როგორ მოვიწიოთ და გავახაროთ ჟოლო ოჯახურ პირობებში - კვირის პალიტრა

როგორ მოვიწიოთ და გავახაროთ ჟოლო ოჯახურ პირობებში

ზამთრის ცივ დღეებში ჟოლოს მურაბაზე სასარგებლო და გემრიელი არაფერია. ჩვენმა ბებიებმა კარგად იცოდნენ ამ კეთილშობილი მცენარის დადებითი თვისებების შესახებ და ჟოლოს მურაბას ზამთრისთვის საგანგებოდ ამზადებდნენ. ჟოლო, რომელიც უამრავ საჭირო მინერალსა და ვიტამინს შეიცავს, თერმული დამუშავების შემდეგ სხვა ხილსა და ბოსტნეულზე ნაკლებად კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. როგორ მოვიწიოთ და გავახაროთ ჟოლო ოჯახურ პირობებში თუ ფერმერულ მეურნეობაში? - გვესაუბრება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი, აგრონომი ნატო კაკაბაძე.

- ჟოლო კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. ეს მცენარე 2-3-ჯერ მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე შავი მოცხარი. ჟოლო მრავალწლოვანი მცენარეა, ზაფხულში მისი მიწისქვედა კვირტებიდან რამდენიმე ტოტი ვითარდება, რომლებიც სეზონის დასრულებისას საკუთარ ფესვებს ივითარებს და დამოუკიდებელ მცენარედ გადაიქცევა.

- როდის იძლევა მოსავალს? - დარგვიდან მეორე წელს, სრულ მსხმოიარობას კი მეოთხე-მეხუთე წელს იწყებს. მცენარეს კარგად განათებული, მზიანი ადგილი უნდა შევურჩიოთ. ის ცუდად იტანს ტენიანობას, ამიტომ ადგილის შერჩევისას ფერმერებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ წყალგამტარ და ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგს. პლანტაციის გაშენებამდე ნაკვეთი უნდა მომზადდეს - ნიადაგი კარგად უნდა დამუშავდეს, მოიხნას და დაიფარცხოს. ნაკვეთი სარეველებისგან უნდა გავასუფთაოთ, რადგან ისინი მცენარის მოსავლიანობას მკვეთრად აქვეითებს.

ჟოლოს ბაღი უნდა გაშენდეს შემოდგომის მიწურულს ან ადრე გაზაფხულზე, კერძოდ, მარტში ან აპრილის დამდეგს. ნერგები კვალში ჩამწკრივებულ 30-40 სმ სიღრმისა და 50-60 სმ სიგანის ორმოებში უნდა ჩავრგოთ. ნერგები დარგვამდე მზისა და ქარისგან დასაცავად სველი ტილოს ქსოვილით იფარება. ნერგის გარშემო ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს და მოირწყას.

დარგვის პერიოდში არ არის რეკომენდებული სასუქების გამოყენება. აზოტიანი სასუქი ივნისის შუა რიცხვებში შეაქვთ, ხოლო კომპლექსური სასუქი - მომდევნო წლის გაზაფხულზე. პირველ წელს ძალზე მნიშვნელოვანია ფესვის გაძლიერება, ამიტომ მცენარეს ყვავილობისა და ნაყოფის მოსხმის საშუალება არ უნდა მივცეთ, ნიადაგის გაფხვიერება და სარეველების გამარგვლა კი 3-4 ჯერ უნდა მოვასწროთ.

- რა არის საჭირო მაღალი მოსავლიანობისთვის? - ჟოლოს პლანტაცია შეძლებისდაგვარად დაცული უნდა იყოს სარეველებისგან. ამისთვის გამოიყენება როგორც მექანიკური მეთოდები - გამარგვლა, გათოხნა და გაფხვიერება, ასევე ქიმიური საშუალებები, ანუ ჰერბიციდები. ჟოლოს პლანტაციისთვის აუცილებელია დროული და სათანადო მორწყვის რეჟიმი, რაც ერთიორად გაზრდის მის პროდუქტიულობას. მცენარეს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის სასარგებლოა ხშირი ზედაპირული მორწყვა. ამიტომ ჯობს ჟოლოს ბაღში წვეთოვანი მორწყვის სისტემა გავმართოთ. აღმოსავლეთ საქართველოში სასურველია ბაღის მორწყვა ასეთი ვადებით: პირველი მორწყვა - ყვავილობის წინ, მეორე - გამონასკვის პერიოდში, მესამე-მეოთხე - სიმწიფის პერიოდში, ხოლო მეხუთე - მოსავლის აღების შემდგომ. ადრე გაზაფხულზე ჟოლოს რიგებში კომპლექსური სასუქი შეაქვთ, აზოტოვანი სასუქი კი ნაწილ-ნაწილ: პირველად ადრე გაზაფხულზე, როდესაც მცენარე ჯერ კიდევ მოსვენებულ მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე ნიადაგში შედის წლიური ნორმის ორი მესამედი, ხოლო დარჩენილი ნაწილი ივნისის დასაწყისისთვის უნდა დავიტოვოთ. თავი უნდა ავარიდოთ სასუქების შეტანას ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე. მავნებლებისა და დაავადებებისგან დასაცავად პლანტაციის 4-5-ჯერ დამუშავება და გასხვლაც აუცილებელია.

