გაზაფხული ვენახში - როგორ მოვემზადოთ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის - კვირის პალიტრა

გაზაფხული ვენახში - როგორ მოვემზადოთ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის

"ჩვენი მევენახეებისთვის გაზაფხული ვაზის სხვლასთან არის დაკავშირებული. ის კვირტების დაბერვამდე უნდა ჩატარდეს"

დღეს არაერთი ორგანიზაცია ცდილობს სოფლად თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გავრცელებას. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რომელიც სოფლის ამღორძინებელი უნდა გახდეს. გვესაუბრება ბესიკ კალანდაძე - თსუ-ს პროფესორი, ნიადაგების სპეციალისტი.

ბესიკ კალანდაძე: - მოსავლიანობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს კარგი მოსავლის მიღების ის საფუძველი, რომელიც კარგად იცოდნენ ჩვენს სოფლებში - ეს არის გვიან შემოდგომაზე ნიადაგების დახვნა და საგაზაფხულოდ მომზადება. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს აკლებს ჩვენი გლეხი მოსავალს, რომელიც ნიადაგს შემოდგომაზევე არ ხნავს და მხოლოდ გაზაფხულზე იწყებს. დახვნისას წარმოქმნილ მსხვილ ბელტებს გასაფხვიერებლად იმდენი დრო სჭირდება, ნიადაგი თესლის მისაღებად მომზადებას ვერ ასწრებს და მოსავლის დიდი ნაწილი იკარგება.

დათესვას ტენიანი ნიადაგი ესაჭიროება, რითაც უკვე გაზაფხულიც იშვიათად გვაჯილდოებს. სამაგიეროდ, როდესაც ნიადაგს შემოდგომაზე, მზრალობა-სიცივის პერიოდში ვხნავთ, ზამთრის ყინვები და მცირე ნალექებიც კი ბელტის გაფხვიერებასა და ნიადაგში ტენის შენარჩუნებას განაპირობებს. ახლა მარცვლეულისა (ქერის, ხორბლის) და იონჯის ხვნა-თესვა მიმდინარეობს და ვინც შემოდგომაზე დახნა ნაკვეთი, თავი ქუდში აქვს, მის დათესილ მარცვლეულს ნიადაგში ტენი დახვდება და ამოჯეჯილდება კიდეც.

თუ ისედაც მშრალ ზამთარსა და გაზაფხულზე ნიადაგი დახნული არ არის, მასში თესვა სარისკოა - მშრალ ნიადაგში თაგვი თუ მწერი იბუდებს და მარცვლეულის ნაწილს გაანადგურებს.

- მაგალითად, დასავლეთ საქართველოში სიმინდისთვის ნიადაგს მარტშიც ხნავენ.

- ხნავენ, მაგრამ ბრძენმა გლეხმა იცის, რომ სიმინდისთვისაც საშემოდგომოდ დახნული ნიადაგი ჯობს. გარდა ამისა, გაზაფხულ-შემოდგომაზე მოხნულ ნიადაგს მიზერული დანახარჯი, მცირე კულტივაცია სჭირდება. გაფხვიერებული ნიადაგი გაზაფხულზე დათესილი ბოსტნეულისთვისაც საუცხოოა. საბოსტნე კულტურების, მწვანილეულის თესვა, რომელიც სწორედ მარტში მიმდინარეობს, შემოდგომაზე მომზადებულ ნიადაგზე ადვილიც არის და საიმედოც.

- თხილთან დაკავშირებულ საგაზაფხულო სამუშაოებზე რას იტყვით?

- თხილსაც შემოდგომაზე ესაჭიროება შემობარვა და ფოსფორიან-კალიუმიანი სასუქის ჩაყრა, რომლის გახსნას ნიადაგში ცოტა მეტი დრო სჭირდება და სწორედ ამიტომაც უნდა ჩაიყაროს შემოდგომაზე. მაგრამ ადრეულ გაზაფხულზე ან თებერვალში, როდესაც თხილს თუ სხვა მცენარეებს ჯერ კიდევ ყლორტები არ დაბერვია, აუცილებელია შეწამვლა მავნებლებისა და სოკოს საწინააღმდეგო ხსნარებით. საუკეთესოა ბორდოს ხსნარით შეწამვლა. ამ პერიოდში თხილის დარგვაც კარგია. აღმოსავლეთ საქართველოში თხილის გასხვლაც შეიძლება, იქ, სადაც ამ კულტურას ჯერ კიდევ არ დაბერვია კვირტები. ახალი კულტურები, მაგალითად, ინტენსიური ჯიშის ხეხილი, მიზერულ მოსავალსაც არ მოგვცემს გასხვლის გარეშე.

ჩვენი მევენახეებისთვისაც გაზაფხული ვაზის სხვლასთან არის დაკავშირებული. ის კვირტების დაბერვამდე უნდა ჩატარდეს. ჩვენი გლეხობა ვაზის სხვლისას ხვდება, რით უშველოს ვენახის გასაჭირს. თუ ვაზის სანაყოფე რქები სუსტად არის განვითარებული, კვირტებს შორის კი მანძილი დიდია, ე.ი. ვაზს წინა წელს ნაკლები ესხა, შტამბზე ძლიერი ამონაყარი კი ნიშნავს, რომ ვაზი გაახალგაზრდავებას საჭიროებს და სპეციფიკური სხვლა უნდა ჩატარდეს.

- ორგანული ნარჩენების გაზაფხულზე დაწვაზე რას იტყვით?

- ეს დაუშვებელია! თავად მინახავს ნარჩენების დაწვის გამო გაჩენილი ხანძარი. ნარჩენები, ნაკელთან ერთად, უძლიერესი ბიომკვებავია ყველა კულტურისთვის, რაც გლეხების უმეტესობამ არ იცის. ამიტომაც გადავწყვიტეთ უნივერსიტეტში, რომ ეს ახალგაზრდა თაობისთვის გვესწავლებინა სოფლებში. ჯერ ის ადგილი იღობება, სადაც ნარჩენების ჩაყრა ნაკელთან ერთად შემოდგომიდანვე უნდა დავიწყოთ, როცა ბაღჩეულს ავიღებთ და ბოსტნებში ღეროებიღა დარჩება. ღეროები თუ მიწაზე ჩამოცვენილი ფოთლები კომპოსტის ყუთში ნაკელთან ერთად უნდა ჩავყაროთ. ასე უნდა გავაგრძელოთ გაზაფხულამდე.

ამ ეტაპზე ისეთი ტემპერატურა გვაქვს, ნაადრევი მარცვლეული, მაგალითად, სიმინდი ან ლობიო შეგვიძლია დავთესოთ, ოღონდ მცირე ფართობზე. ჩვენ ხომ არ ვიცით, იქნება თუ არა ნაგვიანები საგაზაფხულო ყინვები, რომელიც ნათესებს აუცილებლად დააზრობს, ზოგადად კი მარცვლეული კულტურების თესვა მაინც მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში გვიჯობს.

ეთერ ერაძე