ახალციხელი მებოსტნე - კვირის პალიტრა

ახალციხელი მებოსტნე

გიორგი ზედგინიძე: "მოვლილი ტარხუნა ყოველთვის უფრო სურნელოვანია, ჯიშსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ძველებური ქართული ჯიში მაქვს. დაახლოებით 10 წლის წინ ვიპოვე და გავამრავლე"

რამდენიმე წელიწადია, სააღდგომოდ, ადრიან გაზაფხულზე, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები გიორგი ზედგინიძე დილის 5 საათიდან თავის სათბურებში დაფუსფუსებს. როგორც ამბობს, ყოველდღე იმ განწყობით შედის კვლებში, რომ ბოლოკისა და ტარხუნის კარგი მოსავალი ექნება და ამართლებს კიდეც...

გიორგი ზედგინიძე: - სულ 3 სათბური მაქვს - 400, 500 და 600 კვმ მიწის ნაკვეთებზე. წლის განმავლობაში 3-4 ჯერ მომყავს მოსავალი. ადრე გაზაფხულზე ბოლოკი მომყავს, მერე ტარხუნაზე ვიწყებ მუშაობას - მარტის ბოლოსთვის, წინასააღდგომოდ, მწვანილი ბარაქიანად იყიდება და მეც ბლომად უნდა მქონდეს. ჩემი სამეურნეო მიწის ნაკვეთი ახალციხის ახლოს არის და შემკვეთთან რამდენიმე წუთში მიმაქვს მანქანით, რათა ხასხასა მწვანილი ჩავაბარო. რაც მეტი მომყავს, უფრო მეტი შემკვეთი მყავს და ძალიან მიკვირს მათი, ვინც ამბობს, ვერ ვყიდიო. მხოლოდ ახალციხის ბაზრისთვის კი არა, ადგილობრივ მაღაზიებსა და ჯავახეთის მოსახლეობისთვისაც მიაქვთ - ზოგი გადამყიდველია, ზოგი საკვებ ობიექტებს ამარაგებს. ტარხუნასაც და ბოლოკსაც კონებით ვზომავ და სეზონზე 5 ათას კონამდე ვყიდი. ტარხუნა არ ითესება, ვრგავ. თვეში ერთხელ ამოდის, ვჭრი, ჩვენ გადაბელვას ვეძახით, და კვლავ იზრდება.

- დარგვამდე, ალბათ, მიწა მუშავდება?

- დიახ, ყოველწლიურად ვუცვლი ადგილს, მიწას ბიოსასუქით ვამუშავებ, ორმაგად ვბარავ, ანუ ორი პირი ბარის გადავლა სჭირდება, რადგან შესაძლოა სარეველამ აჯობოს. მარტიდან რომ ვიწყებ ტარხუნაზე მუშაობას, დეკემბრამდე ამოდის და ვჭრი. მოვლილი ტარხუნა ყოველთვის უფრო სურნელოვანია, ჯიშსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ძველებური ქართული ჯიში მაქვს. დაახლოებით 10 წლის წინ ვიპოვე და გავამრავლე. დარგვიდან 2-3 წლის შემდეგ ბუჩქს იკეთებს, მას ვანაწილებ და ვამრავლებ.

ზოგს ჰგონია, რადგან სათბურში მოყვანილია, უხარისხოა, არადა, აქ ბევრად ჯანსაღი პირობებია, გარეთ ისეთი გაფუჭებულია ჰაერი, ბევრჯერ გვიწევდა შეწამვლა, შედეგი რომ მიგვეღო, არ დამჭკნარიყო და არ გაფუჭებულიყო, სათბურში კი მწერებისა და სხვადასხვა დაავადებისგან ბევრად დაცულია. სეტყვას ვინ ჩივის, წვიმაც აფუჭებდა, ამიტომ სათბური უფრო გამართლებულია.

- ბოლოკს როგორ უვლით? - მიწის დამუშავება, განოყიერება და მუდმივი ზრუნვა... ამ კულტურის აღების შემდეგ კიტრსა და პამიდორს ვრგავ. თავადაც გამომყავს ჩითილები, ძველებურ პამიდვრის ჯიშებსაც არ ვეშვები. კომბოსტოზეც ვმუშაობ, მაგალითად, თეთრი და მწვანე "მაგირი" ძალიან ხარისხიანია, პამიდვრის ჯიშებიდან - ვარდისფერი კვერცხისებრი, "საბანკე". ასევე, "კარტოფილა", რომელსაც კომუნისტების დროს ვოლგოგრადის ჯიშს უწოდებდნენ, დიდი მოთხოვნაა მასზე სუფრისთვის, მწნილისთვის, საწებლებისთვის... უცხოეთიდანაც გამომიწერია სხვადასხვანაირი ჯიში, მაგრამ ისინი იქაურ პირობებს არის მორგებული, ან ჩვენ უნდა შევუქმნათ აქ და მაინც ჩემებური მირჩევნია. თუმცა მიმუშავია უცხოეთიდან გამოწერილი კიტრის, ბადრიჯნის, წიწაკის ჯიშების მოყვანაზე. ზოგი ლამაზია, მაგრამ უხეში, და არც გემო აქვს.

ჩემი სათბური ნახევრად დახურულია, ზაფხულში უმეტესად ღია მაქვს, რადგან ბოსტნეულს მზე სჭირდება.

- მუშახელს ქირაობთ? - ძირითადად, ოჯახის წევრებთან ერთად ვუვლი, ორი შვილი მყავს, გოგო-ბიჭი. მუშაობა არც ერთს არ ეზარება, მაგრამ მოსავლის აღებისას, ანუ აპრილიდან სათბურებში ბოსტნეულისთვის კვლების გაყვანისა და დარგვისას, უკვე მუშახელი მჭირდება. აუცილებლად ადგილობრივი უნდა იყოს, რომ გამთენიისას, 5 საათისთვის ჩემთან იყოს, რათა 12-მდე მოვრჩეთ, მერე არც ნარგავებისთვის არის კარგი მუშაობა და ადამიანიც ცოდვაა.