- როდის უნდა გასხლას მცენარე ფერმერმა?

- გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. ამ დროს აუცილებელია ყველა ძველი ტოტის ამოჭრა და ახალი ნაზარდების გამოხშირვა. რიგის სიგანე 40 სმ-ს არ უნდა აჭარბებდეს, რადგან ფართო რიგებში დაავადებების გავრცელების ალბათობა მეტია. პლანტაციის ყოველ 1 კვმ-ზე 16-20 ძლიერი, ერთწლიანი ტოტი უნდა დარჩეს. დარჩენილ ტოტებს¼1/4-ით ამოკლებენ. ასეთი ტიპის გასხვლა ზაფხულში მსხმოიარე ჯიშებს სჭირდება. რაც შეეხება შემოდგომაზე მსხმოიარეებს, მათი გასხვლა უფრო მარტივია: ყოველ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე აუცილებელია მთელი პლანტაციის ძირამდე გადაჭრა, მხოლოდ 3-4 სმ-ს დატოვებით.

ჟოლოს პლანტაციის მოსავლელად ამ რეკომენდაციების გათვალისწინება სასურველია.

- როდის იკრიფება ჟოლოს ნაყოფი? - კენკრა მოსაკრეფად მზად არის, როცა მას ღია ალისფერი შეფერილობა აქვს და ადვილად სცილდება მცენარეს. ჟოლოს ნაყოფი დახარისხებას ვერ უძლებს, ამიტომ მოსავალი იმავე ჭურჭელში უნდა დავკრიფოთ, რომლითაც მისი გაგზავნა გვსურს. ჟოლოს ნაყოფი არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მისი კრეფა ყოველ მეორე-მესამე დღეს უნდა განმეორდეს. სიმწიფის პერიოდი განსხვავებულია ჯიშების მიხედვით და 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება.

სათანადო მოვლით 1 ჰექტარზე 8-10 ტონა ჟოლოს აღებაც შეიძლება. მეხილეობის წამყვან ქვეყნებში 1 ჰა-ზე 12-18 ტონა მოსავალსაც იღებენ. გარდა იმისა, რომ სამკურნალო თვისებები აქვს, ჟოლო შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა - 1 ჰექტარზე გაშენებული ჟოლოს ნაკვეთიდან შესაძლებელია 80-100 კგ-მდე მაღალი ხარისხის თაფლის მიღება.

ჟოლოს მურაბა

ჟოლოს მურაბას სხვადასხვაგვარად ამზადებენ. გთავაზობთ ამ უგემრიელესი მურაბის რეცეპტს:

მასალა: 2 კგ ჟოლო, 2 კგ შაქარი, 0,5 ჭიქა სპირტი.

მომზადება: მურაბის ხარისხი და კარგი შედეგი ჟოლოს გარეცხვის წესზეა დამოკიდებული. გარეცხეთ ფრთხილად. ინგრედიენტები ორ ნაწილად გაყავით. დიდ სამურაბე თასში ჩაყარეთ 1 კგ ჟოლო, მოაყარეთ ამდენივე შაქარი, დაასხურეთ ჭიქის მეოთხედი სპირტი, შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა და ინგრედიენტების მეორე ნახევარი თასში იმავე მიმდევრობით დაამატეთ. შაქარმოყრილი და სპირტმოსხმული ჟოლოს თასს გადააფარეთ ტილო და მთელი ღამით დატოვეთ. დილით დაიწყეთ ხარშვა. ხარშვისას კენკრას ნუ მოურევთ (ან ხის კოვზით ძალიან ნელა და ფრთხილად მოურიეთ). ხარშვის დროს არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა. ხარშეთ 1-1,5 სთ-ის განმავლობაში. ჯერ კიდევ ცხელი მურაბა მინის ქილებში გადაასხით, გამოჭერით ქილის სახურავების ზომისა და ფორმის ქაღალდი, სპირტში ამოავლეთ, დააფარეთ ქილას და ხუფი მხოლოდ ამის მერე დაახურეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე