ინდოელებისა და ინდიელების ცხარე საჩუქარი
ინდოელებისა და ინდიელების ცხარე საჩუქარი
საქართველოში ცხარე სანელებლები ძალიან უყვართ. მათ შორის წამყვანი ადგილი წიწაკასა და შავ პილპილს უკავია. მართალია, ცხარე კერძებს უფრო დასავლეთ საქართველოში ამზადებენ, მათზე არც აღმოსავლეთ საქართველოში ამბობენ უარს. გვესაუბრება საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე.

- შავი პილპილი და წითელი წიწაკა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მცენარეა. შავი პილპილი ძალიან უყვართ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. ეს არის მრავალწლიანი ხვიარა მცენარე, რომლის სიგრძემ შესაძლოა 15 მეტრს მიაღწიოს და
20-30 წელიწადს იცოცხლოს. შავი პილპილი ინდოეთის სანაპირო რეგიონებშია გავრცელებული და ადგილობრივი მოსახლეობა უძველესი დროიდან იყენებს. ევროპაში ეს მცენარე ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროიდან იყო ცნობილი: ის საბერძნეთში ინდოეთიდან შეიტანეს. მისი მარცვლები მეცნიერებმა ეგვიპტურ სარკოფაგშიც აღმოაჩინ
ეს. შეიძლება ითქვას, შავ პილპილს ამერიკის აღმოჩენაშიც მიუძღვის დიდი წვლილი.

- ეს როგორ მოხდა?
- კოლუმბის ექსპედიცია ინდოეთისკენ მიცურავდა სანელებლებისთვის, არადა, ამერიკის კონტინენტზე აღმოჩნდა. მაშინ ეს პროდუქტი ძალიან ძვირად ფასობდა. იყო დრო, როცა სანელებლებს ოქროსა და ფულის ნაცვლადაც იყენებდნენ, შავი პილპილით გადასახადებსა და ჯარიმებსაც იხდიდნენ.



- შინაურ პირობებში შეიძლება შავი პილპილის გახარება?
- მცენარე ტროპიკულია და ჩვენს ზონაში მისი მოყვანა გამორიცხულია. ამიტომ ის ჩვენთან უცხოეთიდან შემოაქვთ როგორც მარცვლებად, ასევე დაფქული. შავი პილპილი არაჩვეულებრივ არომატს აძლევს ბევრ კერძს და შეუცვლელია. ის სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარება დაუშვებელია მათთვის, ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებთ.

- ამ მცენარისგან განსხვავებით, საქართველოში კარგად ხარობს წიწაკა.
- დიახ, წიწაკა ჩვენთან მშვენივრად ხარობს. ეს სხვა მცენარეა და ბოტანიკურად სხვა ოჯახში შედის, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი წითელი, ანუ ბოსტნის წიწაკაა. მისი სამშობლო ამერიკის სუბტროპიკული ზონაა, კერძოდ, მექსიკა და მისი მიმდებარე ქვეყნები. ევროპელები ამერიკის აღმოჩენამდე მასაც არ იცნობდნენ, თუმცა აცტეკები და მაიას ტომის ხალხი წიწაკას ოდითგანვე იყენებდა. ცნობილი ფაქტია, როცა კონკისტადორები ამერიკაში შევიდნენ, ადგილობრივმა ტომებმა გახურებული ნაკვერჩხლები გამოიტანეს და დაფქული წითელი წიწაკა მოაყარეს. დამწვარმა ფხვნილმა საშინელი ცრემლდენა გამოიწვია და ადგილობრივმა მოსახლეობამ ესპანელ კონკისტადორებს ის ბრძოლა მოუგო. ამერიკიდან წიწაკა ესპანეთში შეიტანეს, მერე კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

- როგორ ახარებენ ამ მცენარეს?
- წითელი წიწაკა ერთწლიანი მცენარეა და მისი მოყვანა შეიძლება ჩითილების დარგვით. ხშირად მოჰყავთ სათბურებში, თუმცა ღია გრუნტშიც რგავენ. რადგან წიწაკა თბილი გეოგრაფიული ზონის მცენარეა, მარტში არ უნდა დაითესოს, მისი დარგვა და დათესვა უმჯობესია აპრილში, როცა კარგად დათბება. წითელი წიწაკა მშვენივრად იზრდება და კარგ ნაყოფსაც იძლევა. ის განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება დასავლეთ საქართველოში - დიასახლისები მას სხვადასხვა კერძს უმატებენ და აჯიკასაც ამზადებენ. კერძებში იყენებენ უკვე მომწიფებულ წიწაკას, რომელსაც წითელი ფერი აქვს, თუმცა მწვანე უფრო არომატული და წვნიანია. ის მეტ ეთერზეთს შეიცავს, ამავე დროს, მასში შედის ნივთიერება კაფსიკუმი, რომელსაც სხვაგვარად ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ. წიწაკა დიდი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს, მათ შორის, ჩ ვიტამინს - წიწაკაში ეს ვიტამინი გაცილებით მეტია, ვიდრე ლიმონში.

- რას გვეტყვით ბულგარული წიწაკის შესახებ, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია?
- წითელი წიწაკა ორ ჯგუფად იყოფა - ცხარე და ტკბილ წიწაკად, რომელსაც ჩვენში "ბულგარულს" ეძახიან. ეს გამოყვანილი ჯიში მრავალ ქვეყანაში გახდა პოპულარული. არსებობს ნარინჯისფერი, მწვანე, იასამნისფერი წიწაკა - სელექციონერებმა ბევრი ჯიში გამოიყვანეს. ბულგარულ წიწაკას მეტად სასარგებლო დიდი წვნიანი ნაყოფი აქვს. გარდა იმისა, რომ არომატულია, ის შეიცავს ლიკოპინს - ნივთიერებას, რომელიც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს. მასში შემავალი ვიტამინები დადებითად მოქმედებს კანზე, თმასა და კბილებზე, აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. წიწაკა სასარგებლოა მათთვის, ვისაც წონის დაკლება და ჯანსაღ კვებაზე გადასვლა სურს.

- კიდევ რომელს გამოყოფდით წიწაკის ჯიშებს შორის?
- ალბათ, ნანახი გექნებათ წიწაკა, რომელიც ქოთნებში მოჰყავთ და მცირე ზომის ნაყოფი ასხია. ამ წიწაკის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჯიშს "კაროლინა" ჰქვია, ყველაზე ცხარე ჯიშებს შორის კი უნდა დასახელდეს ხაბანერო, რომლის ნაყოფი ზოგი ყვითელია, ზოგი წითელი, ზოგიც იასამნისფერი. ერთ ძირზე სხვადასხვა ფერის პატარა წიწაკები ძალიან ლამაზი სანახავია. "ხაბანერო" ძალიან ცხარე ჯიშია, რომელიც ჩვენთან კარგად ხარობს, განსაკუთრებით, აპრილის მეორე ნახევარში თუ დავთესავთ. მას კულინარიაშიც იყენებენ კონსერვების დასამზადებლად, მისგან უამრავი დასახელების სალათაც მზადდება.

ძალიან ცხარე წიწაკაა ჩილი. "ჩილი" მას აცტეკებმა უწოდეს, რაც ქართულად "წითელს" ნიშნავს. სხვათა შორის, არსებობს წიწაკის სიცხარის განმსაზღვრელი სკალა. ყველაზე ცხარე "ხაბანეროა", ასევეა "კაროლინა" - მათი სიცხარე მილიონამდეც კი ადის, ხოლო ბულგარული წიწაკის სიცხარე დაახლოებით 0-დან 100 ერთეულამდე მერყეობს. სწორედ ამიტომ ჩვენი დიასახლისები აჯიკის დამზადებისას სიცხარის გასანეიტრალებლად ბულგარულ და ცხარე წიწაკას ერთმანეთში შეურევენ, მაგრამ თუ ცხარე აჯიკის გაკეთება სურთ, მას მწარე წიწაკისგან ამზადებენ.

- რამდენად პრეტენზიულია ეს მცენარე ნიადაგის მიმართ?
- წიწაკისთვის ზომიერი ნიადაგია საჭირო. ჩვენს პირობებში უპრობლემოდ იზრდება როგორც ცხარე, ასევე ტკბილი წიწაკა და ორივე მოსავლიანია. ყვავილობის დროს ეს მცენარე ზომიერად წყალსაც საჭიროებს. გამძლეა მავნებელი დაავადებების მიმართ. საქართველოში ის თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს. მართალია, დასავლეთ საქართველოში უფრო ჭარბად იყენებენ, მაგრამ წითელი წიწაკა აღმოსავლეთშიც პოპულარული მცენარეა. შავ პილპილს ნამცხვრებსაც ამატებენ მცირე ოდენობით, რადგან თავისებურ, პიკანტურ გემოს აძლევს. მისი ჩამატება ყავაშიც შეიძლება, არაჩვეულებრივ გემოს და არომატს აძლევს. შავი პილპილისგან განსხვავებით, წიწაკა ერთწლიანი მცენარეა.

- ბევრს კამათობენ ცხარე საკვების უარყოფით და დადებით თვისებებზე. ვისთვის არ არის სასურველი შავი პილპილით ან წიწაკით შეზავებული საკვები?
- თუ ადამიანს თირკმლები, კუჭი, ან ღვიძლი აწუხებს, მაშინ ცხარე კერძებს უნდა მოერიდოს, ჯანმრთელისთვის კი ზომიერად მიღებული ცხარე საკვები კარგია, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კლავს ბაქტერიებს და ენდორფინივით მოქმედებს. სხვათა შორის, წიწაკის საფენებს რევმატიზმის სამკურნალოდ იყენებენ, ხოლო მალამოებს - სახსრების ანთების დროს. ბოლოს კი, ერთი სასარგებლო რჩევა მაქვს მათთვის, ვინც მებაღეობას მისდევს და თავის ნაკვეთში ქიმიური ხსნარების გამოყენება არ სურს: ასეთ დროს წიწაკის წყალხსნარი უნდა მოვამზადოთ და ბაღში მოვაფრქვიოთ - ეს ნაყენი ძალიან კარგია ტკიპებისა და მავნებლების მოსასპობად. საუკეთესო ეფექტი აქვს სარეცხი საპნისა და წიწაკის ხსნარების ერთად გამოყენებას - მათი დახმარებით თქვენი მოსავალი ეკოლოგიურად სუფთა იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?