"აქ ყოველდღე უფრო უკეთესი ხდები"
11-03-2020
"აქ ყოველდღე უფრო უკეთესი ხდები"
"ხან მე ჩამოვდივარ თბილისში, ხან ცოლ-შვილი ამოდის რაჭაში. მაგრამ, ძირითადად, ზამთარშიც კი, სულ რაჭაში ვარ. აქ თავისუფალი ხარ, ბუნებასთან ახლოს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრობ... დილას რომ გაიღვიძებ და ოთახში -4 ან -5 გრადუსი ტემპერატურაა, ვერ არის სასიამოვნო, მაგრამ ამასაც მივეჩვიე. თანდათან კი იცით, რას მივხვდი? - აქ უფრო ცოცხალი ხარ, ვიდრე გუშინ იყავი. ფიქრისთვისაც ბევრი დრო გაქვს, აქ მე ნამდვილი ცხოვრებით ვცხოვრობ და ამას თბილისში ვერასდროს ვიგრძნობ..."

მისი ამბავი ბევრისთვის იქნება
სამაგალითო და წამახალისებელი. ეს ახალგაზრდა კაცი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ოჯახთან ერთად ვაკეში ცხოვრობდა და მაინც... 29 წლის გიორგი კარტოზიამ დედაქალაქის ცხოვრებას ლამის დაცარიელებული რაჭის თითქმის ყველაზე მაღალ სოფელში ცხოვრება ამჯობინა და მეურნეობას მიჰყო ხელი. რაჭა და გვარი კარტოზია
ვერაფრით დავაკავშირე. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე მისი დედულეთი ყოფილა.

- ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ოჯახი რაჭაში ვატარებდით, იქაურობა განსაკუთრებულად მიყვარს და ამიტომაც გადავსახლდი. ამბროლაურის რაიონის სოფელ ბეთლევში დაკეტილი ხის სახლი გვქონდა. ჩვენი სოფლის გადასახვევი ხოტევის ციხესა და ეკლესიას შორის არის. ბეთლევი მთაში ბოლოს წინა სოფელია, ხოლო ასფალტიან გზას ჩემს სახლამდე 9-10 კილომეტრი აშორებს. მთა და ბუნება ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, ჩვენი სახლი კი სულ ზემოთ არის, ფაქტობრივად, ტყეში ცხოვრობ. ჩვენს უბანს ჩიხრაძეების უბანს ეძახიან. უბანში ჩემ გარდა ხუთი ადამიანია, ერთი მარტოხელა კაცი კი უფრო ქვემოთ, სოფლის შემოსასვლელში ცხოვრობს. ელექტროენერგია და ინტერნეტი გვაქვს, მობილურიც იჭერს, მაგრამ ბუნებრივი აირი და წყალი არ გვაქვს. ზამთარში გზაც იკეტება. მაგალითად, ახლა მანქანით სახლში ვერ ავდივარ - ან ფეხით უნდა ვიარო წელამდე თოვლში, ან ცხენით. წელს გვპირდებიან, მოასფალტებულ გზას გაგიკეთებთო და ვნახოთ, როგორ შეგვისრულებენ დანაპირებს.



- თბილისში სამსახური არ გქონდათ?
- კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვმუშაობდი და კიდევ რამდენიმე­ ადგილას, მაგრამ... მივხვდი, რომ თბილისში ცხოვრება აღარ მინდოდა. მეუღლე­ და ორი შვილი მყავს და, ტრადიციულად, მთელი ოჯახი ავდიოდით ხოლმე რაჭაში,­ მაგრამ 2018 წლის ზაფხულში ჩემები თბილისში გამოვუშვი და მე დავრჩი. მეუღლე მარკეტოლოგია და თბილისში მუშაობს, ამიტომ უკან უნდა დაბრუნებულიყო. რაჭასთან დაკავშირებით საქმიანი იდეები მქონდა. საქმიანობა მე და ჩემმა თბილისელმა მეგობარმა, პროფესიონალმა მეკლდეურმა გიორგი მაცაბერიძემ ტურისტული მომსახურებით დავიწყეთ. მთელი­ რაჭა ფეხით მოვიარეთ, ყველა ბილიკი შევისწავლეთ და შემდეგ ორგანიზაციაც ჩამოვაყალიბეთ. 2019 წელს ცხრაჯვარზე გავაკეთეთ ზიპლაინი და ყველა აღფრთოვანებული იყო. ზამთარში გიორგი გუდაურში ინსტრუქტორად მუშაობს, ამიტომ მე მარტო დავრჩი­ რაჭაში და იქაურობასა და აქაურებს კარგად მოვერგე.

- დათვებისა და მგლების არ გეშინიათ?
- ერთხელ, ღამით მანქანით მივდიოდი. ჩემს მეუღლეს, თამუნას, ველაპარაკებოდი მობილურით და დათვი გადმომიხტა გზაზე. კურდღელს რომ გაეკიდები მანქანით, ცოტა ხანს ისე მივდევდი, მერე კი ტყეში შევარდა. დათვი აგრესიული არ არის. წელს მგლებსაც არ შევუწუხებივარ, ზემოთ არ ამოს­ულან - ხალხი არ არის, არც საქონელია და მგლებსაც საჭმელი არა აქვთ, ამიტომ ქვედა ზონაში ჩნდებოდნენ. შარშანწინ სასტუმროს ეზოში კვიცი შეჭამეს.

ტურები არ გვყავს, სამაგიეროდ, ბევრი მელაა. ადრე ქათმები მყავდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, მელამ კი არა, საკუთარმა ძაღლებმა გამინადგურეს. ორი თეთრი კავკასიური ნაგაზი მყავს და ლეკვობაში გასინჯეს ქათმის ხორცი, ამიტომ ახლა ვაბამ.

- ხორბლის მოყვანის იდეა საიდან გაგიჩნდათ?
- თავდაპირველად ქართული ღორების მომრავლება მინდოდა და მივხვდი, მათი გამოკვება-შენახვა ძვირი დაჯდებოდა; არც პრემიქსით მინდოდა გამეზარდა, ამიტომ ვამჯობინე, მათი საკვები თვითონ მომეყვანა. ხორბლის დათესვის იდეაც ამიტომ გამიჩნდა. მერე აღმოვაჩინე, რომ ოდესღაც რაჭაში ოთხი ენდემური ჯიშის ხორბალი არსებობდა, მაგრამ დიდი ხანი დაკარგული იყო. ყოფილა ზანდური, თეთრი დიკა... ეს უკანასკნელი რაჭული რომ არის, იმით დავასკვენი, რომ დღესაც არიან რაჭაში ადამიანები, ვისაც ახსოვს, მათი წინაპრები ამ ჯიშის ხორბალს რომ ლეწავდნენ. მეც თეთრი დიკის სათესლე მასალა შევიძინე და შარშან ზღვის დონიდან 1300 მეტრზე დავთესე. სხვა ჯიში, თურმე, ასეთ სიმაღლეზე ვერც გაიხარებდა. გარდა ამისა, ხორბლის დათესვაზე ფიქრი გვიან დავიწყეთ, დიკა კი სწორედ საგაზაფხულო ჯიში აღმოჩნდა და ამითაც გამოგვადგა. ასე შევქმენით საცდელი მეურნეობა.



