"პაემანი" ეკლიან მავთულხლართებთან
"პაემანი" ეკლიან მავთულხლართებთან
"ქართულ-ოსური მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლოდ სამმეტრიან მტრედს ვამზადებთ"

15 წელი ამერიკაში ცხოვრობდა და მუშაობდა, ერთ დღეს კი 45 წლის გიორგი მჭედლიძე მშობლიურ ზემო ნიქოზში დაბრუნდა და ქართულ-ოსური შეხვედრებისა და ურთიერთობისთვის "ოაზისის" გაშენებას შეუდგა, რომლის საზღვარი პირდაპირ რკინის ღობესთან, ეკლიან მავთულხლართებთან გადის და სათვალთვალო კამერები 24 საათს აკვირდება... ამ უტოპიური პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია და ავტორი მის დასრულებას ერთ წელიწადში გეგმავს.

- წარმოშობით ნიქოზელი ვარ. განათლების მისაღებად აშშ-ში, კალიფორნიაში წავედი, სადაც
15 წელიწადი გავატარე, განათლებაც მივიღე და გამოცდილებაც. რაც უნდა გასაკვირი იყოს, იქ ვისწავლე სამშობლოს სიყვარული, მიწისა და თავისუფლების ფასი, შრომის კულტურა... სასოფლო-სამეურნეო საქმე ყოველთვის მიყვარდა და იქ საშუალება მქონდა, თანამედროვე კვლევებსა და მიღწევებს გავცნობოდი. კაკლის ღია გრუნტზე დამყნობა,­ მისი ჯიშების გამოყვანა, ჩემი და ჩემი მეგობრების
იდეა იყო. მდელოზე, სათბურის გარეშე გამოგ­ვყავს, რაც ძალიან რთულია. შემოვიტანეთ მსოფლიოში ცნობილი და საკონდიტრო წარმოებაში ძალიან პოპულარული ამერიკული ნონპარეილის ნუშის ჯიშიც.


დაახლ­ოებით 100 ჰექტარზე ოაზისის გაშენებას ვაპირებთ. ეს არის სოფელი ნაცარგორა, ადგილი, სადაც სამაჩაბლოდან მომავალმა თამარ მეფემ ღამე გაათია. ესეც რომ არა, ეს ჩემი კუთხეა და აქ უნდა ვიყო. მეოთხე წელიწადია, რაც დავბრუნდი. ქართველი ვარ და როგორც ერთი ჩვეულებრივი გლეხი, ვალდებული ვიყავი, ჩემს ქვეყანაში, ჩემს მშობლებთან დავბრუნებულიყავი.
33 ჰექტარზე გვაქვს კაკლის სანერგე მეურნეობა, ვახარებთ კურკოვან და კაკლოვან მცენარეებსაც. გვაქვს ხელოვნურად შექმნილი ჭალა, 30 ჰექტარზე კი ნუშის ბაღი; ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს გახსნა გვინდა, ფქვილის წარმოებას ვაპირებთ.


ოაზისში გვაქვს ლიახვის ქვით აგებული სხვადასხვა ფორმის "მეგობრობის კოშკები", რომელთა გარშემო 10-ათასკვადრატულმეტრიანი ბილიკების მოკირწყვლა დავიწყეთ. გავაკეთეთ 630-მეტრიანი ხეივანი, სადაც 100 ათასი ვარდის ბუჩქი დავრგეთ. შემოსასვლელში თაღი აღვმართეთ, ჩვენი მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლოდ კი სამმეტრიან მტრედს ვამზადებთ. შენდება ალვის ხეების ხეივანი, რომელშიც, ჩვენი ჩანაფიქრით, ახალშეუღლებულებმა უნდა გაიარონ. გარშემო 38 ჯიშის სუფრის ყურძენი შემოვავლეთ. იქვე იქნება აბორიგენული საღვინე ჯიში, ღია ვარდისფერი შავკაპიტო. კეთდება ვერანდები, გვექნება თავლები, ცხენებით სეირნობისთვის უკვე მიმდინარეობს 30-მეტრიანი სიმაღლის ხელოვნური მთის გაკეთება. ახლა სულ 60 კაცი მყავს დასაქმებული, ზოგი მათგანი ჩვენვე მოვამზადეთ, ზოგის გამოცდილება კი გამოვიყენეთ. დაგეგმილი გვაქვს ნუშის რესტორნის გახსნა, სადაც შინდის არყითა და ნუშის ფქვილისგან მომზადებული პროდუქტით გავუმასპინძლდებით სტუმრებს. ვაპირებთ საცდელი მეურნეობის გაშენებასაც. რაც მთავარია, უკვე ვმუშაობთ 3D ფილმზე, რომელშიც 2008 წლამდელი სამაჩაბლო იქნება ნაჩვენები. ეს იქნება ფილმი უკომენტაროდ და არა ვაი-ვიში.



- რა იქნება ფილმის გზავნილი?
- ეს იქნება ჩვენი ძმების, ოსებისთვის გაწვდილი მეგობრობის ხელი. ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკისა და სხვადასხვა მიზეზის გამო დაინგრა და ახლა ყველა გზა უნდა ვცადოთ, დავაინტერესოთ, ჩვენი კეთილგანწყობა დავანახოთ. ჩვენს მინდვრებს სამივე მხრიდან ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ესაზღვრება - ცხინვალი, ტბეთი და ხეთაგუროვი. ჩვენ ის რკინის ღობე გვყოფს, რომელიც 2009 წელს აღმართეს. ამ პროექტით მინდა ყველას დავანახოთ, როგორი იყო სამაჩაბლო ომამდე, როგორ ვცხოვრობდით ქართველები და ოსები...

- რა მოხდება, თუ ერთხელაც რუსი ე.წ. მესაზღვრეები რკინის ღობეს გადმოსწევენ...
- 2009 წლის შემდეგ არ გადმოუწევიათ, თუ ახლა გადმო­ს­წევენ, ჯერ ჩვენ უნდა დაგვხოცონ.

- ამ ყველაფერს თანადაფინანსებით აკეთებთ?
- არა, მე და ჩემი მეგობრები ერთობლივად, ჩვენი თანხებით ვაკეთებთ. 5 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია. ის წლები ამერიკაში იმიტომ გავატარე, რომ ჩემს ქვეყანაში წლების ჩანაფიქრისთვის შემესხა ხორცი. მე სკოლა ცხინვალში დავამთავრე. ჩემი სოფლიდან ცხინვალის მე-4 საშუალო სკოლაში ყოველდღე ფეხით მივდიოდი და ოსური ქართულივით ვიცი. იქ ახლა ჩემი ბავშვობის მეგობრები დარჩნენ, რომლებთანაც ურთიერთობას ვაგრძელებ, ისევე, როგორც უცხოეთში გაფანტულ ოს მეგობრებთან. ისინი მგულშემატკივრობენ, მთხოვენ, ფოტოები და ვიდეომასალა გავუგზავნო. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც დიპლომატი, ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვცდილობ, ისინიც დავაინტერესო. იმ რკინის კონსტრუქციის გარშემო ადგილი უნდა შევამციროთ, ამისთვის კი ძლიერი ეკონომიკაა საჭირო.

თუ ვინმე მეტყვის, რომ ეს ერთი პროექტი კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, ვუპასუხებ - არა მგონია, ქვეყნიდან გაქცევა და იქიდან ჭკუის დარიგება გამოსავალი­ იყოს. ყველაფრის მოგვარება სახე­ლმწიფოს არ უნდა მივანდოთ, მით უფრო, რომ სახელმწიფო ჩვენისთანა ადამიანებისგან შედგება. მიხარია, რომ მხარში მიდგას მეუფე ისაია, რომელიც ქართველებსა და ოსებს ერთნაირად გვიყვარს და გვეიმედება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები