ამერიკულ კალმახს ზემოაჭარლების ენა "ესმის"
ამერიკულ კალმახს ზემოაჭარლების ენა "ესმის"
"ამერიკული კალმახი ადგილობრივისგან სილამაზითა და გემოთი განსხვავდება. ადვილად მოსაშენებელია, ადამიანსაც უფრო იოლად
ეჩვევა, ვიდრე ადგილობრივი"


მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არცთუ იოლია, ხალხი მშობლიურ კუთხეებს არ ტოვებს და იქ თავის გადარჩენას თავდადებული შრომით ცდილობს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში ბერიძეების ოჯახი. მათ საკალმახე აქვთ და დიდი მონდომებითაც ამუშავებენ. როგორც მეწარმე გენო ბერიძე გვეუბნება, ეს მათი ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა, რითაც უკმაყოფილო არ არიან.

გენო ბერიძე:
-
ჩვენს საოჯახო მეურნეობას საფუძველი 25 წლის წინ ჩაეყარა, როდესაც მამამ პირველი საკალმახე აუზი გააკეთა და იქ კალმახის მოშენება დაიწყო. თავიდან სახალისო საქმედ მოგვეჩვენა, ასეც იყო, რადგან საკეთებლად სახალისოც იყო და საინტერესოც, თან ცოტა შემოსავალიც გვქონდა. საქმე კარგად რომ წავიდა, მეურნეობის გაფართოება გადავწყვიტეთ.

- რა კალმახი
გაქვთ მოშენებული?
- ამერიკული, რომელიც ადგილობრივისგან სილამაზით, გემოთი, მოკლედ, ყველაფრით განსხვავდება. ამერიკული კალმახი ადვილად მოსაშენებელია, ადამიანსაც უფრო იოლად ეჩვევა, ვიდრე ადგილობრივი.

- რა სჭირდება თქვენს კალმახებს?
- თავიდან, როგორც გითხარით, პატარ-პატარა აუზები გვქონდა, მერე ერთი-ორი დავუმატეთ. შემდეგ "ენპარდის" პროექტიც გამოჩნდა, ნახეს ჩვენი მეურნეობა, ყველაფერი იდეალურად გვქონდა გაკეთებული და დაგვაფინანსეს. თევზის საზიდი მანქანაც მოგვცეს. მოკლედ, ახლა წელიწადში 15 ტონამდე კალმახს ვაწარმოებთ. გვაქვს სალიფსიტეც - 700-800 ათასამდე ლიფსიტა გამოგვყავს.

- სად ყიდით?
- ლიფსიტა, ძირითადად, გორში იყიდება. კალმახის ბაზარი, მოგეხსენებათ, სეზონურია, მაგრამ გაყიდვა არ ჭირს, პირიქით, შეკვეთა იმაზე მეტია, ვიდრე პროდუქცია გვაქვს.

- ზამთარში მაღალ მთაში არ ჭირს ეს საქმიანობა?
- სალიფსიტეში წყაროს წყლები გამოდის, საცივის წყლებს ეძახიან, სულ ერთნაირი ტემპერატურა აქვს, რაც კალმახს გაზრდისთვის სჭირდება. ხანდახან ცოტა უჭირს, მაგრამ ეს დიდი პრობლემა­ არ არის, ვაჭმევთ და ჩვეულებრივად იზრდებიან, ოღონდ ნელა.

- რით კვებავთ?
- სპეციალური თევზის საკვებით. კვების გარდა, ზედმიწევნით სისუფთავე სჭირდებათ. აუცილებელია ხშირად აუზების გაწმენდა, გარეცხვა, კალმახის გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე, დახარისხება. კალმახი ისეთი თევზია, ერთმანეთის ჭამა შეუძლიათ. დიდი კალმახი პატარას უნდა დააცილო, რომ იზრდება, პატარას ჭამს.

- შრომატევადი საქმე ყოფილა...
- ძალიან. მთელი ოჯახი ვართ ჩართული - მე, დედა, მამა, ხანდახან მეუღლე და ჩემი სამი შვილი, რომლებიც ხალისობენ - კალმახებს აპურებენ ხოლმე. შრომა განაწილებული გვაქვს, ხანდახან შრომა 24-საათიან რეჟიმშიც კი გვიწევს.
საქმე შემოდგომაზე გვემატება, როცა ფოთოლცვენაა. ქარს ფოთლები საკალმახეში მოაქვს და ნაგვით ავსებს.

- რომ გადახუროთ?
- სალიფსიტე გადახურული გვაქვს, საკალმახის გადახურვა არ შეიძლება - მას მზის შუქი სჭირდება. გადახურულში თევზი დაავადდება.
- მთიანი სოფლებიდან, მათ შორის,­ აჭარიდანაც ხალხი ბარში მოდის, ან უცხოეთში სამუშაოდ მიემგზავრება, რადგან საარსებოდ რთული პირობებია. სოფლები იცლება. თქვენ ამაზე არასდროს გიფიქრიათ?
- ჩვენი კუთხიდან სად უნდა წავიდეთ?! აქაც შეიძლება შრომა და შედეგის მიღწევა. ის მიდის, ვინც აქ ვერაფერს აკეთებს, სოფელში ტყუილად ხომ არ დაჯდება?!

- ახო დიდი სოფელია?
- დიახ, დაახლოებით 240 ოჯახი ცხოვრობს. აქ ბევრს ჰქონდა საშენი, მაგრამ­ უმეტესობამ შეწყვიტა, თუმცა 5-6 საკალმახე კიდევ შემორჩა.
ჩვენი სოფელი იმით არის გამორჩეული, რომ კალმახისთვის იდეალური წყალი გვაქვს, ჟანგბადიანი. მისი წყალობით აბსოლუტურად ჯანსაღი ლიფსიტა გამოგვყავს. საქმეში არანაირ ქიმიას არ ვრთავთ.

- რა სჭირდება ადამიანს, საკალმახის გაშენება რომ მოუნდეს?
- ფული რომც გქონდეს, თუ წყალი არა გაქვს შესაბამისი, საჭირო პირობები თუ არ შეუქმენი, არაფერი გამოვა, მხოლოდ ფული არაფერს წყვეტს.



- რომელია სასურველი ტემპერატურა?
- წყლის საუკეთესო ტემპერატურა 17-18 გრადუსია, რომ თევზი კარგად გაიზარდოს. უფრო დაბალზე ნაკლებად "მოდის", უფრო მაღალზე კი (20-24 გრადუსი)­ არ ჭამს და იღუპება.

- საოჯახო მეურნეობას რა უპირატესობა აქვს?
- რაკი მაღალმთიანეთში ვართ, გადასახადებს არ ვიხდით. თუ მუშახელი დაგვჭირდება, სოფელში ხალხი ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ.
ამ საქმეს დიდი შრომა სჭირდება, თუ არ გიყვარს, ვერაფერსაც ვერ გააკეთებ, 24 საათის განმავლობაში კალმახთან უნდა იყო. ამას უპირველესად სწორედ ამ საქმის სიყვარული გვაკეთებინებს.

რაც შეეხება პრობლემებს, მაგის მეტი რაა? დიდთოვლობაში გზები იკეტება, საკვების მოტანა ჭირს, გზა ტრაქტორით უნდა გაწმინდო... პრობლემა სხვაც ბევრია. რთული საქმე რომ არ იყოს, საკალმახე ყველას ექნებოდა. თუმცა მაინც ღირს გაწეულ შრომად.

ისე მინდა საქმე ავაწყო, თუკი დღეს ფიზიკურად ვშრომობ, ენერგიას ვხარჯავ და ისე ვიჭერ კალმახს, ჩემმა შვილმა ეს ყველაფერი კომპიუტერიზებული სისტემით შეძლოს!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა