ქორა მახვშის საკურცხილის მთლელი - კვირის პალიტრა

ქორა მახვშის საკურცხილის მთლელი

"მახვშის პიროვნების ძლიერ მხარეებს გადმოსცემდა სავარძელზე გამოხატული სიმბოლოები - ვარსკვლავები, ბორჯღალი და ა.შ."

საკურცხილი (სვანურად) საუფროსო სავარძელს ნიშნავს, რომელშიც სვანეთში ოჯახის უფროსი, ქორა მახვში ჯდებოდა. ძველ დროში მას უმეტესად წიწვოვანი ხისგან თლიდნენ და მოჩუქურთმებული საზურგე და მკლავსაყრდენი ჰქონდა - იმის მიხედვით, რამდენად კარგი ხელი ჰქონდა გამომთლელს. სავარძელი შემკული იყო გეომეტრიული ორნამენტებითა და ასტრალური სიმბოლოებით. საკურცხილს, მახვშის სავარძელს, საკულტო დანიშნულებითაც იყენებდნენ, საპატიო როლს თამაშობდა მიცვალებულთა მოსაგონარ რიტუალებშიც. მახვში გონიერი, დარბაისელი, სამართლიანი, მორწმუნე, უმწიკვლო, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ბრძოლაში კი ლაშქრის წინამძღოლი უნდა ყოფილიყო. მას ეკითხებოდნენ რჩევას. ამიტომ არც მისი სავარძლის გაკეთების უფლება ჰქონდა ყველას. ამას დამსახურება, გვარიშვილობა და კარგი ოსტატობა სჭირდებოდა. სვანეთში იური უდესიანის ულამაზესი ნამუშევარი ყურადღებას პირველივე ნახვისას იპყრობს

- მესტიასთან ახლოს, სოფელ ლენჯერში ვცხოვრობ. წლებია, ამ საქმეს ვაკეთებ. ადრე ყველა გვარს თავისი მახვში ჰყავდა და ცდილობდნენ თავკაცი გამორჩეულ სავარძელში მჯდარიყო. მის გამოთლას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ახლაც ასეა - ყველა მხრიდან სწორი უნდა ყოფილიყო... რაც უფრო მაღალი იყო სავარძლის საზურგე, ესე იგი, მით მეტი საქმე ჰქონდა გაკეთებული მახვშს. როცა თემი სავარძელს უკვეთდა ხელოსანს, მის საქმეებსაც უყვებოდნენ, შემდეგ კი ხელოსანი სავარძელში გამოხატავდა. მისი პიროვნების ძლიერ მხარეებს გადმოსცემდა სავარძელზე გამოხატული სიმბოლოები - ვარსკვლავები, ბორჯღალი და ა.შ. მაღალი საზურგე და თავი უკეთდებოდა მღვდელმთავრის სავარძელსაც. მახვშის სავარძელს ყველა ვერ გააკეთებდა. ისეთი გეომეტრიული ნახაზები აქვს, მისი შესრულება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული... ძალიან მაგარი მასწავლებელი მყავდა - აწ გარდაცვლილი ვასო საღლიანი, ქართული ჩუქურთმის ოსტატი გახლდათ.

- ვიცი, რომ მამაც ხელოსანი გყავდათ. - მამაჩემი ყრუ-მუნჯი იყო, მაგრამ ძალიან კარგი თვითნასწავლი ხელოსანი. მუსიკალურ საკრავებს აკეთებდა - ფანდურს, ჭუნირსა და ჩანგს. მისი ნახელავი მთელ რეგიონში ცნობილი იყო. საკრავებს კაკლისგან თლიდა. ტყეში მიდიოდა და გასაფორმებლად ფერად ხეებს ეძებდა - მწვანე და წითელმერქნიან ხეებს. საბედნიეროდ, მისი ნიჭი მეც გამომყვა. სკოლის დამთავრების შემდეგ თოიძის სახელობის სასწავლებელი დავამთავრე. დანარჩენი გამოცდილებით მოდის.

- თქვენი ნამუშევარი უცხოეთში თუ წაუღიათ?

- საფრანგეთში, უკრაინასა და რუსეთშიც წაუღიათ. ადრე გამოფენებიც მქონდა. სავარძლების გარდა, სუვენირებზეც ვმუშაობ. ადრე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა შემიკვეთეს მახვშის სავარძელი უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოსთვის. ამას წინათ მახვშის სკამი ამერიკაში წაიღეს. ის კაცი ამერიკელი იყო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფოლკლორზე მუშაობდა, მუზეუმი ჰქონია. ბევრი შეკვეთა მაქვს ეკლესიის კარებსა და სხვა ნივთებზე. მე ტრადიციულ ხაზს მივყვები, ორნამენტებს არ ვათანამედროვებ.

- ერთი სავარძლის გაკეთებას რა დრო სჭირდება? - ადრე შესაძლოა წლები ემუშავათ ერთ სავარძელზე, ახლა თანამედროვე ტექნიკის წყალობით რამდენიმე თვემდე დავიყვანეთ. ახლა ვიზუალური მხარე უფრო აინტერესებთ და ამიტომ ნახატებს, ფოლკლორის ელემენტებს, სალოცავების ფრაგმენტებს, საგვარეულო ბორჯღალებს ვსვამთ. ძალიან გავრცელებულია უშგული ლამის ყველა რაკურსით, საზოგადოდ, ბუნების ხედები, პანორამები, მთებისა ან ამა თუ იმ სოფლის ხედები. ასევე, სვანეთის სიმბოლო ლემი, რომელიც დროშაზეც არის გამოსახული. შეიძლება სხვადასხვა წარმართული სალოცავის - ბარაქის, ჯანმრთელობის, მშვიდობის გამოსახულებების გამოკვეთა...

- სად დგამდნენ მახვშის სავარძელს? - ადრე ყველა ოჯახს სვანური სახლი ჰქონდა, სენაკის თავში დგამდნენ მახვშის სავარძელს, მაგრამ სახლებში ჰქონდათ სხვა სვანური ავეჯიც, რადგან სენაკში უფროსი მარტო ხომ არ დაჯდებოდა...

ლრჯმი ჰქვია იმ სავარძელს, რომელზეც მახვშის მიმდევარი და სხვა სტუმრები სხდებოდნენ. ნიშანდობლივია, რომ მასში გამოყენებული მოხატულობა და ჩუქურთმები რომაული მითოლოგიისთვისაც არის დამახასიათებელი. ზოგ სკამზე 6 კაცი ეტევა, ზოგზე - 8, ზოგზე კი 12.

- რომელი ხისგან მზადდება მახვშის სავარძელი? - ფიჭვის მასალით სავარძლის "გული" კეთდება, რადგან ფიჭვი მეტად გამძლეა და ფერიც გამორჩეული აქვს. ისე კი, სავარძლის მასალა რაც შეიძლება გამძლე უნდა იყოს.

სვანეთში ინახება მახვშის სკამი, რომელიც საუკუნეების წინ არის გამოთლილი.

საპატრიარქოს ეგიდით სკოლა მქონდა გახსნილი, რომელიც დაიწვა და ძალიან ბევრი ნაშრომი განადგურდა. 5 კაცი მყავდა დასაქმებული, დაახლოებით 30 ბავშვსაც ვასწავლიდი ხეზე კვეთას, ხატვასა და ხაზვასაც. სვანური ტრადიციები თანდათან იკარგება, არადა, ალექსანდრე ჯაფარიძის, ვასო საღლიანისა და სხვების ძალისხმევით ამ საქმემ აქამდე მოაღწია. მაშინ სკოლა-ინტერნატებიც იყო, ბავშვები სწავლობდნენ, შემდეგ ყველაფერი გაჩერდა. ძალიან მინდა ისევ მქონდეს წრე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევძელი...

- დაახლოებით რამდენი სავარძელი გექნებათ გაკეთებული? - 200-ზე მეტი და ყველა მათგანს სხვადასხვა ჩუქურთმა ჰქონდა. ერთი და იგივე არასდროს გამომდის. ცაცხვი ყველაზე კარგი მასალაა, მაგრამ ჩვენთან არ იშოვება. ძნელად დასამუშავებელია კაკალი, მუხა, თუმცა ნაკეთობა ძალიან ლამაზი გამოდის. ფასიც ამის მიხედვით განისაზღვრება. სავარძლების გარდა, ვამზადებ სვანურ ავეჯსაც, დაბა მაგიდასა და სამფეხა სკამებს, საკარჩხულებს (იგივე საკურცხილი).