როგორ ებრძვიან ეპიდემიას "მედიამეურნეები" ძალისიდან - კვირის პალიტრა

როგორ ებრძვიან ეპიდემიას "მედიამეურნეები" ძალისიდან

"ჩემი მეუღლე ამ საქმით მოიწამლა და მეც შემაყვარა მიწასთან მუშაობა"

ვინ იცის, რამდენი მოყვარული მებაღე ყოფილა "მამულ-დედულის" სტუმარი, მათ შორის არაერთი ჩვენი თანამშრომელიც და გაუზიარებიათ მკითხველისთვის სამეურნეო გამოცდილება.

ამჯერად ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, "კვირის პალიტრის" დამკაბადონებელს, ინგა დვალიშვილს გაგაცნობთ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე აქვს, თავის მიწის ნაკვეთს არც ახლა - პანდემიის დროს - ღალატობს და მეუღლესთან ერთად საგაზაფხულო სამუშაოებს იწყებს. ეს თვითონაც სიამოვნებთ, არც მიწაა მოცდენილი და ეპიდემიის თანამდევ სტრესსაც უმკლავდებიან.

ინგა დვალიშვილი:

- დავიბადე და გავიზარდე სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ბედნიერი ბავშვობა მქონდა. საბჭოთა ქალაქებში, სოცბანაკის ქვეყნებში გვიწევდა ყოფნა, მაგრამ დედას, სადაც უნდა ეცხოვრა, გული მუდამ საქართველოსკენ მოუწევდა, სულ სახლში დაბრუნებაზე ოცნებობდა.

მშობლებს ყოველთვის სურდათ, ჰქონოდათ საკუთარი სახლი პატარა მიწის ნაკვეთით და ყველაფერს აკეთებდნენ მის შესაძენად. საბოლოოდ იყიდეს კიდეც დედას მშობლიურ სოფელ ძალისში მიწის ნაკვეთი და სახლის მშენებლობა წამოიწყეს. მამა იმ დროს სამსახურიდან სომხეთში იყო მივლინებული და მშენებლობას იქიდან ხელმძღვანელობდა. სამშობლოში დაბრუნების დრო დაძაბულ ვითარებას დაემთხვა, საქართველოში უკვე ეროვნული მოძრაობა იყო დაწყებული, მერე იყო ომები, რთული 90-იანი წლები და მშენებლობაც გაჩერდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა და ოჯახში მხოლოდ ქალები დავრჩით. დედას, ნათესავების დახმარებით, ჩვენს პატარა მიწაზე სიმინდი და ლობიო მოჰყავდა, რაც იმ რთულ პერიოდში ბევრჯერ დაგვეხმარა.

- თქვენ არ საქმიანობდით იქ?

- გადიოდა წლები და აგარაკზე თბილისიდან მხოლოდ დედა ჩადიოდა, ჩვენ - იშვიათად, მაგრამ დაოჯახების შემდეგ მე და ჩემს ქმარს იქ ჩასვლისა და რაღაცის კეთების სურვილი გაგვიჩნდა. მეუღლეს სოფელი არასდროს ჰქონია, ცხადია, არც - მიწასთან მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ამ საქმით მოიწამლა და მეც შემაყვარა მიწასთან მუშაობა. ახლა კვირა არ გავა, რომ არ ჩავიდეთ. მეუღლე ტელევიზიაში მუშაობს, მე - რედაქციაში და მხოლოდ კვირა დღეს ვახერხებთ აგარაკზე წასვლას. ეს ძალიან ცოტაა ბაღისთვის და ამის გამო იქაურობას ხანდახან უწყლობა ეტყობა.

- რამხელაა მიწის ფართობი?

- 700 კვმ ნაკვეთზე გვაქვს ხეხილი, ვენახი, მოგვყავს პამიდორი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა, სიმინდი, ბულგარული და მწარე წიწაკა, მარწყვი... ვაზის ნერგები სამი წლის წინ ვიყიდეთ და ჩავყარეთ. ახლა უკვე მოსავალს ვიწევთ, თუმცა ჯერჯერობით ცოტაა, ამიტომ ნაყიდსაც ვუმატებთ და ღვინოს ვწურავთ. შავი ღვინოც გვაქვს და თეთრიც; ჭაჭასაც ვხდით.

სხვადასხვა ხეხილი იქ, წლებია, ხარობს, ჩვენ კი ახალი ნერგები მივუმატეთ. ეს ჩვენთვის არის განტვირთვის ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური შრომა გვიწევს. გვიყვარს იქაურობა და ეს ჰობიც, თავისი ატრიბუტებით - ოჯახის შეკრებით, მწვადის შეწვით... იქ საოცარი სიმშვიდეა, რაც ქალაქში ასე გვაკლია.

ძალისში რომ ჩავდივართ, თითქოს სხვა განზომილებაში ვხვდებით. იქ ქალაქის ქაოსი არ იგრძნობა, ხმაურს ვეთიშებით. ნერვიულობა, პრობლემები, რაც თბილისშია, ქრება და ხვდები, რომ ეს წვრილმანებია.

მინდა, უფრო დიდხანს დავრჩეთ იქ, მაგრამ ჯერ არ გვაქვს საშუალება, ჯერ იქაურობა სათანადოდ ვერ მოვაწყვეთ, თუმცა, ყველაფერი წინ არის.

- ბაღის მოვლა-დამუშავება როგორ ისწავლეთ? - ახლაც ვსწავლობთ - იქაურებისგან, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინტერნეტის დახმარებით, სადაც ზღვა ინფორმაციაა, ოღონდ საჭიროა გაფილტვრა, რადგან დღეს ყველა ყველაფერს ასწავლის და მართლაც მცოდნეს რომ წააწყდე, დიდი მიღწევაა...

- როგორც ვიცი შინ, თბილისში, ზამთარში ბოსტნეულის ჩითილები გამოგყავთ. - დედა ნიორს ნოემბერში, გიორგობისთვის თესავს, ხახვს - ადრე გაზაფხულზე. ახლა უკვე დათესილია. ზოგ საინტერესო, განსხვავებული ჯიშის თესლს ინტერნეტით ვიწერთ, ზოგს ჩვენს სუპერმარკეტებში ვყიდულობთ. თესლს მეუღლე ამუშავებს და თესავს, ჩითილებიც გამოჰყავს. კორპუსის ბინაში, მე-8 სართულზე ადგილი ბევრი არ გვაქვს, მაგრამ ჩითილებისთვის მის გამოძებნას ყოველთვის ვახერხებთ. ამ პერიოდში ოთახი ორანჟერეას ჰგავს. შარშან "გარდენიაში" ვიყიდეთ ხარისგულა პამიდვრის ჩითილები. ძალიან კარგი მოსავალი მივიღეთ. თესლი შევაგროვეთ და წლეულს ჩითილებს თვითონ გამოვიყვანთ.

- როგორც ჩანს, ძალიან მოგწონთ ეს საქმე. - დიახ და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. როცა ხედავ, რომ პატარა თესლიდან შენი მოვლისა და ზრუნვის შედეგად მცენარე იზრდება, ზოგი - უბრალოდ ლამაზი, ზოგი კი სასარგებლოც, გული სიხარულით გევსება. მოსავალს ახლობლებსაც ვუნაწილებთ, ცოტა არ იყოს, სიამაყითაც. მათ შორის ბევრია ჩვენსავით მებაღეობით გატაცებული და ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ.

- ახლა ქვეყანა სხვაგვარი ცხოვრების სტილზეა გადასული. ამ პერიოდში როგორ ახერხებთ ბაღში საქმიანობას? - ამ რთულ დროს ჩვენი ბაღი არის განტვირთვის საშუალება, თანაც სუფთა ჰაერზე ფიზიკური შრომა ადამიანისთვის სასარგებლოა. ბაღი ყურადღებას ყოველთვის ითხოვს, ხეებს სჭირდება გასხვლა, მიწას - დამუშავება და სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრება, ამიტომ ახლაც ვშრომობთ.

- რა გეგმები გაქვთ?

- გვინდა, იქ ყველანაირი კომფორტი შევქმნათ, მომავალში კი საცხოვრებლად წასვლასაც ვაპირებთ. როცა მუდმივად სოფელში ვიქნებით, იქაურობასაც უკეთ მივხედავთ.

ამ ვირუსის პირობებში, როგორც ყველა, ჩვენც დისტანციურად ვმუშაობთ. თანამშრომლები ერთმანეთთან სტუმრადაც ონლაინ დავდივართ, კვირა დღეს კი ჩვენს საყვარელ ბაღს ვუვლით. ეს მძიმე პერიოდი, რაც ახლაა მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში, კოშმარად მეჩვენება. არც მჯერა, რომ ეს მართლაც ხდება. ყველა მითითებას ვასრულებთ, დედასთანაც კი არ მივდივართ სტუმრად, თუმცა ტელეფონით ყოველდღე ვკითხულობთ. ყველა წესის დაცვა აუცილებელია. საკუთარ თავსაც უნდა გავუფრთხილდეთ და სხვებსაც პატივი ვცეთ. სხვანაირად არ შეიძლება.