სამშვილდის კანიონის რეინჯერი - კვირის პალიტრა

სამშვილდის კანიონის რეინჯერი

25 წლის ლუსინე (ლუსო) დოსტიბეგიანი სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლის რეინჯერია. ის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ბავშვობიდან ბევრი პროფესია აინტერესებდა, მაგრამ საბოლოოდ მეტყევეობა არჩია - დაცულ ტერიტორიაზე პატრულირებს და ბუნებას - ფლორასა და ფაუნას, მეკობრეებისგან იცავს.

- ტყეში ხშირად დავდიოდი. პაპაჩემსაც მთელი ცხოვრება ტყეში აქვს გატარებული, საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული, კეთილი ადამიანი იყო. მოწაფეობისას რეინჯერებზე, მეტყევეებზე არაერთი ტელეგადაცემა მინახავს, ვკითხულობდი სპეციალურ ლიტერატურასაც, ამ პროფესიის ადამიანებზე ინფორმაციას ვეცნობოდი. ერთხელაც ვაკანსია გამოცხადდა, შევიტანე განცხადება, გასაუბრება გავიარე და რეინჯერად 2018 წლის 23 ივლისიდან ვმუშაობ.

- ეს პროფესია ქალისთვის არ არის რთული?

- იმაზე არ მიფიქრია, რომ დიდი ფიზიკური დატვირთვა მექნებოდა და ვერ შევძლებდი, რადგანაც შრომა მანამდეც მიწევდა. ასაკის მიუხედავად, ყოველთვის დატვირთული ცხოვრება მქონდა, თან, სულ მიხდებოდა ხალხთან ურთიერთობა... ხშირად დავდიოდი ლაშქრობებში, ნახევარი თეთრიწყარო ფეხით მაქვს შემოვლილი, კულტურული მემკვიდრეობის, ბუნების ძეგლებს კარგად ვიცნობ. ბავშვები უსასყიდლოდ დამყავდა საინტერესო ადგილების გასაცნობად. მერე პროექტების ფარგლებში ადგილობრივებისთვის ბანაკებს ვაწყობდით.

- რას მოითხოვს რეინჯერის საქმიანობა? - უნდა პატრულირებდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მიმაგრებულია. მე სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლის რეინჯერი ვარ, რომელშიც 2 სარეინჯეროა. ჩემი ტერიტორია 184 ჰექტარს მოიცავს, სადაც მუდმივად ვპატრულირებ.

- ფეხით?

- დიახ, თუმცა ცხენითაც შეიძლება, მაგრამ ჩვენ ფეხით გვიწევს. როდესაც ჯგუფური შემოვლაა ან დიდ მარშრუტზე (20 კილომეტრზე) მივდივართ, მაშინ სამსახურებრივ მანქანას დავყავართ.

- რა მოგცა ამ სამსახურმა? - როდესაც ჩვენს ბუნების ძეგლს ვათვალიერებ, მის ფლორას, ფაუნას, ვაკვირდები ცხოველებს, მათ ნაკვალევს, ბევრ რამეს ვსწავლობ. საინტერესო პროცესია - აკვირდები ჩიტებს, მწერებს, ცხოველებს და მერე მათზე ინფორმაციას ინტერნეტში ან სპეციალური ლიტერატურით ეცნობი.

გარემოზე რომ ზრუნავ, გინდა სხვებსაც გაუზიარო გამოცდილება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს უთხრა, რომ აქედან იწყება ყველაფერი, რომ გარემო უნდა შენარჩუნდეს ისეთი სახით, როგორიც არის.

- მეკობრე ბევრია ტყეში? - ახლა ნაკლებად... საერთოდ რომ არ გვყავდეს, კარგი იქნება. სწორედ ამისთვის გვაქვს ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ადგილობრივ სკოლებსა და ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების სკოლებში გაკვეთილებს ვატარებთ. გამწვანების, დასუფთავების აქციებს ვაწყობთ; გვაქვს პროგრამები "ერთი დღე რეინჯერთან", "ნორჩი რეინჯერი". ხშირად ვხვდებით მოსახლეობასაც.

- როდესაც მეკობრეს ხვდები, რა ხდება? - მისი დაჯარიმება, ოქმის დაწერა მიწევს, რომ ტყეში მოქცევის წესი დაარღვია, ეს კი ძალიან მთრგუნავს. ამდენ რაღაცას აკეთებს სააგენტო, ამდენი რესურსი იხარჯება, რომ ტყე გადარჩეს და ამ დროს ვიღაცისთვის ნადირობა, თევზაობა, ტყის ჩეხა, საერთოდ, გარემოს განადგურება, ჩვეულებრივი რამ არის. ზოგისთვის ეს გართობაა. არადა, იცის, რომ ეს დაცული ტერიტორიაა და მაინც ასე იქცევა. მართალია, ასეთი შემთხვევა იშვიათია, მაგრამ ის ერთეულიც არ უნდა იყოს.

ბუნებაში ყველაფერი გათვლილია - ყველაფერსა და ყველას თავისი ფუნქცია აქვს, ბალანსი დაცულია და მასში ჩარევას არ გვაპატიებს.

გაგვიფრთხილდნენ რეინჯერებს, მეტყევეებს, ნუ იფიქრებენ, რომ მათი მტრები ვართ, პირიქით. ჩვენ მართლა ძალიან რთულ საქმეს ვაკეთებთ. გაგვიგონ, რას ვემსახურებით და ჩვენთან ერთად გაუფრთხილდნენ ბუნებას.

უერთმანეთოდ ვერაფერს შევძლებთ. ბუნება უნდა გვიყვარდეს, უნდა გვიყვარდეს ცხოველები, მცენარეები. ეს გვაკეთილშობილებს.

- რა მტაცებელი ცხოველებია თქვენს ტერიტორიაზე გავრცელებული? - ჩვენი სარეინჯერო ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენელი ნაწილია. აქ ბევრი გიურზა, დიდი და სახიფათო გველი ბუდობს. თუ ხევში ჩადიხარ, აუცილებლად უნდა იცოდე ბილიკები, რადგან ბევრი კლდოვანი ადგილი, გამოქვაბული, ქვებია და ფრთხილად უნდა იმოძრაო. საღამოსა და ღამის შემოვლებზე მგლებისა და ტურების ხმა ისმის. ტურებს შევხვედრივარ, მგელს - არა. მგელი ზამთარში საშიშია, რადგან ხშირად მშიერია. თუმცა მე პატრულირებისას იმაზე არ ვფიქრობ, სად გველი შემხვდება და სად მგელი, თუ გველი შემხვდება, გავატარებ, ერთს წაისისინებს და წავა. მათ "სისინა მეგობრებს" ვეძახით...

- როგორც ვიცი, ბავშვობიდან საოჯახო მეურნეობაში ხარ ჩართული... - ადრე საქონელი, ღორები გვყავდა, ახლა ბებიას ჰყავს და მას ვეხმარებით. ჩვენ მხოლოდ ქათმები და კურდღლები დავიტოვეთ, რადგანაც ჩემი მშობლები ემიგრაციაში იყვნენ და ჩვენ გვიწევდა ბებიის დახმარება. აქ, თუ არ შრომობ, რთულია ცხოვრება. ბებიასთან ერთად მე, ჩემი ძმა და მამიდა სათიბში დავდიოდით - თივას ვწნეხდით და შეკრულებით მანქანას ვტვირთავდით. გარდა ამისა, საქონლის სადგომის გამოწმენდა, მათთვის თივის მოზიდვა, დაყრა, დაპურება, ნახირში გაშვება და იქიდან მოყვანაც საჭიროა.

- რა გეგმები გაქვს და რას ურჩევდი ახალგაზრდებს? - მინდა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთო ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაში და თვითონაც მეტად განვვითარდე. კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. რა საქმესაც ვაკეთებ, მინდა მეტი რესურსით და გასამმაგებულად გავაკეთო. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზეც ვფიქრობ... ერთი კარგი იდეაც მაქვს - მიწის ნაკვეთზე, სადაც ადრე სათიბი გვქონდა, უეკლო მაყვლის გაშენებას ვაპირებ... ბუნება ჩემთვის სასწაულია. მასთან სიახლოვისა და ჩემი პროფესიის წყალობით მივხვდი, რომ სიცოცხლე ძალიან მიყვარს. ბუნებაა ის, სადაც ვცხოვრობთ და რისთვისაც ვცოცხლობთ. მასზე უარს ვერასოდეს ვიტყვი.

ახალგაზრდებს ვურჩევ, უფრო კეთილები იყვნენ. პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ ხელი არ ჩავიქნიოთ! უკეთესი მომავალი განათლებაშია.

ჩემი ოცნებაა უფრო მეტად განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ახალგაზრდებს განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.