ქართულმა ინდაურმა ამერიკულს "გადაუჯოკრა"
09-03-2020
ქართულმა ინდაურმა ამერიკულს "გადაუჯოკრა"
"როდესაც ხალხი მიხვდა, რომ ქართული ინდაურის გადაშენება შეცდომა იყო, ისევ დაიწყეს მისი მოშენება. დღეს ქართული ინდაურის თითო კვერცხი 4 ლარი ღირს"

ინდაური ევროპიდან საქართველოში­ XVIII საუკუნეში შემოიყვანეს და ჩვენს გარემოს ისე მოერგო, ქართული ინდაური გახდა. მისი უქოლესტერინო ხორცი საუკეთესო და სასარგებლო საკვებად ითვლება. ამიტომაც სოფლად ყველგან ზრდიდნენ საშუალო სიდიდის შავ და რუხ ინდაურებს, რომელთაც მოგვიანებით ქართველი სპეციალისტების გამოყვანილი ჩალისფერი ინდაურიც დაემატა. სხვა მრავალი კულტურ
ის მსგავსად, ქართული ინდაურის შენარჩუნებაც პრობლემად იქცა. ის მცირე რაოდენობით მხოლოდ რამდენიმე რაიონში შემორჩა, მათ შორის სამტრედიასა და თიანეთში. საბედნიეროდ, ჩვენში გაიაზრეს, რომ ქართული ინდაურის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს ახალგაზრდა ფერმერების დამსახურებაა,­ მათ შორის საგარეჯოელი გიორგი მათიაშვილისაც.­ მას სწორედ ინდაურის მოშენებამ გაუმართლა: საახალწლოდ მისი ქართული ინდაური რეკორდულ ფასად გაიყიდა. თუმცა უფრო შთამბეჭდავი
დღეს ინდაურის კვერცხის ფასია - თითო 4 ლარი ღირს.

- ფერმერობა ცნობილ ტელევიზიებში­ ოპერატორობის შემდეგ დავიწყე. მამაჩემმა საგარეჯოში რამდენიმე წლის წინ ინკუბატორი შეიძინა, სადაც 90 ათასამდე ქათმის კვერცხი იჩეკება. რამდენიმე წელიწადს ინკუბატორმა კარგად იმუშავა, მერე კონკურენტები გაჩნდნენ და კვერცხის რაოდენობამაც მოიკლო. ამიტომ გადავწყვიტე საქმეში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა - სოციალური ქსელი გამოვიყენე და ინკუბატორში შემოტანილი კვერცხის რაოდენობამ კვლავ მოიმატა. მალე ოჯახიანად საგარეჯოში დავბრუნდი. შემოვიარე სოფლები და გავიცანი ის ხალხი, ვინც ფრინველის რეალიზაციაზე მუშაობდა, ზოგს ინდაურიც ჰყავდა, უმეტესად შორეულ სოფლებში.

ახმეტის რაიონის ერთ სოფელში მივაკვლიე ქალს, რომელსაც რამდენიმე ასეული ხარისხიანი ინდაური ჰყავდა. სწორედ მისგან წამოვიყვანე ინდაურები გასამრავლებლად. ინკუბატორში ინდაურის კვერცხი ნაკლები წარმადობით იჩეკება, ვიდრე ქათმისა. თუ ქათმის კვერცხის გამოჩეკის ალბათობა 90-95%-ია, ინდაურისა - 50-60%. დედა ინდაურიც ბევრად უკეთ ზრდის ჭუკებს, ვიდრე ინკუბატორში გამოჩეკილებს ადამიანები ვზრდით.

