აჯიკა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ
აჯიკა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ
მაია კალანდია ფილოლოგია. 2004-2011 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალგაზრდულ პროექტებს ხელმძღვანელობდა. ძალიან ბევრი მას კულინარიული გადაცემიდან "ჩემი სამზარეულოს წესები"­ იცნობს. 55 წლის მაია კალანდია დღეს მცირე მეწარმეა. აჯიკას ამზადებს საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი ეტიკეტით, წარწერით "ოკუპირებულია რუსეთის მიერ". ის თავის ბიზნესსაქმიანობაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- 2017 წელს 3 თვე თავისუფალი მქონდა, არც ერთ პროექტში არ ვიყავი. ამ დროს იწყებოდა კულინარიული შოუ "ჩემი სამზარეულოს წესები". ვიფიქრე, ბედს ვცდი-მეთქი. მეგობარს, ბესიკ ჭითანავას
ვუთხარი და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავიყოლიე. ნახევარფინალში გავედით, მაგრამ საბედისწერო შემთხვევა მოხდა - თბილისიდან ზუგდიდში დაბრუნებას ვაპირებდი. ვაკეში, ტაქსიში ვჯდებოდი, როცა მარჯვენა ფეხი ამომიტრიალდა. 4-საათიანი ოპერაცია გამიკეთეს, პროექტში ყავარჯნებით გამოვცხადდი. თუმცა იქ მონაწილეობა ფეხზე დიდი დატვირთვა იყო და მდგომარეობა გამირთულდა. ნახევარფინალში გავედით, შემდეგი გადაღებები კი
კოშმარი იყო. ექვს თვეს შინ ვიჯექი, ლითონი ჩამიდგეს, მის ამოღებამდე ჭრილობა წელიწადი და სამი თვე ღია იყო. სწორედ მაშინ, 2018 წლის ზაფხულში, ზუგდიდში აჯიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.

- ამგვარ ფესტივალში პირველად მონაწილეობდით?
- დიახ. ბაზრიდან მოვიტანეთ მასალა და გავიხსენე ბებიის, მეზობლისა თუ მეუღლის მამიდის ძველი რეცეპტები.­ ფესტივალზე რამდენიმე ნომინაციაში ვმონაწილეობდი. ჩემი მომზადებულებიდან, ოთხიდან ორმა გრან-პრი მიიღო. კონკურსის პარალელურად გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა. საათ-ნახევარში ყველაფერი გავყიდე. მეორე დღისთვის აღარაფერი მქონდა და ღამით მოვამზადე. მეორე დღესაც ყველაფერი გავყიდე. მერე უკვე შეკვეთებიც მივიღე.

პროდუქციის ქსელში შეტანა ცოტა რთულია. ამისთვის დიდი თანხაა საჭირო. დავუშვათ, 1 ტონა აჯიკა შეიტანე. ქსელი ამ თანხას მინიმუმ 2-3 თვეს არ დაგიბრუნებს, ჩემისთანა მცირე მეწარმისთვის კი ეს დრო ბევრს ნიშნავს.

- პროდუქციას როგორ ყიდით?
- სოციალური ქსელის მეშვეობით. 5 ათასამდე კაცი მყავს მეგობრებში. უახლოეს მომავალში პროდუქციისთვის ცალკე გვერდის შექმნას ვაპირებ. ჩემი აჯიკა და პამიდვრის საწებლები გერმანიაში წაიღეს, თუმცა ჩემი სახელით არა, რადგან სერტიფიკატები არა მაქვს.
ჩემი ძირითადი საქმიანობა აჯიკის მომზადება არ არის, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ და რამდენიმე პროექტს ვხელმძღვანელობ. დიდი სიამოვნებით გავხსნიდი მცირე საწარმოს, მაგრამ მატერიალური შესაძლებლობა ჯერ არა მაქვს.

