"ჩემს მეურნეობაში ყველაფერი ჩემებურად უნდა იყოს"
"ჩემს მეურნეობაში ყველაფერი ჩემებურად უნდა იყოს"
ნანი ქავთარაძე წლის უმეტეს ნაწილს ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთში ატარებს. 82 წლის ქალბატონს იქ მეუღლის ბაბუისეული ხის სახლი აქვს, იმერული აივნითა და ბუხრებით. სახლი საუკუნეზე მეტი ხნის არის, მე-19 საუკუნის ბოლოს მეუღლის - ჯემალ ქავთარაძის ბაბუას, გრიგოლ ქავთარაძეს გამზადებული უყიდია და თავის კარ-მიდამოში გადაუტანია. გრიგოლს 7 შვილი ჰყოლია, სახლ-კარიც ქალბატონ ნანის მეუღლეს ერგო, მანვე გაუკეთა რეკონსტრუქცია ისე, რომ ფასადი და ქვის კიბე არ შეუცვლია.

ნანი ქავთარაძე: - როდესაც მეუღლის მშობლები
და გამზრდელი ბიძა გარდაიცვალნენ, კერა რომ არ გაგვეცივებინა, თბილისიდან სოფელში გადავედით საცხოვრებლად. ყველაფერი დავთესეთ, მიწას ერთად ვამუშავებდით და მეურნეობასაც ვუძღვებოდით. მესამე წელიწადი გადის, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და ძალიან მიძნელდება უმისობა. 2 ვაჟი გვყავს, შესანიშნავი რძლები და 4 შვილიშვილი, ყველანი თავს მევლებიან. მის სიცოცხლეში სოფელში
წიწილებიც გვყავდა და გოჭებიც... სოფელში ადრეულ გაზაფხულზე მივდივარ და ზამთრის პირს ვბრუნდები თბილისში. იქ მარტო ვცხოვრობ, რა თქმა უნდა, შიგადაშიგ შვილები და შვილიშვილები მაკითხავენ, მეხმარებიან კიდეც.


ჩვენს დიდ სოფელში, ქავთარაძეების უბანში აღარავინ ცხოვრობს, მხოლოდ ერთი კაცია, გივიკო. ეზოში რომ წავიქცე, რაიმე მომივიდეს, ვერავინ გაიგებს. ამიტომ შვილების მოთხოვნით მობილური ტელეფონი სულ ჯიბით დამაქვს. თუმცა არაფრის მეშინია და თავსაც კარგად ვგრძნობ. მიწა ბევრი გვაქვს - იმის გარდა, რაც გვქონდა, შვილებმა დამატებითაც შეიძინეს. 700 ძირი მარტო წვეტიანი ხურმა გვაქვს. სიმინდს მხოლოდ იმდენს ვთესავთ, ჭყინტი სიმინდი რომ სულ გვქონდეს.

- პირადად თქვენ რა დარგეთ და რას ამუშავებთ?
- მე მწვანილსა და ხეხილ-ბოსტნეულს ვუვლი. შემოდგომაზე კვლები გამყავს, გაზაფხულზე ჩემს ბიჭს ვაბარვინებ, ოღონდ თავზე ვადგავარ და ვკარნახობ, რა როგორ გააკეთოს. განა თვითონ არ იცის, მაგრამ მინდა ყველაფერი ჩემებურად იყოს. მიწას რომ დააწვიმს, მას ჩაცენცვა, ანუ გაფხვიერება უნდა - ბოსტნის მიწა დიდ ბელტებად არ უნდა დარჩეს, ამიტომ პატარა თოხით თავად ვაფხვიერებ. ამ საქმეს ყოველთვის აპრილიდან ვიწყებ, მაგრამ ახლა უფრო ადრე მომიწევს წასვლა. შვილებმა მირჩიეს, კორონავირუსის გამო თბილისს გავერიდო. მარტის ბოლოს წავალ და ზამთრამდე აღარც ჩამოვალ. სამუშაო კი ბევრი მექნება. სოფელში ჩავალ თუ არა, ყველაფერს ჩავცენცავ. თესლები მაქვს, ნაწილსაც ვიყიდი და დამუშავებულ მიწაზე მოვაბნევ.

ეზოში ყველანაირი ბოსტნეული მაქვს: პამიდორი, კიტრი, პრასი, ჭლაკვი (კულტურული ხახვის სახეობა), ბულგარული წიწაკა, სარის ლობიო "ბათუმელა", რომელიც მავთულ-ბადეზე გამყავს, მინდვრის მხალი და ა.შ. დავრგე მზესუმზირა, გოგრა, ძველი დარგული დიდი წითელი ვაშლებიც მაქვს, ზაფხულის მარწყვიც მოვამრავლე - მიწისაც და ქოთნისაც, უფრო ზუსტად, გადაჭრილ ხუთლიტრიან პლასტმასის ქილებში მარწყვის ისეთი ჯიშიც გავაშენე, ნაყოფს ოქტომბერ-ნოემბერში რომ მაძლევს. ბლომად მაქვს ჟოლოც, ადესაც...

- ზემო იმერეთისთვის უჩვეულო ეგზოტიკური ხილიც გაქვთ?
- სუბტროპიკული მუშმალა და კივი მოვაშენეთ. კივის ტარაველი (ტალავერი) გავაკეთეთ და მშვენიერი მოსავალი გვქონდა... კივის ჩითილები ჩემმა უმცროსმა ვაჟმა - ლევანმა ჩამოიტანა კახეთიდან და ეზოში კვალად გავაყოლეთ. თურმე კივი ნაზი მცენარეა და დიდი ყურადღება სჭირდება - უნდა მოზომო, წყალი არც მოაკლო და არც ჭარბად დაასხა. კივი აპრილში ყვავილობს და ძალიან ლამაზია, მაგრამ შარშან კინაღამ გამიფუჭდა: მთელი ყვავილები ძირს ეყარა, არადა, არც ქარი ყოფილა და არც სეტყვა. სასწრაფოდ თბილისში ლევანს დავურეკე. გავარკვევ, რით ვუშველოთო. იმავე ღამით შემატყობინა, რომ ყვავილცვენას სასუქ შარდოვანას ზედმეტი დოზა გამოიწვევდა და სულ რომ არ გამხმარიყო, ბევრი წყლის დასხმა სჭირდებოდა. მთელი ღამე გავათენე - ჩავრთე ეზოს განათება, რეზინის მილები ეზოს ონკანს მივუერთე და დილამდე ვრწყავდი კივის ხეებს. ასე გადავარჩინე­ ჩვენი ეზოს ეგზოტიკა.

ჩემი ხელით ეზოში სათბურიც გავაკეთე - ადგილი შემოვფარგლე და სპეციალურად ფარდებიც შევუკერე.

ზამთარში თბილისში რომ არ მოვიწყინო, ჩემს შვილიშვილს მარიამსა და მის დაქალებს ღვინის სახლში დავყავარ. გოგონებს ძალიან უყვართ ჩემთან საუბარი, ჭორაობა, თან კარგ ღვინოსაც ვსვამთ.

ჩემი ვაჟები ღვინოს რომ დააყენებენ, პირველად მე მასინჯებენ, როგორიაო? კარგი დეგუსტატორი ვარ. სპეციალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ ბავშვობიდან მეხერხება კარგი, "ისე რა" და ცუდი ღვინის გარჩევა. საერთოდ, კარგი ხარისხის წითელი ღვინის დალევა მიყვარს. როცა ვიცი, რომ ჩვენი ვენახის არის და ჩვენივე დაწურული, სადილზე ერთ ჭიქას ჩემთვის მაინც ჩამოვისხამ.

სხვადასხვა მცენარის, მაგალითად, პიტნისა და ვარდის ნაყენებსაც ვამზადებ. მეუღლის ბებიის დროინდელი ვარდის ნერგები მქონდა. სახლის წინ დავრგე, ყვავილობისას ძალიან ხშირი და ულამაზესია. დაჭკნობას რომ დაიწყებს და ის-ისაა, ფოთოლი უნდა ჩამოცვივდეს, ვკრეფ, ფოთლებს ქილაში ვყრი, ვასხამ არაყს, ვაყრი შაქარს და მზეზე ვდებ. წვენი რომ გამოუვა და გამზადდება, ყველა სტუმარს ვუმასპინძლდები.
ვცდილობ სოფლით შვილიშვილებიც დავაინტერესო. იქაურობა უყვართ და მინდა ეს გრძნობა უფრო გაუძლიერდეთ.

ენერგია მაქვს და არც შრომა მეზარება, პირიქით - სამეურნეო საქმიანობა ძალიან საინტერესო და სახალისოა, რა თქმა უნდა, დამღლელიც, მაგრამ დაღლაც სასიამოვნოა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ. ჩვენი სოფლის მცხოვრებთ მწვანილი არა აქვთ, მე კი ყველანაირი მწვანილი მომყავს. ისეთი პამიდვრები მაქვს, სოციალურ ქსელში ფოტო რომ დავდე, ყველა გაგიჟდა, უნდა გეწვიოთო. პამიდვრებს თავად ვწამლავ, მუშაობისას ფოტოც გადამიღეს შვილებმა.

ჩემს შვილებს "ფეისბუკგვერდი" არა აქვთ და მე რომ გავაკეთე, მსაყვედურობენ, რად გინდა, ამდენ ფოტოს რომ დებ, შენი ამბები ყველას ხომ არ უნდა უთხრაო? არადა, ჩემს მოყვანილ-გაშენებულ ნარგავებსა და მოსავალზე რატომ არ უნდა დავწერო? სელფების გადაღებაც მიყვარს და ვიდეოებისაც. მერე "ფეისბუკზე" ვდებ, სხვებმაც რომ ნახონ. მინდა ამით ყველას მივცე სტიმული და გავაგებინო, რომ სოფელი ქვეყნის ძლიერების წყარო, სასიცოცხლო გარემოა, მასთან სიახლოვე კი - ჯანმრთელობის საწინდარი.
ნინო მენაბდე
28 მარტი 2020 15:33
ქალბატონო ნანი, ძალიან გამეხარდა თქვენი გაცნობა . მე თქვენი საყვარელი მარიამის მეგობრის დედა ვარ, მარიამი ხშირად არის ჩვენთან და გოგონები ხშირად საუბრობენ თქვენზე , სიყვარულით იხსენებენ თქვენთან გატარებულ დღეებს. იხარეთ
თემური
27 მარტი 2020 11:32
ა ძმაო თანამედროვე ბებო. გაიხარე ბებო გაიხარე.................

როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები