"ღვინის თავგადასავალი" - მეღვინიდან მომხმარებლამდე - კვირის პალიტრა

"ღვინის თავგადასავალი" - მეღვინიდან მომხმარებლამდე

ოთხი ძმის დაწყებულმა საქმემ სწრაფად მიაღწია წარმატებას. იასეს მარანმა მალე ღვინის ბაზარზე დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გახდა. როგორ შეძლეს ეს? ამის შესახებ ერთ-ერთი ძმა გოგიტა მჭედლიშვილი გვიამბობს.

- სამი წლის წინ ღვინის ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. იმ დღეების შთაბეჭდილება დღემდე მომყვება, ისეთი ამაღელვებელი იყო ჩემთვის უამრავი თავისი საქმის მცოდნის, ამდენი უნიკალური ღვინის, მეღვინის, მარნისა და მემარნის ერთად ხილვა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მეც ამ გარემოში ვტრიალებ - ვენახისა და მარნის მოვლა-პატრონობას ვგულისხმობ, მივხვდი, რომ ბევრი რამ მქონდა სასწავლი.

ჩვენი ვენახები კახეთში მანავის მწვანის მიკროზონაში მდებარეობს. მიღებული ემოციებით დატვირთულმა ოჯახთან ერთად გადავწყვიტე, წინაპართაგან საგვარეულო წესით დაყენებული საოჯახო ღვინო ბოთლებში ჩამომესხა და ბაზარზე გამეტანა, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ღვინის დაყენების ოჯახური ტრადიციების ცოდნა არ კმაროდა. საჭირო იყო ჩემ ირგვლივ, ხალხში გაბნეული ცოდნა-გამოცდილების შეგროვება და თანამედროვე ღვინის ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენს საქმიანობაში გამოყენება. ეს რთული ამოცანა იყო - არც ძველი უნდა დაგვეკნინებინა და არც ახალი. მოკლედ, ძმები ერთმანეთს გვერდში ამოვუდექით. ძალიან დაგვეხმარა მეგობარი მემარნე-მეღვინეების პრაქტიკული რჩევები და მათგან შეძენილი უნარ-ჩვევები. მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ უამრავ ლიტერატურას გავეცანით. ნაბიჯ-ნაბიჯ ვხვეწდით და ვქმნიდით ჩვენს ღვინოს.

- ზღაპრის გმირივით მოსვლია თქვენს ღვინოს - სხვა თუ წლით იზრდებოდა, ის დღით გაზრდილა...

- ჩვენი წინაპრისთვის ცუდი ღვინო არ არსებობდა. ცნობილი გამონათქვამია - ღვინო ან კარგი იყო, ან საუკეთესოო. ჩემი აზრით, მთავარი მაინც ის დამახასიათებელი, ბუნებრივი შტრიხია, რაც ამა თუ იმ ღვინოს თავის ფერში, გემოსა და სურნელში უნდა გასდევდეს. ყველა ღვინო თავისებურად უნიკალურია, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც ერთს მეორისგან გამოარჩევს. სწორედ ეს "რაღაც" განსაზღვრავს ამა თუ იმ ღვინის ბუნებრივ კეთილშობილებას.

- რას გულისხმობთ? - ღვინის თავგადასავალს მეღვინიდან მომხმარებლამდე, ანუ ვაზისა და ყურძნის საღვინედ მომზადებას. პროცესზე გავლენას ბევრი რამ ახდენს - ბუნებრივი მოვლენები, ამინდის ცვალებადობა, ნიადაგის მდგომარეობა, წყლის მარაგი, მარნის მდებარეობა, ქვევრის, ჭურჭლის ხარისხი, ტემპერატურა და სხვ. თუ გვინდა, ღვინო ხარისხიანი იყოს, მისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ, რაც თავდაუზოგავ შრომასა და ცოდნას მოითხოვს. ბევრი შეგვმატა ბუნებრივი ღვინის ასოციაციაში გაწევრებამ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლიც და სათქმელიც.

მეორე წელია, ფრანგული ღვინის ბაზარზეც ვართ. საფრანგეთს ჯერ მანავის მწვანით, სულ ახლახან კი საფერავითა და რქაწითელითაც ვესტუმრეთ. შემოთავაზება გვაქვს ამერიკიდანაც და ამისთვისაც ვემზადებით. ვაწარმოებთ ჭაჭის არაყსაც, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი ჩვენს გეგმებზეც აისახება, ყოველ შემთხვევაში, განსაზღვრული პერიოდით მაინც. როგორც კი ტვირთებზე შეზღუდვა მოიხსნება, ქართულ ღვინოსაც ხელ-ფეხი გაეხსნება უცხოურ ბაზარზე, მანამდე კი ბევრი საქმე აქვს იასეს მარანს. ნიადაგსა და ვაზს საფუძვლიანი დამუშავება სჭირდება. იმედია, ვირუსი მალე გადაივლის და ღვინის ფესტივალების გამართვასა და მათში მონაწილეობას შევძლებთ ყველა, განსაკუთრებით - ახალბედა ღვინის კომპანიები.

- რას ურჩევთ დამწყებ კომპანიებს? - არასდროს დანებდნენ და უპირველესად ქართულ ბაზარზე გახდნენ პოპულარულები. არ არის გამორიცხული, ვინმემ მათი ღვინო გასინჯოს. ეს შეიძლება იყოს ქართველი ბიზნესმენი, უცხოელი სტუმარი, მოგზაური, რომელიც სწორედ ღვინის წარმოებით არის დაინტერესებული და ახალ, უცხო და განსხვავებულ ღვინოს ეძებს. დამიჯერეთ, მოწონების შემთხვევაში ხელსაყრელი შემოთავაზებებიც არ დააყოვნებს. ღვინის ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება კონკურენცია. საბედნიეროდ, მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ქართულ ბუნებრივ, განსაკუთრებით კი - ქვევრის ღვინოებზეც. ამიტომ ყველამ უნდა სცადოს, ტრადიციული წესით დაყენებულ ღვინოსთან ერთად სიახლეც შესთავაზოს მომხმარებელს, თუმცა ეს ორი რამ ისე უნდა იყოს შეზავებული, რომ ღვინის ბუნებრიობა არ დაიკარგოს. სცადეთ სიახლე, ოღონდ ძალიან შორსაც ნუ წახვალთ, რომ ამან თქვენს ღვინოს ქართული ხასიათი არ დაუკარგოს.

ქართული ღვინის ძალა და მადლი არ მოგვაკლდეს არც ერთს ამ ჩვენს ნაჟურ-ნაწურშიო, ისე გულიანად თქვა საუბრის ბოლოს გოგიტამ, იმ საღამოს იძულებული გავხდი, კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომები სწორედ იასეს მარანში მიმეღო.

კახა მჭედლიშვილი