- სახელი და ეტიკეტი როგორ შეარჩიეთ?
- ჩემი შვილი საფრანგეთში ცხოვრობს, პიარის სპეციალისტია. მას და მულიშვილებს ვკითხე, აჯიკისთვის რა სახელი შემერჩია. მინდოდა "ყველაზე უკეთესი" დამერქმია, მაგრამ მათ მითხრეს, "უკეთესი" ჯობიაო. მარკეტინგულად ერთი სიტყვა მარტივი დასამახსოვრებელია. ეტიკეტი ქართული დროშის ფერებშია, აწერია "ოკუპირებულია რუსეთის მიერ", ჩემი მონაცემები და შემადგენლობა.
ძირითადად, სამი სახის აჯიკას ვამზადებ: მწვანე კლასიკურს, მშრალ წითელს - სამეგრელოში ხორცის სუნელს ეძახიან, და მესამეს - წითელს შებოლილი წიწაკისგან.

- რითი გამოირჩევა თქვენი აჯიკა?
- ადგილობრივ წიწაკას ვიყენებ. აქ ნაკლებად იყენებენ, რადგან ძვირია. ამ სეზონზე წითელი, მეგრული, ჩვეულებრივი წიწაკა 30 ლარი ღირს. ამისგან რომ დაამზადებ, ძვირადაც უნდა გაყიდო. ზოგ შეკვეთაზე 4-5, მაქსიმუმ 10 კილოგრამს ვამზადებ. ზუგდიდში, ბაზარში, ძალიან კარგი მეწარმეები არიან და მშვენიერ გემოზე აყენებენ აჯიკას. მათი დამზადებული ზოგჯერ 50-100 და 150 კილოგრამიც მიაქვთ სტამბოლში, რუსეთში, ჩინეთში და ა.შ. მე შებოლილი წიწაკისგან დამზადებულს 1 კილოგრამს 15 ლარად, ხორცის სუნელსა (მშრალ წითელს) და მწვანეს (კლასიკურს) 10 ლარად ვყიდი, მაგრამ ბაზარს რომ ვუყურებ, ფასის 1-2 ლარით გაზრდა მომიწევს. ნიორი, მწვანილი, ყველაფერი გაძვირდა. წიწაკის ხელით დამუშავება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

- აჯიკა ყველა კერძს უხდება...
- მეგრულ სამზარეულოში არ არსებობს კერძი, რომელსაც აჯიკა არ უხდება. რა თქმა უნდა, ელარჯს არ ვგულისხმობ. აჯიკაში წიწაკას, პიტნას, ქინძს, ნიორს და ა.შ., რაც სჭირდება, ყველას სხვადასხვა დოზით ვიყენებთ. თითოეულ კერძს, იქნება ხარჩო, კუჭმაჭი, საცივი, ფხალეული, ლობიო, ხორცი (დავუშვათ, შემწვარი გოჭი) თუ სხვა, აჯიკაც შესაბამისი უნდა შეურჩიო. ის შეიძლება იყოს ათასნაირი: მშრალი, სველი, თეთრი, წითელი, ყვითელი, მწვანე, მათ შორის გარდამავალ ფერებშიც - ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ გააკეთებ. საზაფხულო და ზამთრისა ერთმანეთისგან განსხვავებულია. ვფიქრობ, შებოლილი წიწაკის აჯიკა ერთ-ერთი საუკეთესოა.

რაჭული ლორის მსგავსად, წიწაკა კვამლზე იბოლება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიძლება ერთი დღეც საკმარისი იყოს, მაგრამ, როცა ძველებური მეთოდით კეთდება, მთელი თვის განმავლობაში კიდებენ. შებოლვისას ხის გემოებიც ერწყმის. ასეთი წიწაკით გაკეთებულ აჯიკას სულ სხვა გემო და ფერი აქვს, წითელია, კვასკვასა, და თან შებოლილის გემო დასდევს.

შეიძლება წიწაკის თხელი სოუსიც მოვამზადოთ ხორცთან მისართმევად. სადილში კი არ ჩავამატოთ, ცალკე გვქონდეს. ჩემი მეუღლის მამიდა პრასის აჯიკასაც ამზადებდა.

- როგორ მზადდება პრასის აჯიკა?
- საჭიროა პრასის თავი, თეთრი ძირი, ოხრახუში, შებოლილი წიწაკა და ნიგოზი. ერთად უნდა დააბლენდეროთ და სქელი, პიურესავით მასა მიიღოთ. ვერც მიხვდებით, რას მიირთმევთ, იმდენად პიკანტური და განსხვავებული გემო აქვს.

ნათია სიბაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა