ახალგაზრდა მეღვინის ორსაუკუნოვანი მარანი - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა მეღვინის ორსაუკუნოვანი მარანი

2017 წელს BBC წერდა: "თბილისიდან სამხრეთით, გვიანი ნეოლითური ხანის ორ ნასოფლარში, შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაში, არქეოლოგებმა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მათზე ღვინის შემადგენელი ნაწილები ნალექის სახით იყო შერჩენილი. მეცნიერების თქმით, ჭურჭელი დაახლოებით 8 ათასი წლის წინანდელია". არქეოლოგების თქმით, მეღვინეობა საქართველოში 8 ათასწლეულს ითვლის... ასეთი ძველი არა, მაგრამ სპეციალისტების თქმით, XVII-XVIII საუკუნეების რამდენიმე მარანი და ქვევრები მოსახლეობამ აღმოაჩინა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში.

დავით კუდაშვილი: - მარანი პაპაჩემის (დედის მხრიდან) ბიძის იყო. მას შვილები არ ჰყოლია, მემკვიდრე პაპაჩემი და მისი ძმა იყვნენ. მარანი კი გადმოიბარეს, მაგრამ ღვინის დაყენება აღარ გაუგრძელებიათ, თან კომუნისტებმა ვენახებიც ჩამოართვეს და აქაურობა უყურადღებოდ დარჩა. ამიტომ შენობას სარეველა მოედო. თავად მარანი 43 კვმ-ია. იქ თავიდან ჩანდა, რომ 5 ქვევრი იყო, მათგან ორი - 1,5-18-ტონიანი და სამი - 300-ლიტრიანია. ეჭვი სულ მქონდა, რომ დიდი ხნის ქვევრები იყო, მაგრამ სპეციალისტს არასდროს უნახავს.

- და მათი ასაკის დადგენა გადაწყვიტეთ? - მეუღლე ღვინის კომპანიაში მუშაობს, მეღვინეა. ჩვენი სურვილებიც დაემთხვა, რომ მარნის რეაბილიტაცია დაგვეწყო. ტექნოლოგიურადაც გავმართავ.

- ესე იგი, ღვინის წარმოებას აპირებთ?

- მას შემდეგ, რაც კედლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სახურავიც შესაცვლელია... სხვა სპეციალისტებსაც ვკითხეთ აზრი, მათ შორის, რესტავრატორებს, ჩვენს მეღვინე მეგობრებს.

თავიდან ის 5 ქვევრი გავასუფთავეთ, კარგად რომ გამოჩენილიყო. მიწის გადაცლისას სხვა ქვევრებიც ვიპოვეთ და ამჟამად სულ 11 ქვევრია. ბოლოს აღმოჩენილი 6 ქვევრი შედარებით პატარაა, საზედაშეები...

- რა გეგმები გაქვთ? - მარანს ფუნქცია უნდა დავუბრუნოთ და ამ ქვევრებში ღვინის დაყენება დავიწყოთ.

- რა მდგომარეობაშია თითოეული მათგანი? - დიდი დრო გავიდა, ქვევრი პირვანდელ მდგრადობას ვერ შეინარჩუნებდა, რადგან მიწისძვრები, მიწისქვეშა ბიძგები და ბევრი რამ ქვევრს ხარვეზებს უჩენს და ეს ჩვენს ქვევრებსაც ჰქონდა. ასე რომ, როგორც ქვევრი ინახავს ღვინოს, ისე ინახავს ღვინო ქვევრს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჯაჭვი დარღვეულია.

- ქვევრის რესტავრატორთანაც გაიარეთ კონსულტაცია?

- დიახ, ამ საქმეში ქვევრების ოსტატი ივანე ბახბახაშვილი დაგვეხმარა - პატარ-პატარა ხარვეზები, ბზარები შეივსო და დამუშავდა.

- მარანი რომ დასრულდება, რა სახეს მიიღებს? - ვენახიც ძეგვში გვაქვს - ჩინურია, გორული და ქართლის ჯიშები, თუმცა განახლებას საჭიროებს. ვენახიც მარანივით ძველია, დაახლოებით საუკუნის და განახლება სჭირდება. ვაწესრიგებ, ეკალბარდს ვაცილებ, ვასუფთავებ. ახლა ვენახი 3 ათასი კვმ-ია. ვნახოთ, ხელი როგორ მოგვემართება, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული. ძალიან გვინდა ვიზიტორების მიღება, უნდა იცოდნენ, რომ ღვინის დაყენების უძველესი კულტურა გვაქვს, რაც მთელ მსოფლიოში გამოგვარჩევს.

მარანი დიდ სიწმინდესთან არის დაკავშირებული, ლეკიანობის დროს მარანში ნათლობასაც კი ასრულებდნენ. როცა ამხელა წარსული გაქვს, საქმესაც მეტი მოკრძალებითაც უდგები. ის ჯაფა, ის შრომა და ჩვენი წინაპრების დანატოვარი საქმე დასაფასებელია და აუცილებლად გაგრძელდება.

მარნის დედაბოძი საკრალური ჩუქურთმით

დავით კუდაშვილის მარანში აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის შესახებ მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი გვიამბობს:

- მარანი მართლაც უნიკალურია, რადგან ის ძეგვი-კავთისხევის არქიტექტურულ სტილს მიეკუთვნება. ამგვარ მარნებს მხოლოდ ამ არეალში შეხვდებით. ნაგებობა უნიკალურია იმითაც, რომ მასში შემორჩენილია კარგად შენახული დედაბოძი, რომელიც აქაური წესით საწნახელზეა მიდგმული და გარდა პრაქტიკულისა, საკრალური დატვირთვაც აქვს. ქართლ-კახური მარნების მსგავსად, აქ არის ბუხარიც. მარანი თავდაპირველად ბანიანი ნაგებობა იყო და სახურავი მოგვიანებით გაუკეთდა. მასში გვხვდება ხელსაბანი "ნიჟარაც", რაც ჰიგიენის დაცვის დიდ ყურადღებაზე მიანიშნებს. მეტად საინტერესოა დედაბოძის საკრალური დეკორი. ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია თქმა, რომ მარნის საფუძველი 3 საუკუნის წინ არის ჩაყრილი.