"უყვარხარ!" - მკითხავი გვირილა გულნატკენს არ დაგტოვებთ
"უყვარხარ!" - მკითხავი გვირილა გულნატკენს არ დაგტოვებთ
გვირილებით მოფენილი ველ-მინდვრების დანახვა თვალსაც ახარებს და გულსაც. ეს ყვავილი ბევრი ადამიანისთვის გაზაფხულისა და სილამაზის სიმბოლოა. გვესაუბრება საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა­ ელბაქიძე.

- გვირილა ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყვავილია, ის ჩვენს ცნობიერებაში ბავშვობიდანვე ჩნდება და ყველაზე მეტადაც სწორედ პატარებს­ უყვართ. გვირილას ხშირად მზესაც ადარებენ, რადგან ყვითელი გულითა და თეთრი ფურცლებით, მართლაც წააგავს მზეს. ბევრი ქვეყნის მკვიდრთათვის არის გვირილა საყვარელი მცენარე. ინგლისელებმა მას დაისყ უწოდეს, რაც "დღის
თვალს" ნიშნავს. ამ მცენარეს პოპულარული რიტუალი უკავშირდება: გოგონები გვირილებზე მკითხაობენ და ეკითხებიან: "ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ?" საქმე ის არის, რომ გვირილის ფურცლების რაოდენობა უმეტესად კენტია და პასუხი ხშირად არის "ვუყვარვარ". ეს სახალისო, ლამაზი ტრადიცია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული.

- რამდენი სახეობის გვირილაა ცნობილი მსოფლიოში?
- დედამიწაზე
გვირილის 300-ზე მეტი სახეობა არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ყვავილების ზომით, შეფერილობით, სიმაღლით, ფოთლების ფორმითა და სხვ. ზოგიერთ ქვეყანაში ის მეგობრობისა და სიყვარულის სიმბოლოა, ზოგან კი ოჯახის სიწმინდის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ავიცენა ამბობს, რომ ვარდისფერი და წითელი გვირილაც არსებობს.

- ჩვენთან, საქართველოში თუ ხარობს ვარდისფერი და წითელი გვირილა?
- ვარდისფერი და წითელი გვირილა უფრო სუბალპურ სარტყელში გვხვდება. საოცარი სანახავია, როდესაც რამდენიმე სახეობის გვირილა ერთად ხარობს. სილამაზის გამო ამ მცენარეს დეკორატიული დანიშნულებითაც იყენებენ. ხელოვნურად გამოყვანილ გვირილებს უფრო ფართო ფურცლები აქვს, თუმცა არანაკლებ ლამაზი და შთამბეჭდავია ჩვეულებრივი, თეთრფურცლიანი გვირილა, რომელიც საქართველოში გავრცელებულია ყველგან. სუბალპურ ზონაში ის, ძირითადად, საძოვრებზე ხარობს. რაჭასა და სვანეთში უფრო დიდი ზომის სახეობებიც გვხდება, რომლებიც 1,5 მეტრ სიმაღლემდე იზრდება. ვისაც გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულში კახეთისკენ უმგზავრია, ვერასოდეს დაივიწყებს, რა ლამაზია გვირილებით მოფენილი გომბორის მიდამოები.


- ალბათ, ამ საუბრის შემდეგ ბევრს გაუჩნდება სურვილი, წითელი და ვარდისფერი გვირილა თავის ეზოში გაახაროს. როგორ უნდა მოახერხონ ეს?
- გვირილის გახარება ძალიან ადვილია, მთავარია, ერთხელ მოამრავლოთ და მერე ეს მცენარე თავის თავს თვითონ მიხედავს. გვირილების გაშენება თესლითაც იოლად შეიძლება. რადგან მისი მტვერი ქარს გადააქვს, შეიძლება წლეულს ერთ ადგილას ხარობდეს და გაისად სულ სხვა ადგილას ნახოთ. გვირილა განსაკუთრებულ მოვლას არ ითხოვს და თუ მის მოშენებას შეძლებთ, თქვენს ეზოში სინათლე და სიმშვიდე დაისადგურებს. რა თქმა უნდა, წითელი გვირილის გახარებაც შესაძლებელია, უბრალოდ, ბუნებაში თუ შეგვხვდება, უმჯობესია არ შევეხოთ და იქვე დავტოვოთ. თუ გვირილა უკვე ყვავილობს და მოძლიერებულია, შეიძლება მისი თესლი მოვაგროვოთ, ოღონდ ისე, რომ მცენარის ძირი და ფესვები არ დაზიანდეს. ამ გზით თუ გავახარებთ და მის ძირებს დავზოგავთ, კარგ საქმეს გავაკეთებთ, რადგან წითელი და ვარდისფერი გვირილა ჩვენში იშვიათი სანახავია.

- არ შეიძლება არ ვახსენოთ გვირილის სასარგებლო, სამკურნალო თვისებები.
- ეს მცენარე იშვიათი სამკურნალო თვისებებით არის დაჯილდოებული. მის საფუძველზე ამზადებენ კოსმეტიკურ საშუალებებსაც - კრემებს, შამპუნებს, კბილის პასტებს. გვირილის ნაყენი უებარია ღრძილების დაავადებისა და ყელის ტკივილის დროს. ანტისეპტიკური მოქმედება აქვს და ჭრილობების შეხორცებასაც უწყობს ხელს. ძველ რომში, სამხედრო ექიმები მონებს სპეციალურად გზავნიდნენ მინდვრებში და ტონობით გვირილას აგროვებინებდნენ, მერე წვენს წურავდნენ და ჭრილობის შესახვევ ქსოვილებს მასში ალბობდნენ. გვირილის ნაყენი ძალიან კარგი საძილე საშუალებაა. გვირილის ნაყენი თმის ძირებსაც ამაგრებს და ღია ფერის თმას ოქროსფერ ბზინვარებას ანიჭებს.

- როგორ ამზადებენ გვირილის ჩაის?
- როგორც ჩვეულებრივი ჩაი, გვირილის ჩაიც ასე მზადდება: 1 ჩაის კოვზ გვირილას მდუღარე წყალს დავასხამთ და მივიღებთ. კარგია მისი გამოყენება თაფლთან ერთად, ოღონდ თაფლი მდუღარე წყალში არ უნდა ჩავუშვათ, რომ თვისებები შეინარჩუნოს. კარგად მოქმედებს გვირილის ჩაი გაცივების დროსაც. მიუხედავად იმისა, რომ გვირილას სპეციფიკური გემო და სუნი აქვს, იტალიელები ამ მცენარეს სალათებში იყენებენ. თუ გვირილის ყვავილების შეგროვებასა და შინაურ პირობებში შენახვას გადაწყვეტთ, გვირილა გზისპირებიდან ან ეკოლოგიურად დაბინძურებული ადგილებიდან არ მოაგროვოთ, რადგან მცენარეები მძიმე ლითონებსა და მავნე ნივთიერებებს ადვილად იზიდავს. საკუთარ ბაღში თუ შხამქიმიკატებს იყენებთ, არც ასეთი გვირილა უნდა გამოიყენოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები