ინ-ვიტრო მეთოდით საქართველოში ნახევარი მილიონი მცენარე "დაიბადა" - კვირის პალიტრა

ინ-ვიტრო მეთოდით საქართველოში ნახევარი მილიონი მცენარე "დაიბადა"

"მცენარეთა ინ-ვიტრო გამრავლებას დიდი შვების მოტანა შეუძლია ჩვენი საარსებო გარემოსთვის"

ინ-ვიტრო განაყოფიერების მეთოდმა არაერთ წყვილს მოჰგვარა შვება ახალი სიცოცხლის გაჩენით. თუმცა, თუ ინ-ვიტრო მეთოდით მცენარეებსაც ამრავლებდნენ და თანაც ჩვენში, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო. არადა, ამ მეთოდით თითქმის ნახევარი მილიონი ნერგისთვის, ნახევარი მილიონი "სიცოცხლისთვის" აქვს დასაბამი დადებული ბათუმის უნივერსიტეტის მეცნიერს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ გულნარა ვერულიძეს. რა თქმა უნდა, ქალბატონ გულნარას პირველად ის ვკითხეთ, რა საერთო და რა განმასხვავებელი ნიშნები აქვს ადამიანებისა და მცენარეების ინ-ვიტრო გამრავლების მეთოდებს.

- როდესაც რამე მიზეზით კვერცხუჯრედს ვერ ანაყოფიერებს სპერმატოზოიდი და ინ-ვიტრო მეთოდია საჭირო, ორი სქესის შეჯვარება ხდება და შვილს ორივე მშობლის - დედისა და მამის თვისებები დაჰყვება, მცენარეებში კი საქმე გვაქვს უსქესო გამრავლებასთან და მიღებულ ნერგს მხოლოდ დედამცენარის თვისებები აქვს, ანუ მისი კლონია. ამისთვის ვიღებთ ამ მცენარის პატარა ნაწილს, მაგალითად, კვირტისგან, ფოთლისგან ან ღეროსგან, და ვათავსებთ ქილაში, სადაც გამრავლებისთვის აუცილებელი სხვადასხვა ნივთიერებაა: მარილები, ვიტამინები, ჰორმონები...

გავა ხანი და ქილაში მცენარის პაწაწინა ნაწილაკისგან უამრავი ამონაყარი გამოიზრდება, რომლებიც იდენტური იქნება იმ დედამცენარისა, საიდანაც თავდაპირველი პატარა ნაწილაკი ავიღეთ. ამ მეთოდს მომავალში დედამიწის გამწვანებაში უდიდესი როლი დაეკისრება.

მცენარეთა ინ-ვიტრო განაყოფიერებას იმ შემთხვევაში მივმართავთ, როდესაც ხელს არ გვაძლევს მცენარის გამრავლება თესლით. თესლით გამრავლებისას ხომ დედამცენარის მთავარი თვისებები იკარგება და ახალმიღებული ნერგი უკვე დედისა და მამის თვისებების მატარებელია.

- რაც სულაც არ არის ჩვენი ამოცანა. - დიახ. თუ, მაგალითად, რომელიმე ჩვენგანს აქვს მსხმოიარობით გამორჩეული ხილი და გვინდა ზუსტად იგივე ჯიში მივიღოთ, ამას თესლით გამრავლებით ტყუილად შევეცდებით ან თუნდაც დამყნობით (დამყნობის დროსაც კი მცენარე ნაწილობრივ საძირე მცენარის თვისებებს იღებს). მხოლოდ კალმით გამრავლებისას იღებს მცენარე სრულად დედამცენარის თვისებებს, მაგრამ ეს პროცესი უფრო შედეგიანია ინ-ვიტრო გამრავლებით, საიდანაც არა მარტო რამდენიმე კალმის ნერგს, არამედ ათასობით კლონურ ნერგსაც მივიღებთ. არის ისეთი მცენარეები, რომლებიც კალმით ვერ მრავლდება ან თუ მრავლდება, ძალიან ძნელად, მაგალითად, ლურჯი მოცვი. კარგი მოცვის პლანტაციებია გურიაში, კერძოდ, ნარუჯაში, სადაც წლების წინ პლანტაციის აგრონომს მრავალჯერ ვთხოვე რამდენიმე ნერგი. მითხრა, რომ ამაოდ ცდილობდა წლების განმავლობაში მოცვის კალმით გამრავლებას. ჩვენი ველური ტყის მოცვიც ხომ მხოლოდ თესლით მრავლდება, მით უფრო, ამერიკული ლურჯი მოცვის გამრავლება სულაც არ გვაწყობს თესლით. ის ურთულესი შეჯვარებებით მიღებული მცენარეა, ამდენად, თესლით გამრავლებისას დაიკარგება მისი მთავარი თვისებები და გარკვეულწილად "წინაპარი" მცენარეების თვისებები დაუბრუნდება.

ინ-ვიტრო გამრავლებას მიმართავენ მაშინაც, როცა უნდათ უვირუსო სარგავი მასალის, ან ძნელად გასამრავლებელი სახეობების მიღება, მაგალითად, უნიკალური ენდემური მცენარეების გამრავლება, თუნდაც კოლხური ბზის... მსგავსი პრობლემები არაერთ წითელ წიგნში შეტანილ მცენარეს აქვს და ინ-ვიტრო გამრავლება მათი გადარჩენაა.

- საოცარი ამბავია. - საოცარი და რთული. ამ პროცესს მეცნიერები "ინ-ვიტრო სისტემაში შეყვანას" ვუწოდებთ. იმისთვის, რომ მცენარე რომელიმე სადეზინფექციო ხსნარმა არ დააზიანოს ან, პირიქით, ნაკლები არ მოუვიდეს და ბაქტერიების უფრო გამრავლება არ დავაჩქაროთ, უზუსტესი მუშაობაა საჭირო. დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც გასამრავლებელი მასალის ამონაყარი იმდენად გაიზრდება, რომ გადარგვა შეიძლება, უკვე მიწაში, ქოთანში გადაგვაქვს. ამ დროს ისეთი პაწაწინები არიან, შეიძლება ეჭვიც შეგეპაროს, რომ მათგან ფესვები გამოიზრდება. თუმცა როცა კარგი მოვლით დაფესვიანებაც იწყება, მცენარის ასაკის ათვლასაც ვიწყებთ. დაფესვიანებიდან ნერგის გრუნტში გადატანამდე წელიწადია საჭირო. რაც მეტხანს გავაჩერებთ მასალას ქილაში, მით მეტ კლონ ნერგს მივიღებთ. აი, ამ გზით 3 წლის განმავლობაში ჩვენს ლაბორატორიაში ნახევარი მილიონი ნერგი "გაჩნდა"...

მცენარეთა ინ-ვიტრო გამრავლებას დიდი შვების მოტანა შეუძლია ჩვენი საარსებო გარემოსთვის.