მდინარე სულორმა თევზი ვანელი კაცის ეზოში "თავისი ფეხით შემოიყვანა" - კვირის პალიტრა

მდინარე სულორმა თევზი ვანელი კაცის ეზოში "თავისი ფეხით შემოიყვანა"

"წელიწადზე მეტია საცდელად თევზი გავუშვი ორ აუზში. კიდევ მინდა აუზის გაკეთება და საქმის გაფართოება"

გიორგი კალაძე ვანელი კაცია, წლების განმავლობაში თბილისში საქმიანობდა, 5-6 წლის წინ კი მამაპაპეულ კარ-მიდამოში დაფუძნდა და საოჯახო მეურნეობას მიჰყო ხელი. საქმეს მამასთან, რამაზ კალაძესთან ერთად უძღვება. განაახლეს თევზის აუზები, რომელთაც წინათ ბაბუა ამუშავებდა - პრაქტიკულად, თავიდან ააშენეს. თევზის მოშენება-მომრავლება კი იქაურმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრა - მდინარე სულორი ლამის მათ ეზოში ჩამოდის, ეზოდან მდინარის ნაპირამდე 50 მეტრია.

- დავიბადე და გავიზარდე ვანში. მეექვსე წელიწადია, რაც თბილისიდან მამაპაპეულ მიწაზე დავბრუნდით. მეთევზეობას ჯერ კიდევ ბაბუაჩემი მიჰყვებოდა, ოღონდ მე და მამამ ეს ყველაფერი გავაუმჯობესეთ - თევზის ძველი აუზები უკვე დაშლილი იყო და ხელახლა ავაშენეთ. წელიწადზე მეტია საცდელად თევზი გავუშვი ორ არც ისე დიდ აუზში. ერთი 210 კვმ-ია, მეორე კი 30 კვმ. კიდევ მინდა აუზის გაკეთება და საქმის გაფართოება.

მდინარე სულორი ლამის ჩვენს ეზოში ჩამოდის, იქიდან წყალი მილით შემოდის აუზებში და ნაწილდება. ეს მდინარიდან გადმოგდებული არხია. უხსოვარი დროიდან ასეა. ამ მდინარის წყლით კიდევ ქვის წისქვილი მუშაობს. საუკეთესო წყალია. სულორი რომ ბინძური მდინარე არ არის, ეს ისედაც ცნობილი იყო, თუმცა ლაბორატორიულადაც შევამოწმე და საბოლოოდ დავრწმუნდი. მას გაფილტვრა არ სჭირდება, მაგრამ სპეციალური გამანაწილებელი მაინც გვაქვს.

დაბეტონებულ აუზებში სხვადასხვანაირი თევზი ბინადრობს. მყავს მდინარის თევზიც და თევზსაშენიდან მოყვანილიც. პატარა აუზში, ძირითადად, მდინარის თევზია გაშვებული, ის, რაც იქ შეიძლება ბინადრობდეს. მდინარის თევზის გაზრდას დრო სჭირდება და ცოტა რთულია, მაგრამ მე ცუდი შედეგი არა მაქვს. მათთვის შესაბამისი და შესაფერისი კლიმატია შექმნილი, ისეთი, როგორიც მდინარეში შეიძლება თევზს ჰქონდეს. აუზი ქვით არის ამოგებული.

- დიდ აუზში რა თევზი ბინადრობს?

- რამდენიმე სახეობის და რომელთა ერთად ყოფნა შეიძლება: სარკისებური კობრი, სქელშუბლა, თეთრი ამური... კარჩხანა თავისთავად გაჩნდა, უსარგებლოა და მისთვის ღლავიც მყავს გაშვებული, რომ შეჭამოს. ეს ლოქო იქვე ბადეშია მოქცეული, ცალკეა, რადგან ყველაფერს ჭამს. ლოქო დიდი იზრდება და ამიტომაც მინდა ცალკე აუზის აშენება, რომ ყველა ერთად ჩავსხა.

ჩვენთან ველური კალმახიც ბინადრობს. მოვსინჯე, გავუშვი, რას იზამს-მეთქი, და მშვენივრად ცხოვრობს. მოკლედ, ერთად ის თევზებია თავმოყრილი, რომლებიც მშვიდად თანაცხოვრობენ, ერთმანეთს არ ჭამენ.

აუზში მუდმივად წყალი შედის, მერე ისევ მდინარეში გადის. თევზებს იმდენი წყალი აქვთ, რამდენიც არსებობისთვის სჭირდებათ. მდინარის თევზებს დიდად არ უნდათ საკვები, მაგრამ დამატებით ვაძლევ, ოღონდ იმდენს არა, როგორც დიდ აუზში მობინადრეებს. მდინარის თევზებს შორის არის წვერა, ტაფელა, შამაია, ბოლოწითელა, ქაშაყი, ზღვის თევზები...

- რა საკვებს აძლევთ? - დაღერღილ ყვითელ სიმინდს, სხვა არაფერს, არანაირ კვებით დანამატს. ყვითელმა სიმინდმა კარგი შედეგი მოგვცა - თევზი კარგად იზრდება, 2 კგ-მდე იწონის.

- სად ყიდით?

- მოდიან მსურველები და იბარებენ - ადგილზე კილოგრამი 10-11 ლარი ღირს. მე 1 ტონას ვაწარმოებ, ანუ იმდენს, რაც აუზებში ეტევა.

დიდი მნიშვნელობა აქვს, აუზი რა მოცულობისაა, როგორი სიღრმე აქვს და რა რაოდენობის წყალია შიგ. დიდ აუზში 400 ტონა წყალია, სიღრმე 2 მეტრი აქვს და ბევრი თევზი ეტევა. პატარა აუზში 30 ტონა წყალია და ის მუდმივ მოძრაობაშია, მაგრამ გადასაკეტიც აქვს. თევზებს ჟანგბადი სჭირდებათ, უამისოდ ვერ გაძლებენ, ამ მუდმივად მოძრავი წყლით კი ჟანგბადი მიეწოდებათ.

- მოსავლელად როგორია? - მარტივად ვუვლი. შემიძლია მეტსაც მოვუარო და საქმე დავიმატო, მაგრამ ჯერჯერობით სახსრების უქონლობის გამო ვერ ვაშენებ მორიგ აუზს.

- მოკლედ, საქმემ გაგიმართლათ, მდინარის თევზებიც მოამრავლეთ უპრობლემოდ... - დიახ და საქმის გაფართოების სურვილიც გაგვიჩნდა. კალმახის მოშენებას ვგულისხმობ, კალმახის სხვადასხვა სახეობის გამრავლებას ვაპირებ. ეს საქმე დაწყებულიც მაქვს. ვიცი, თევზი საიდან უნდა მოვიყვანო. მთავარია, მოვამზადო და და გავუშვა.

- გრანტით თუ გისარგებლიათ? - არა, ეს საქმე ჩემი სახსრებით დავიწყე. ავტოინჟინერი გახლავართ, მამა ხელოსანია, ყველაფერი მისი გაკეთებულია, ბაბუაც ამ საქმეს მისდევდა. ასე რომ, მშრომელი ხალხი ვართ.

ძალიან მინდა გრანტით ვისარგებლო, რომ უფრო წინ წავწიო ჩემი მეურნეობა, იქნებ სახელმწიფო დამეხმაროს.