- რა ფართობის მიწა გაქვთ?
- საკუთარი მიწა დიდი არ არის, ამიტომ სოფლის ხალხთან შეთანხმებით ოთხი ჰექტარი დავამუშავე. გიორგი მაცაბერიძემ ტურისტული კუთხით განაგრძო მუშაობა, მე კი ჩემს ბიძაშვილ გიორგი გორგიაშვილთან და დეიდაშვილებთან ერთად ამ საქმეს შევეჭიდე. რაჭაში ტექნიკის პრობლემა გვაქვს. ტრაქტორი კი დავიქირავეთ, მაგრამ კომბაინი არავის აღმოაჩნდა და თერჯოლიდან ამოვიტანეთ. არც სათესი საშუალება გვქონდა და ხელით დავთესეთ. დათესვის წესების ბევრი არაფერი ვიცოდით და თეთრი დიკის მოყვანის წესებიც ზუსტად ვერავინ გვითხრა. უფროს თაობას ვეკითხებოდით, ვინც რა დეტალს გაიხსენებდა, ყველას ვუსმენდით და მერე რაღაცებს ვაჯერებდით. რაჭაში ჩვენ გარდა ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანს) მოჰყავს ხორბალი და ისიც ცდილობს, რაჭას ეს კულტურა დაუბრუნოს. ასეა თუ ისე, დავთესეთ, მოვიყვანეთ და პირველი მოსავალიც ავიღეთ. ძირითადი წილი სამ ჰექტარზე მოვიდა და 6 ტონამდე ავიღეთ.­ ფაქტობრივად, რაც დავხარჯეთ, მოსავალმა ის ამოიღო, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირდა. ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ სამომავლოდ ყველაფერს გავითვალისწინებთ. ამ გაზაფხულს შეიძლება დიკასთან ერთად სხვა ჯიშიც ვცადოთ. რაც მთავარია, შემართება ყველას გვაქვს - ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ!

- ღორების ფერმაც გაქვთ...
- ფერმას ჯერ ვერ დავარქმევ, ჯერ რამდენიმე ღორი მყავს და ველოდები მათ შთამომავლებს. ერთი მყავს გარეული ტახი ანუ მამალი ღორი კერი, რომელიც სანად­ირო მეურნეობიდან წამოვიყვანე, დანარჩენი ქართული ღორია. უნდა შევაჯვარო.­ მინდა, ველურ პირობებში გაიზარდონ. თავიანთი ეზო და სახლი აქვთ, სადაც ცხოვ­რობენ, მაგრამ თავისუფლად მყავს გაშვებული, ტყეში დადიან, იქ იკვებებიან და საბოლოოდ მაინც შინ ბრუნდებიან. ზარმაცები არ არიან, მხოლოდ ტალახში რომ იკოტრიალონ, მშრომელი ღორები არიან და ტყეში ტრაქტორივით ჩიჩქნიან მიწას, საკვებსაც მოიპოვებენ, მაგრამ უკან რომ ბრუნდებიან, სახლში ვახშამი - ხორბალი, ქერი, სიმინდი უნდა დავახვედრო. უნდა მიხვდნენ, რომ აქ ვიღაც მათზე ზრუნავს, სახლის განცდა უნდა ჰქონდეთ, რომ ყოველთვის უკან დაბრუნდნენ. მხოლოდ ზამთარში მჭირდება მათი მთლიანად შინ გამოკვება.

- ოჯახი როგორ ეგუება თქვენს რაჭაში გადასახლებას?
- ხან მე ჩამოვდივარ თბილისში, ხან ცოლ-შვილი ამოდის რაჭაში. მაგრამ, ძირითადად, ზამთარშიც კი სულ რაჭაში ვარ. აქ თავისუფალი ხარ, ბუნებასთან ახლოს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრობ. დილას რომ გაიღვიძებ და ოთახში -4 და -5 გრადუსი ტემპერატურაა, ვერ არის სასიამოვნო, მაგრამ ამასაც მივეჩვიე. თანდათან კი იცით, რას მივხვდი? აქ ყოველდღე უკეთესი ხდები და უფრო ცოცხალი ხარ. ფიქრისთვისაც ბევრი დრო გაქვს. აქ ნამდვილი ცხოვრებით ვცხოვრობ, ამას თბილისში ვერასდროს ვიგრძნობდი.
cira
11 მარტი 2020 16:08
ყველაზე ჭკვიანი და გონიერი, სამაგალითო და მისაბაძი!
მიშა
11 მარტი 2020 13:49
წარმატებებს გისურვებ!
totika
08 მარტი 2020 15:38
წარმატებებს გისურვებ მშრომელო ადამიანო! სისხლის ყივილს გავს ეს ყველაფერი,ცრემლი მომერია....

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?