- გამიგია, რომ ინდაურის ჭუკების გაზრდა თვით დედა ინდაურსაც უჭირს.
- ვფიქრობ, პრობლემა საკვებია. ადრე სოფლებში ინდაურებსაც და ქათმებსაც დაღერღილი მარცვლეულით ზრდიდნენ, საკვებს სამკურნალო ბალახეულსაც ამატებდნენ. დღეს ბევრს ეს შესაძლებლობა აღარ აქვს. გარდა ამისა, ინდაურის ჭუკს ბუნებრივად აქვს ზრდის რთული პერიოდი. დაბადებიდან პირველ 10 დღეს ვერ ხედავს და ამის გამო ვერც ხეირიანად იკვებება. ამიტომ ჭუკებს აუცილებლად "მივამაგრებ" ხოლმე ქათმის წიწილებს - წიწილები ყოჩაღად იკენკებიან და ინდაურის ჭუკებსაც ჭამას ასწავლიან. ჭუკს ის პრობლემაც­ აქვს, რომ 30-დან 63 დღის ასაკამდე თავზე ბუმბულს იცვლის, რაც მათთვის რთული გადასატანია. ამიტომ არის, რომ ინდაურის ჭუკის ყიდვას მაშინ ცდილობენ, როცა ეს პერიოდი გავლილია. თურმე ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ქართული ინდაურის გაზრდას ერიდებოდნენ. თურმე-მეთქი იმიტომ ვამბობ, ეს მეც არ ვიცოდი, როცა ქართული ინდაური გასამრავლებლად შევიძინე.

- ინდაურის დამფასებლები აქა-იქ იყვნენ შემორჩენილი. ბოლო წლებში რაღა მოხდა?
- ბოლო წლებში ბაზარზე შემოვიდა ამერიკული ინდაური, რომელიც ლამის 2 თვისა 7-8 კილოგრამს იწონის, ზრდასრული კი 25-30 კილოგრამს. შესაბამისად, გასაყიდი ფასიც დიდი აქვს. ჰოდა, ფერმერებმა და სოფლის მოსახლეობამაც ქართულ ინდაურს ამერიკული მეხორცული ინდაური არჩიეს. თუკი შრომობდნენ, მოგებაც უნდა ენახათ. ამასობაში აღმოჩნდა, რომ თურმე არც ისე მარტივად ყოფილა საქმე - თუ ამერიკული ინდაური დიდ წონას აღწევს, ესე იგი, საკვებიც ბევრი სჭირდება - თითო ამერიკული ინდაურის გაზრდის ხარჯი ლამის 400-500 ლარამდე ავიდა, მისი გასაყიდი ფასი კი - თითქმის 600 ლარამდე. მითხარით, რამდენი იყიდის ჩვენში 600 ლარად ინდაურს? ჰოდა, როცა ამერიკული ინდაური ლამის ძროხის ფასად ვეღარ გაიყიდა, ბაზარზე ქართული ინდაურის დიდი მოთხოვნა გაჩნდა. სწორედ ამ დროს მყავდა 170 ფრთა ინდაური.

- წარმომიდგენია, რა მოთხოვნა იქნებოდა.
- ასე იყო. ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 100 ლარი ღირდა, დედაქალაქში კი 120. ამაზე დიდი ფასი ინდაურის კვერცხს დაედო. როდესაც ხალხი მიხვდა, რომ ქართული ინდაურის გადაშენება შეცდომა იყო, ისევ დაიწყეს მისი მოშენება. დღეს ქართული ინდაურის თითო კვერცხი 4 ლარი ღირს. ინდაური დაახლოებით 90 კვერცხს დებს სეზონზე, ზაფხულში, შემოდგომაზე შედარებით ნაკლებს. სწორედ საშემოდგომო კვერცხებით გამოვაჩეკინე ჩემს ქართულ ინდაურებს ჭუკები. გაზაფხულ-ზაფხულში ისინი უკვე კვერცხის დებასაც დაიწყებენ. ასე რომ, ქართული ინდაურის გამრავლებას თავს არ დავანებებ, პირიქით, სხვა ფრინველებსაც მოვაშენებ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
13-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
13-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
13-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
13-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?