სალათის ბაღები შაურმისთვის - კვირის პალიტრა

სალათის ბაღები შაურმისთვის

"ლეღვას მკვიდრი ბათუმურ საშაურმეებს სალათის კულტურით ამარაგებს"

"თუ კაცი გონიერია, სოფელი ღონიერიაო", ეს გამოთქმა გაგახსენდებათ, როდესაც ქობულეთის სოფელ ლეღვას მკვიდრის, ნადიმ მელაძის შრომას უყურებთ. ეს სოფელი ყოველთვის გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, თუმცა ნადიმ მელაძემ, ალბათ, თანასოფლელებსაც გადააჭარბა, როცა სოფელში მაღალხარისხოვანი სალათის კულტურა მოიყვანა. განა იმიტომ, რომ სალათა სხვა ბოსტნეულზე უპირატესია, არამედ იმიტომ, რომ აჭარა-გურიაში სალათა არ მოჰყავთ იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ აქაურ ბუნებრივ პირობებს სალათა ვერ ეგუებოდა, თუმცა მშრომელი კაცისთვის ეს გადაულახავი არ აღმოჩნდა...

- ბათუმში გავიზარდე, მაგრამ ჩემს სოფელ ლეღვაში ხშირად დავდიოდი. 11-12 წლის წინ ქალაქში ახალგახსნილი რამდენიმე საშაურმე შემოვიარე და ბოსტნეულით მომარაგება შევთავაზე. დამთანხმდნენ და როცა სხვებმაც ნახეს, რომ საქმეს სერიოზულად ვეკიდებოდი, ხელშეკრულება გამიფორმეს. ასე რომ, დღეს ბათუმის საშაურმეებს ვამარაგებ. ამ საქმეში გვერდით მამა და ბიძა მიდგანან. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ბოსტნეულით მომარაგებას არ გულისხმობს, სალათა მამაჩემსა და ბიძაჩემს ჩამოჰქონდათ ქუთაისის სათბურებიდან, დეფიციტის დროს კი თურქეთიდან.

- მალფუჭებადი ბოსტნეულის ტრანსპორტირება არცთუ იოლია. - დიდ თანხებსაც მოითხოვს. სწორედ ამის გამო მივედი იმ აზრამდე, რომ სალათა თავად გამეშენებინა ჩემს სოფელში.

- სალათის კულტურას აჭარა-გურიის ნესტიანი ნიადაგი არ მოსწონს და არც არავინ აშენებს ამის გამო. - ნამდვილად ასეა. ჩემი მეზობლებიდან ლეღვაში ზოგიერთმა ისიც კი არ იცოდა, სალათა რომელი ბოსტნეული იყო. თუმცა სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიები ტყუილად როდი არსებობს. მეც გადავწყვიტე, სათბური ამეშენებინა, სადაც სალათას სასარგებლო ნიადაგს მოვუმარჯვებდი და წვეთოვან სისტემასაც დავდგამდი, რაც ამ კულტურის მოყვანას უფრო გამიადვილებდა. სათბური 2 წლის წინ ავაშენე, ნიადაგი ფოთის ტორფითა და გადამწვარი ნაკელით გავანოყიერე და უკვე მშვენიერი სალათაც მომყავს.

ყველაფერი ჩვენი ფულით გაკეთდა, თესლი კი იმ კომპანიისგან შევიძინე, რომელიც სანდოდ მიმაჩნდა. იმ სალათის თესლი, რომელიც მე მომყავს, ღირებულებით არცთუ ისე მცირეა, თითო პაკეტი 300 ლარი ღირს, თუმცა ჰყოფნის მთელ სათბურს, რომელიც 1500 კვმ მიწაზე დგას.

- საკმაოდ დიდი ფართობია. - დიახ, და მაღალი ხარისხის სალათაც მოდის, რადგან არც მე ვაკლებ მოვლა-პატრონობას. საჭიროებისამებრ 10 კაცსაც ვასაქმებ. ისევე როგორც ყველა ხარისხიანი პროდუქციისთვის, არც სალათის მოყვანისთვის შრომაა იოლი. სათბურში სალათის გადარგვისა და თითო მოსავლის მოვლა-მოყვანისთვის დაახლოებით 4 თვეა საჭირო.

- დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომის შედეგით კმაყოფილი ხართ. - კაცი იმიტომ შრომობს, რომ შემოსავალი მიიღოს და მის გაზრდასაც გამუდმებით ცდილობს.

სათბურმა ბოსტნეულის ტრანსპორტირების ხარჯი შემიმცირა და მისი ხარისხიც გაზარდა, თანაც მოგება დიდი სტიმულია. ასე რომ, ახლა უკვე სალათის დათესვა ღია გრუნტში უნდა მოვსინჯო. ჩვენებური კლიმატის გამო შესაძლოა გრუნტში ამ ბოსტნეულის მოყვანა უფრო გამიჭირდეს, ვიდრე სათბურში, თუმცა მაინც მოვიყვან.

დაახლოებით 3000 კვმ ნაკვეთი უკვე გავანაყიერე ტორფითა და გადამწვარი ნაკელით. ამჯერად მეგობრის ქათმის ფერმის სკინტლი დავიხმარე.

- ანუ საქმის გაფართოებას გეგმავთ. - აუცილებლად. კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი უნდა მოვიყვანო, ეს კულტურები არ არის უცხო ჩვენი გარემოსთვის. ჩემი ბოსტნეულით ბათუმის ბაზარს მოვამარაგებ.