს იჯარით აღებული. მათგან ექვსს ამუშავებს და დღეს, იანვარში, თითოში 15 ტონა პამიდორი მოჰყავს. 1 კილოგრამს ადგილზევე 4 ლარად ყიდის.

- რაც წელიწადში თითქმის ნახევარი­ მილიონი ლარის შემოსავალია, ენერგომატარებლების ხარჯის გარეშე. მარნეულის აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა მართლაც გამოირჩევა ბაღჩეულ კულტურებზე დაუღალავი შრომით.
- მუნიციპალიტეტში ფერმერები, რა თქმა უნდა, ქართულენოვან მოსახლეობაშიც ბევრი გვყავს. ფერმერული მეურნეობის შემოსავალმა ხალხი დააინტერესა. ცოტა ხნის წინ წავაწყდი ერთ-ერთ სოფელში მზის ენერგიაზე მომუშავე ახალ სათბურს. მეპატრონეებს ახლახან უყიდიათ და უკვე პამიდორიც ჰქონდათ დარგული. თუმცა იქაურობა რომ დავათვალიერე, შევწუხდი, იმდენი რამ ჰქონდათ დარღვევით გაკეთებული. რა თქა უნდა, ავუხსენი, რაც უნდა გაეკეთებინათ. ასე რომ, ცოდნის და შრომის გარეშე არც წარმატება გვექნება და არც კარგი ცხოვრება. კარგი იქნება, თუ ქართველი ხალხი ამაზე დაფიქრდება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა