როგორ დავაწინაუროთ ცხოველთა ფერმა
როგორ დავაწინაუროთ ცხოველთა ფერმა
"ამ პროდუქტის სიკეთე ის არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული და მის უვნებლობაში რომ დავერწმუნებინეთ, ფხვნილი ენაზე დაიყარეს. ასე რომ, ქიმიასა და რამე მავნე ნივთიერებას არ შეიცავს, პირიქით, საქონლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელიც არის..."

დათო გიგუ­ა­შვილი წლების განმავლობაში ჩვენი კომპანიის დირექტორი გახლდათ. ახლა დამწყები ფერმერია, თუმცა უკვე კარგი შედეგები და საქმეში საინტერესო, ეფექტიანი მიგნებებიც აქვს. როგორც ამბობს,­ თანამედროვე, შედეგიანი სოფლის მეურნეობა დამხმარე ბიოსაშუალებების გარეშე უკვე
ძნელად წარმოსადგენია. მათ შესახებ ჩვენს მკითხველს ბატონი დათო მოუთხრობს.

- ბავშვობიდან მინდოდა ჩემი ფერმა მქონოდა, რასაც "კვირის პალიტრის" დირექტორობისას უდროობის გამო ვერ ვახერხებდი. მას მერე, რაც "კვირის პალიტრიდან" წამოვედი, ბავშვობის სურვილი­ ავისრულე - ლილოში დიდი ფერმა შევიძინე, სადაც მეძროხეობა-მეღორეობის კომპლექსი მაქვს. მხოლოდ სელექციით ვარჩევთ პირუტყვს.
ხარისხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. სახორცე მიმართულებაზე ორიენტირებული არა ვართ, მხოლოდ სარძევეზე, და მაღალხარისხიან, ეკოლოგიურად სუფთა ყველს ვამზადებთ, მორჩენილმა შრატმა კი იმისკენ გვიბიძგა, რომ ღორებიც შეგვეძინა. ყველის ამ ნარჩენით ღორებს ვზრდით და შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა ხორცს ვიღებთ.

- ადვილია ღორების შენახვა?
- ღორის მოშენებამ პრობლემა იმ მხრივ გააჩინა, რომ საშინელი სუნი წარმოშვა, ამით მეზობლებიც შეწუხდნენ. ამის გამო ისეთი პროდუქტის ძებნა დავიწყეთ, რითაც სუნის მოსპობას შევძლებდით და "ბიოსაიდის" პროდუქციას მივაგენით. ეს არის ბიობაქტერია (ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერია), რომელიც სპობს ფეკალიასა და მის სუნს და ამასთან, გამოყოფს­ სითბოს - ცხოველი თბილად არის. ეს პროდუქტი სამი წლის განმავლობაში მუშაობს, ოღონდ კვირაში ერთხელ გადაბარვა სჭირდება, რათა ბაქტერიას ჟანგბადი მივაწოდოთ.

- ანუ სამ წელიწადში ერთხელ ყრით და კვირაში ერთხელ ბარავთ?
- კი. 1 კილოგრამი 20 კვმეტრს ჰყოფნის. არსებობს სხვადასხვანაირი ხარისხის - სუსტი, ძლიერმოქმედი, სითბოს მეტად გამომყოფი - გააჩნია, ფერმერს როგორი ვითარება აქვს.

- ძვირი ჯდება?
- 1 კილოგრამის ფასი 250-დან 300 ლარამდეა, ბითუმად თუ იყიდი, ფასდაკლებებია. ამ პროდუქტის სიკეთე ის არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული და მის უვნებლობაში რომ დავერწმუნებინეთ, ფხვნილი ენაზე დაიყარეს. ასე რომ, ქიმიასა და რამე მავნე ნივთიერებას არ შეიცავს, პირიქით, საქონლის ჯანმრთელობისთვის აუცილებელიც არის... არის სადეზინფექციო საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოა და ნიღბის, ხელთათმანებისა და ყოველგვარი შეფუთვის გარეშე შეგიძლია დახურულ შენობაში გამოიყენო, ისე, რომ ცხოველი გარეთ არ გაიყვანო.

მოკლედ, გარდა იმისა, რომ ბუზებს და მავნე მწერებს ხოცავს, არავითარი უკუჩვენება არ გააჩნია. გვაქვს საკვები დანამატებიც, რომლებითაც შეგვიძლია პირუტყვი უფრო ხარისხიანი გავხადოთ.

- როგორ?
- საკვები დანამატის წყალობით პირუტყვის მუცლის ღრუშივე ხდება საკვების 100%-ით გადამუშავება. ექსკრემენტს სუნი მაშინ აქვს, როცა გადაუმუშავებელი საკვები ნარჩენების სახით გამოდის გარეთ, ეს პრეპარატები კი პირუტყვს საკვების მაქსიმალურად ათვისებაში ეხმარება, აგრეთვე, მიკროფლორის გაუმჯობესება-აღდგენაში. ძროხებზე ვცადეთ და შედეგმა გაგვაოცა - ბიობაქტერიის მიღების შემდეგ ცხიმიანობამ ისე აიწია, 5 ლიტრი რძისგან 1 კილოგრამ ყველს ვიღებთ, მანამდე კი ამისთვის 9-10 ლიტრი იყო საჭირო. ამ შედეგს, ალბათ, ნებისმიერი­ ფერმერი­ ინატრებს. სხვათა შორის, ამ დანამატს ღორებს არ ვაჭმევთ, რადგან დიდ კომპანიებთან გვაქვს­ კონტაქტი და საკვების ნარჩენებს გვაძლევენ, იმ ნარჩენებში კი ბიობაქტერიის გარ­ევა ძნელია. ღორს მხოლოდ ძუძუს მოცილებიდან 1 თვის განმავლობაში ვაძლევთ და ისიც სწრაფად აღწევს მაქსიმალურ ზომას... არის კიდევ ნაკელის კომპოსტი.

- უფრო დაწვრილებით მოგვიყევით.
- თვეობით უყრიათ ნაკელი ეზოში, სად წაიღონ, არ იციან, ამისთვის კი სპეციალური ბიობაქტერია არსებობს, რომლის საშუალებითაც (მისი გარევით) 2 კვირაში მისი გადამუშავება, ე.წ. გადაწვა ხერხდება. ამის შემდეგ შეგიძლია გაიტანო ვენახში, ბაღში და ხეხილს დაუყარო. ის, რასაც წელიწად-ნახევარი სჭირდება, რომ მზისგულზე, ჰაერზე გამოიწვას, ამ ხერხით 2 კვირაში გვარდება. ბიობაქტერიის მეშვეობით მისი გადამუშავება ხდება და ვიღებთ მაღალკალორიულ, მაღალხარისხიან ორგანულ სასუქს.

- ე.ი. ფერმერს ადგილზევე შეუძლია მაღალკალორიული ორგანული სასუქის მიღება, რომლის მსგავსიც საქართველოში ნაკლებად იყიდება?
- დიახ. ამასთან, კანონმდებლობით აუცილებელია, ყველა ფერმას ჰქონდეს საკანალიზაციო ჭა, რომლის გატანა და მოცილება შემდგომში უჭირთ. ამისთვისაც არსებობს საშუალება, რომ მისი მძაფრი სუნი ბიობაქტერიის მეშვეობით გაქრეს. მაგალითად, არსებობს პატარა ტბები, სადაც უშვებენ ფეკალიებს, რაც მათ აბინძურებს, ბიობაქტერიის დახმარებით კი წყალი ანკარა ხდება და დაჭაობებისგანაც იცავს. არის ასევე ძველი საკანალიზაციო მილების საწმენდი ბიობაქტერიაც. იმ მილებს, რომლებშიც წყალი ნაკლებად გადის, ის წლობით დაგროვილი ნალექისა და ჭუჭყისგან ასუფთავებს.

ჩემს ფერმასთან ახლოს ნაგავსაყრელია. იქიდან წამოსული სუნი აეროპორტამდე ჩადის. თუ სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება, რომ ეს სუნი მოისპოს და ნაგვის რაოდენობაც ამ კომპოსტის დახმარებით შემცირდეს, კარგი საქმე იქნება. ამ ხერხს დიდ ქალაქებში უკვე დიდი ხანია მიმართავენ. მას ნაგვის შეტანის დროს ყრიან. სუნსაც ანეიტრალებს და რაოდენობასაც ამცირებს - ყველაფერს გადაამუშავებს.

- ამ ბიობაქტერიის შემოტანის ექსკლუზიური უფლება თქვენს კომპანიას აქვს?
- დიახ, კომპანია დავაფუძნე, რომელმაც ყველა ზემოაღნიშნული ბიოპროდუქტის საქართველოში შემოტანისა და გაყიდვის უფლება მოიპოვა. პროდუქტი ხელმისაწვდომია თბილისის ვეტერინარულ მარკეტებში, მაღაზიებში, სადაც აგრომეურნეობისთვის საჭირო საშუალებები იყიდება და ასევე, რეგიონების ვეტერინარულ მაღაზიებშიც. ჩვენ ვართ ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენლები.

- ფერმერულ საქმიანობაში ხელს რა გიშლით?
- სახელმწიფოსგან თანადგომა არა გვაქვს. 5-6 ფერმა ვიცი, რომლებიც დაიხურა. ფერმერები, რომლებიც ნატურალურ პროდუქტს აწარმოებენ, ისპობიან. არ არსებობს პროგრამა, რომ ფერმერს დაეხმაროს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გრანტზე მივედი, მაგრამ უარით გამომისტუმრეს, ლილო სამგორის რაიონს ეკუთვნის, თბილისელი ხარ და დედაქალაქს ვერ ვეხმარებითო.

არც ბანკმა მოგვცა ფული, რადგან ის კრედიტს იძლევა მხოლოდ ევროპაში საქონლის შესაძენად. არადა, გვყავს ქართული, ხელოვნურად განაყოფიერებული ჯიშები, რომლებიც ადაპტირებული არიან ჩვენს ბუნებრივ პირობებთან, ნაყოფიერებითა და კალორიულობით არაფრით ჩამოუვარდებიან, თუ არ სჯობნიან ევროპულ ჯიშებს.

უკვე მესამე წელიწადია, ყველაფერს ჩემი ხარჯით ვაკეთებ. ვინც ჩემი ყველის გემო გაიგო, ამოყვანას ვერ ავუდივართ, დღეში 50-60 კილოგრამზეა მოთხოვნა და 15-20 კილოგრამი მაქვს.
ასე რომ, საქმეში თუ რაიმე ახალი არ შეიტანე, ნაბიჯს ვერ გადადგამ. ზოგიერთმა ფერმები იმის გამო გაანადგურა, რომ ბიოპრეპარატებს გაურბიან. სიახლეები უნდა დავნერგოთ, ევროპის ბაზარს ავყვეთ. ამასთან, აქცენტირება უნდა იყოს ქართულ ბაზარსა და ქართულ პროდუქციაზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა