"ირანულ რძეს ჩემს საწარმოში არასოდეს გამოვიყენებ"
"ირანულ რძეს ჩემს საწარმოში არასოდეს გამოვიყენებ"
ბოლო დროს რძის პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ არაერთი კითხვა გაჩნდა. ზამთარში, როდესაც წველადობა მკვეთრად მცირდება, ჩვენს სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების სიუხვეა. ამასთან, სახელმწიფომ დაუშვა ირანიდან გაყინული რძის შემოტანა, რომელიც ჯანმრთელობისთვისაც მავნე ყოფილა და ჩვენს რძის პროდუქტების მწარმოებლებს გაკოტრებითაც ემუქრება. საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე ირანული რძის მავნეობის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის იმას, რომ ირანული რძის +20 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე შენახვა და მასში შემავალი შემადედებელი ნივთიერებები ყველის ზომაზე მეტად მოხმარების
შემთხვევაში სიმსივნურ დაავადებებს იწვევს. ვინაიდან ყველი ქართველებისთვის შეუცვლელი და ხშირად მოსახმარი პროდუქტია, ბუნებრივია, ამ დაავადებების რისკის ჯგუფშიც ვხვდებით. რამდენად ხარისხიანია ჩვენს დახლებზე მომრავლებული ქართული ყველი, რა ვითარებაა რძის პროდუქტების წარმოებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში მცხოვრები ვალერი კახაძე გვესაუბრება. მან ყველის წარმოება ჯერ კიდევ ეკომიგრანტობისას, 16
წლისამ დაიწყო და ამჟამად წელიწადში 300 ტონა ყველს აწარმოებს. უკვე საქმიანობის გაფართოებასაც აპირებს, რასაკვირველია, თუკი სახელმწიფომაც შეუწყო ხელი კონკურენტუნარიანი გარემოთი.

- ალბათ, წარმოგიდგენიათ, რამდენად­ ძნელი იქნებოდა ეკომიგრანტისთვის ბიზნესის აწყობა, მით უფრო იმ გარემოში, რომელიც აჭარელ ეკომიგრანტებს წალკაში­ დაგვხვდა. ჩემი ოჯახი სოფელ გუმბათში 2003 წელს დასახლდა. მაშინვე დავიწყე ფიქრი, რა საქმისთვის მომეკიდა ხელი, რომ ცოტა უკეთ გვეცხოვრა. თითქმის ყველა ეკომიგრანტს საქონელი ჰყავდა და მათგან­ რძის შეგროვება და ყველის ამოყვანა დავიწყე. ახლა ზაფხულობით თითქმის 5 ტონა რძეს ვაგროვებ მეზობელ სოფლებში, ზამთარში - ორტონა-ნახევარს, მაშინ კი 200 ლიტრს თუ ვიშოვიდი, მაგრამ ჩვენთვის საშველი იყო. დედაჩემსა და ჩემს დებს ყველი­ ამოჰყავდათ, მამაჩემი კი პატარ-პატარა მაღაზიებს და გარემოვაჭრეებს ჩამოურიგებდა, სადაც ხელი მიუწვდებოდა, ყველგან ყიდდა. ასე რომ, ნელ-ნელა დავდექით ფეხზე. გავიდა ხანი და 150 კვმ ფართობის შენობა ავაშენე საქმის გასაფართოებლად. ასე გაგრძელდა 2008 წლამდე, მერე კი ორგანიზაცია "მერსი კორპსი" წამომეშველა. ეს ორგანიზაცია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აფინანსებდა და 20.000 ლარი გამომიყო, რითაც რძის გამაცხელებლები შევიძინე და საწარმოში ელექტროენერგია გავიყვანე. 6 კაციც დავასაქმე. თუმცა ყველი ისევ ხელით ამოგვყავდა. მერე ტექნოლოგიების შეძენამ ძალიან წამწია წინ. ავტომანქანაც მყავდა, რომლითაც ზაფხულში უკვე ტონა-ნახევარი რძის შეგროვებას ვახერხებდი, რძე მეზობელი სომხურენოვანი სოფლებიდანაც მომქონდა. გლეხკაცის შრომის ფასი კარგად ვიცი, ამიტომაც მცირე თანხას არც მაშინ ვაძლევდი და არც ახლა ვძუნწობ - ლიტრ რძეში 1,20 ლარს ვიხდი.

საქონლის სულადობამ 40%-ით­ მოიკლო­ და ეს ჩვენს სიზარმაცეზე მიუთითებს. ბევრს­ ურჩევნია, ბაზარში ურიკით ტვირთის გადაზიდვით ირჩინოს თავი. მე რომ დღეს ისევ საოჯახო მეურნეობა მქონდეს, 25 სულზე ნაკლებ საქონელს არ ვიყოლიებდი.­ ყველა გონიერმა გლეხმა იცის, რომ ერთი ხბოს გაყიდვით რამდენიმე ძროხის საკვებისა და მწყემსის გასასტუმრებელ ფულს იღებ... მოკლედ, თანდათან სტაბილურ კლიენტებზეც დავფიქრდი და თბილისში­ ერთი ცნობილი რესტორნის ფილიალს შევთავაზე, ყველი ხომ არ გინდათ-მეთქი? ბევრი არა, ცოტა მოგვიტანეო და მეც დღეში 10-20 კილოგრამი მიმქონდა. ერთ დღესაც ქსელი­ ყველის ხარისხის გამო სხვა მიმწოდებლებმა­ გააწბილეს და ამჟამად სარესტორნო ქსელს ყოველდღე 350 კილოგრამით ვამარაგებ.

- ბევრი იფიქრებს, ამ რაოდენ­ო­ბის ნაწარმი შეუძლებელია ნატურალური იყოსო.
- კი, იფიქრებს, მით უფრო, თუ იცის, რომ ზამთარში წველადობა ძალიან მცირდება. 2008 წლიდან, რაც "მერსი კორპსმა" დამაფინანსა, ამ ორგანიზაციას სულ ვთხოვდი, იქნებ კიდევ დამეხმაროთ, გაფართოება მჭირდება-მეთქი. თანაც ხომ ხედავდნენ,­ რისი გაკეთება შემეძლო. ასე რომ, 65.000 დოლარი მომცეს თანადაფინ­ანსებით, ნახევარი უნდა დამებრუნებინა. ავდექი და, აგროსესხი, ანუ შეღავათიანი სესხი ავიღე,­ რაშიც სახელმწიფო­ დამეხმარა. "მერსი კორპსს" იმ საწარმოს მოდელი, რომელიც უნდა ამეშენებინა, თავად დავუხაზე.

- ინჟინერი ხართ?
- არა. უმაღლესი განათლებისთვის დრო სად მქონდა? სოფლელი კაცი ვარ, თავად ვისწავლე სამშენებლო საქმე და ნახა­ზების შედგენაც. ბევრი რომ არ გავაგრ­ძელო, 750 კვმ ფართობის საწარმო ავაშენე და 2015 წელს მუშაობა დავიწყეთ... უკვე ბათუმში გავხსენი ყველის მაღაზია და იქ 6 კაცი დავასაქმე. როცა ჩავდივარ, განსაკუთრებით ზამთარში, თავად­ ვურჩევ მყიდველს, რომელია ნატურალური ყველი და რომელი რძის ფხვნილისგან ამოყვანილი.

- ყველს ფხვნილისგანაც ამზადებთ?
- ზამთარში, როცა წველადობა შემცირებულია, დახლებზე გამოტანილი ამდენი­ სახეობის ყველი როგორ შეიძლება ნატურ­ალური იყოს?! ფხვნილისგან დამზადებულ ყველს "აღდგენილი რძით" დამზადებული აწერია და ბევრად ნაკლები­ ღირს, ვიდრე ნატურალური. რძის ფხვნილისგან დამზად­ებული ჩემი ყველი 7 ლარი ღირს, ნატურა­ლური - 12.

- რატომ არ ითვლება რძის ფხვნილის ყველი საშიშად და რატომ ითვლება ირანული?
- იმიტომ, რომ ჩვენში მოხმარებული რძის ფხვნილი წლების განმავლობაში გამოცდილია და ჯანმრთელობას არ ვნებს. რაც შეეხება ირანულ გაყინულ რძეს, მისგან ამოყვანილი ყველის გემოს ვერავინ გაარჩევს­ ნატურალურისგან. ერთხელ მეც კი შევცდი - აჭარის ერთ ობიექტში ხაჭაპურზე დამპატიჟეს და გემრიელად რომ მივირთვი, მერე მითხრეს, ირანული რძისგან დამზადებული ყველით არის გამომცხვარიო. ჩემთვის იმ წუთში იმ ობიექტის არსებობა დამთავრდა. ირანულ გაყინულ რძეს ჩემს საწარმოში არასოდეს გამოვიყენებ, რადგან ვიცი, რომ მავნებელია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა