ღამის თავისუფალი მგალობელი - კვირის პალიტრა

ღამის თავისუფალი მგალობელი

ბულბულის ხავერდოვან, მშვენიერ გალობას მწერლები და პოეტები საუკუნეების განმავლობაში ასხამდნენ ხოტბას. ამბობენ, რომ ძველ რომში ბულბულის ენისგან დელიკატესს ამზადებდნენ - ერთი ულუფისთვის მზარეულს თურმე ასეულობით ბულბული სჭირდებოდა. საბედნიეროდ, დღეს ის სანადირო ფრინველად აღარ არის მიჩნეული და ბულბულების რაოდენობა მსოფლიოში არცთუ მცირეა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ევროპაში მათი რიცხვი 20 მილიონს აღწევს. ამ უპირველესი მგალობელი ფრინველის შესახებ ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი მოგვითხრობს.

- ხალხს ჰგონია, თუ ფრინველი ლამაზად გალობს, აუცილებლად ბულბულია, ამიტომ ზოგჯერ მის ხმას შაშვის ან ტოროლას ხმაში ურევენ.

ბულბული აქტიურობას ღამით იწყებს, ის იმ ფრინველების კატეგორიას ეკუთვნის, რომლებიც ღამით გალობენ. მართალია, ზოგჯერ დღისითაც გალობს, მაგრამ იშვიათად, ის მაინც უფრო ღამის ფრინველია.

სხვათა შორის, ბულბულის გალობა მარტო რეგიონებში კი არა, თბილისის გარეუბნებშიც მომისმენია.

- ცნობილია, რომ ბულბული გადამფრენი ფრინველია. როდის არის ის საქართველოში?

- ბულბული საქართველოში მხოლოდ თბილ სეზონზე ბუდობს, გამოსაზამთრებლად კი სამხრეთ აფრიკაში მიფრინავს. ბულბული მწერიჭამია ფრინველია და ზამთარში სამხრეთისკენ მიფრინავს, რადგან წელიწადის ცივ პერიოდში აქ მისი საკვები აღარ მოიპოვება. გაზაფხულზე, აპრილის მიწურულს ან მაისში ბრუნდება და თბილ თვეებს ჩვენთან ატარებს. მაისის დამდეგს თუ არა, მაისის მეორე ნახევარში მაინც ბულბულები საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩნდებიან. ეს ფრინველი ყველანაირ ტყეში ბუდობს, ხშირ თუ მეჩხერ ტყეებში, პატარა კორომებში, ბაღებში, პარკებში, სკვერებში და სხვა, უფრო დაბალი ბუჩქნარები მოსწონს.

საქართველოში 2 სხვადასხვა სახეობის ბულბული გვხვდება: ერთი უფრო ჟანგისფერი შეფერილობისაა და მას სამხრეთულ ბულბულს ეძახიან, მეორე კი - აღმოსავლური ბულბული, რომელიც შედარებით მოყავისფრო-მუქია. ეს სახეობები ხშირად შემხვედრია ივრისა და არაგვის ჭალებში, ვაშლოვნის ეროვნულ პარკში, ჭაჭუნას აღკვეთილსა და სხვა ადგილებში. თბილისის შემოგარენში ისე მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ მაინც გვხვდება. ბულბული მთელ ზაფხულს ჩვენთან ატარებს და წელიწადში ერთხელ ბუდობს. ბარტყების გაზრდის შემდეგ ცოტა ხანს რჩება საქართველოში და აგვისტოს მიწურულს კვლავ სამხრეთისკენ მიფრინავს.

- ამბობენ, ბულბული მხოლოდ შეწყვილების პერიოდში გალობსო.

- არა, ის მხოლოდ შეწყვილების დროს არ გალობს, თუმცა ამ დროს უფრო აქტიურია. ხშირად გვეკითხებიან, რამდენი ბულბულია საქართველოშიო, მაგრამ მათი რაოდენობა ზუსტად აღრიცხული არ არის. მიზეზი მარტივია: ამ ფრინველის კვლევა არ მიმდინარეობს. ორნითოლოგები უფრო იშვიათ ფრინველებს ვაკვირდებით, რადგან კვლევის ჩატარება ფინანსებზეა დამოკიდებული. მართალია, ზოგიერთ ფრინველს ჩვენი სახსრებითაც შევისწავლით, მაგრამ უფრო გადაშენების პირას მყოფ სახეობებს. ისინი ცოტანი არიან და მათი დათვლა გაცილებით მარტივია, ბულბული კი მსოფლიოში გავრცელებული ფრინველია, მასზე არ ნადირობენ და დიდი საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ მისი შესწავლა არ მიმდინარეობს.

- ვინ ემტერება ბულბულს ყველაზე მეტად? - მტაცებელი ფრინველები, თუნდაც მიმინო: ბულბული მისთვის შესანიშნავი საკვებია; გველები, შეიძლება გარეული კატის ან მელიის მსხვერპლიც გახდეს, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებაში დაბალანსებულია და მშვენიერ მგალობელს გადაშენების საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. სხვათა შორის, მისი დაჭერა არც ისე ადვილია - თუ ადამიანი საგანგებო მახეს არ დაუგებს, ვერ მოიხელთებს. მე, მაგალითად, გერმანელ ორნითოლოგებთან ერთად სულ სხვა პროექტში ვიყავი ჩართული და ბულბული შემთხვევით დავიჭირე.

- ბულბული ხშირად ბანაობსო, რატომ? - ფრინველებს ძალიან უყვართ წყლის აბაზანების მიღება. ნაწილობრივ ეს პარაზიტების ბრალია: მათ წვრილი ტილები უჩნდებათ და ხშირად ბანაობენ, რათა ბუმბული გაისუფთაონ, თან ცხელ დღეებში წყალში სიამოვნებით გრილდებიან. ისინი ხშირად მიდიან მდინარის ან გუბის პირას და ჭყუმპალაობენ.

- რამდენ ბარტყს ზრდის ბულბული? - დედა ბულბული 4-5 კვერცხს დებს და პატარებს გულმოდგინედ უვლის - ბარტყების გამოსაკვებად მთელ დღეს დაფრინავს და მათზე ზრუნავს. 15-20 დღის შემდეგ ბარტყები დამოუკიდებლად ახერხებენ ფრენას. ამბობენ, რომ ბარტყებს გალობას დედა ასწავლის, მაგრამ უფრო მშობლების მიბაძვით სწავლობენ.

- შეიძლება თუ არა ბულბული შინ ვიყოლიოთ? - ნებისმიერ ფრინველს თავისუფლება და ბუნებაში ყოფნა ურჩევნია. მართალია, ბევრ ოჯახში ჰყავთ ტროპიკული ფრინველები, რომლებსაც საგანგებოდ ყიდულობენ, მაგრამ ისინი უკვე შეჩვეული არიან ასეთ ცხოვრებას. ფრინველი სადაც დაიბადება და როგორ გარემოსაც შეეჩვევა, ის არის მისთვის საუკეთესო. ამიტომ ბულბულის დაჭერა და გალიაში დამწყვდევა მისაღები არ არის. ის პატარა, ჩაკეტილ გალიაში ვერ ძლებს და არც გალობს. სხვათა შორის, იადონი უფრო უძლებს ტყვეობას, რადგან მისი წინაპრები ოდითგანვე ტყვეობაში ცხოვრობდნენ.

- ხშირად ბულბულს და იადონს აიგივებენ, რატომ? - ალბათ, გალობის გამო, ვიზუალურად კი ისინი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან.

იადონი გაცილებით ლამაზი შეფერილობისაა, ვიდრე ბულბული. ბულბულს სილამაზის გამო არავინ დაიჭერს, ის უფრო გალობის გამოა პოპულარული, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ ტყვეობაში დადუმდეს. ბულბული მხოლოდ ბუნებაში გალობს ლამაზად, საღამოობით, როცა ირგვლივ სიწყნარეა.

მის დაჭერასა და გალიაში გამომწყვდევას სჯობს ჩვენ თვითონ გავიდეთ ბუნებაში, ან პარკში გავისეირნოთ, იქ დავსხდეთ და მოვუსმინოთ მის ლამაზ, ხავერდოვან გალობას. ჩვენც კმაყოფილი ვიქნებით და ბულბულიც, რომელსაც ძალიან უყვარს თავისუფლება.

ხათუნა ჩიგოგიძე