ღვინო, სიყვარული და ოკუპაცია, ანუ "-20%" - კვირის პალიტრა

ღვინო, სიყვარული და ოკუპაცია, ანუ "-20%"

"რუსებსაც კი, დაწვრილებით ვუამბეთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორია, აფხაზებსა და ოსებთან დაკავშირებული წარსული და ჩვენი ღვინით საქართველოს ერთიანობის სადღეგრძელოც დავალევინეთ. ფაქტობრივად, ჩვენს ღვინოს საქართველოს "მშვიდობის ელჩის" მისია დავაკისრეთ"

საოკუპაციო ხაზიდან 300 მეტრის მოშორებით გაშენებულ ლამაზ და გულიანი ქართველებით დასახლებულ სოფელ დიცში წლევანდელ შობას მოვხვდი. სწორედ მაშინ "გავიცანი" საუცხოოეტიკეტიანი ღვინის ბოთლიც უჩვეულო სახელწოდებით - "-20%". ნიკა მარკოზაშვილისა და მისი მეუღლის, ანუკა გაბრიაძის ჩამოსხმული ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის - ამ ღვინით ნიკა და ანუკა რუსეთის ოკუპაციის შედეგად 20%-ჩამოჭრილი ჩვენი მიწა-წყლის სევდიან ამბავს მსოფლიოს მოუთხრობენ.

ნიკა მარკოზაშვილი:

- მარკოზაშვილები სოფელ დიციდან ვართ. მე გორში დავიბადე და სკოლაც იქ დავამთავრე, მაგრამ საზაფხულო არდადეგებს ყოველთვის დიცში ვატარებდი. მერე კი, 2008 წლის საზაფხულო არდადეგების პერიოდში, ყველაფერი თავდაყირა დადგა - აგვისტოს ომის დროს მხოლოდ 15 წლის ვიყავი და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, რადგან ჩემი სახლ-კარის იძულებით დატოვება მომიხდა, ჩემი კუთხის, სოფლის, სახლის დასაცავად კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. კარგა ხანს სურამში - დედულეთში ვიყავი. წლები გავიდა, მაგრამ მაინც სულ ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა ვერ შევძელი, რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ჩემი კუთხისა და ქვეყნისთვის რაღაც გამეკეთებინა! მეღვინეობა ჩემს ოჯახს ტრადიციით მოსდგამდა - დიცში წინაპრებს ვენახები ჰქონდათ და ღვინოს თაობები აყენებდნენ, ოღონდ მხოლოდ თავიანთთვის. ეს ტრადიცია მე და მამამ განვაგრძეთ და საღვინედ თეთრყურძნიანი გორული მწვანე და ჩინებული გვაქვს გაშენებული. ამ ბოლოს კიდევ ერთი პატარა ნაკვეთი დავამუშავეთ და გაზაფხულზე ვაზსაც ჩავყრით. ამ ვენახშიც იქნება გორული მწვანე და ჩინებული, ასევე - წითელი შავკაპიტო და თავკვერი. ამ ეტაპზე გორული მწვანისა და ჩინებულის კუპაჟს ვაწარმოებთ. ასევე ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობისგან ვიყიდოთ ყურძენი და მისგანაც დავაყენოთ ღვინო, რომელსაც ჩამოვასხამთ.

მერე ანუკას შევხვდი. სხვათა შორის, ანუკა თბილისის ერთ-ერთ ღვინის მარანში გავიცანი. ღვინოზე ვსაუბრობდით და ვუთხარი, სოფელში ვენახებიც მაქვს, მარანიც, სამომავლოდ კი მინდა ბოთლებში იმდენი მაინც ჩამოვასხა, მარნის სტუმრებს რომ გავუმასპინძლდე და თან ვუსახსოვრო-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ შევიტყვე, რომ კულტურათა გაცნობის პროექტ "გლობალ ვილიჯით" ანუკა საზღვარგარეთ მიდიოდა და მინდოდა, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი რამე გამეტანებინა. ეს "რამე" ღვინო უნდა ყოფილიყო, ოღონდ მას ჯერ სახელიც არ ჰქონდა...

ანუკამ იცოდა, რომ ჩემი სოფელი გამყოფ ხაზთან იყო. იქ ყოველღამ სროლა ისმოდა, რაც მოსახლეობას აღელვებდა, თუმცა სახლ-კარს მაინც არავინ ტოვებდა. ჩემი ვენახი და სახლიც მარნით ხომ იქვე იყო! ამიტომ ერთად დავიწყეთ ფიქრი, რა დაგვერქმია ღვინისთვის. ერთხელ ანუკამ მომწერა, მოდი, სახელწოდება ოკუპაციის თემას დავუკავშიროთო. ასე მივედით დიცის ღვინის სახელამდე - "-20%". თავდაპირველად ბევრმა ეს სახელი ფასდაკლებად აღიქვა, ამიტომ შინაარსის სწორად აღსაქმელად ბოთლისთვის შესაბამისი ეტიკეტი დავამზადეთ. დრო არ ითმენდა და იმ შემთხვევისთვის საჩქაროდ ჩამოვასხით რამდენიმე ბოთლი ღვინო, ეტიკეტიც მივაკარით და ანუკამ წაიღო ხორვატიაში. აღმოჩნდა, რომ ღვინოც ძალიან მოეწონათ და ანუკას მოთხრობილი ამბავიც ღვინოზე, საქართველოზე, მისი 20%-ის ოკუპაციასა და სამშობლოშივე იძულებით გადაადგილებულებზე. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, დაგვეხვეწა და უკეთ "შეგვეფუთა" ჩვენი ღვინის ამბავი. 200-300 ლარით დავიწყეთ. ყველაფერს საკუთარი ხარჯით ვაკეთებდით, ბოთლისა და საცობის ყიდვით დაწყებული, ღვინის დამზადება-ჩამოსხმით დამთავრებული. შემდეგ ერთ-ერთმა სტარტაპმა შემოგვთავაზა თანამშრომლობა. მათთვისაც პირველი ცდა იყო და ჩვენც მივენდეთ, შედეგად კი ძალიან კარგი პროდუქტი მივიღეთ.

- თქვენი ღვინის ბოთლის ეტიკეტისა და პასპორტის შინაარსზეც მოგვიყევი.

- ეტიკეტი დახუნძლულია ინფორმაციით. ზედა ნაწილზე გამოსახულია ყურძნის მტევანი, რომელშიც შეზრდილია წარწერა "-20%". გორულ მწვანესა და ჩინებულს ქვემოთ ახატია სილუეტები. ესენი არიან დევნილები - ჩანთებაკიდებული, იძულებით გადაადგილებული ბავშვები, ქალები, მამაკაცები, მოხუცები. ბოთლის მეორე მხარეს აწერია, რომ ღვინო დამზადებულია დიცში, გამყოფი ხაზიდან 300 მეტრში, რომ დღევანდელი მდგომარეობით ოკუპაციის შემდეგ საქართველოში არის 300 000-მდე დევნილი და ა.შ. ეტიკეტის წინა და უკანა მხარე გაერთიანებულია, მხოლოდ უკან სიმბოლურად ჩამოხეული აქვს მთლიანის 20%.

რაც შეეხება ბოთლის თავზე თოკით ჩამოკიდებულ ღვინის სიმბოლურ პასპორტს, იგი დამზადებულია საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფერებით. ერთ მხარეს აქვს ჩვენი ლოგო, ხოლო მეორე მხარეს ქართულ და ინგლისურ ენებზე აწერია საქართველოს ერთიანობის სადღეგრძელო: "ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოა. ერთიან საქართველოს გაუმარჯოს". სხვათა შორის, ვისაც ბოთლს ვჩუქნით, ვეუბნებით, რომ ღვინის დალევისას პირველად სწორედ ეს სადღეგრძელო უნდა შესვან. რუსებსაც კი, დაწვრილებით ვუამბეთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორია, აფხაზებსა და ოსებთან დაკავშირებული წარსული და ჩვენი ღვინით საქართველოს ერთიანობის სადღეგრძელოც დავალევინეთ. ფაქტობრივად, ჩვენს ღვინოს საქართველოს "მშვიდობის ელჩის" მისია დავაკისრეთ.

სამომავლოდ, როდესაც "შავკაპიტოსა" და "თავკვერი როზეს" ჩამოვასხამთ, ეტიკეტების ამბებიც შეიცვლება, მაგრამ თემად კვლავ ოკუპაცია დარჩება - იქნება გატაცების ეპიზოდები, მცოცავი საზღვრები და ა.შ. ჩვენს მარანსაც დასჭირდება განახლება. ნელ-ნელა გადავლახავთ ამ დაბრკოლებებს, სტუმრებსაც სათანადოდ დავხვდებით და ტკივილით, სევდითა და იმედით სავსე დიცის ღვინით უფრო მეტ ამბავს მოვუყვებით საქართველოს შორეულ თუ უახლეს წარსულსა და აწმყოზე.