როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი
30-03-2020
როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი
"იმუნიტეტს მარტო ხაში კი არ ამაღლებს, არამედ ხაშლამა და ჩაქაფული"

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბევრ ჩვენგანს ახასიათებს არცთუ კარგი თვისება - მხოლოდ დაავადების შემდეგ ვიწყებთ ფიქრს, რომ რაღაც ვერ გავითვალისწინეთ, იმუნიტეტს დროულად ვერ მივხედეთ. ასე ხდება ახლანდელი პანდემიის შემთხვევაშიც, როცა ყველა დაფიქრდა, გვაქვს თუ არა ძლიერი იმუნიტეტი ინფექციასთან გასამკლავებლად. მართალია, ზოგიერთი ამტკიცებს,­ რომ კორონავირუსი ძლიერ იმუნიტეტსაც არ ეპუება და ყველას ემართება, მაგრამ ფაქტია, რომ არის ოჯახები, რომელთა წევრები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ
და ვირუსით ყველა არ დაინფიცირებულა, რაც ადასტურებს,­ რომ იმუნიტეტს ნებისმიერი პანდემიის დროს აქვს მნიშვნელობა.

ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ იმუნიტეტის მნიშვნელობა ამ სიტყვის ცოდნის გარეშეც და მის ასამაღლებლად სეზონიდან სეზონამდე არაერთ კულტურას აშენებდნენ. სწორედ სეზონური კულტურებით კვებაა აუცილებელი, რომ ჩვენი იმუნიტეტი გაძლიერდეს.
იმუნიტეტის ასამაღლებელ ხალხურ საშუალებებზე
კარდანახელ როინ გელაშვილს ვესაუბრეთ. ბატონი როინი არა მხოლოდ კახელების "წამლის"
- ნივრიანი ხაშისა და ლავაშის მოტრფიალე გახლავთ, არამედ მინდვრის ფხლის, ღოლოსი და ჭინჭრისაც, რომლებსაც გაზაფხულზე იმუნიტეტის ასამაღლებელი უნიკალური თვისებები აქვს.

- რასაკვირველია, ვერ გამოვაცხადებ, რომ კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიო შეაშინა, კახეთში ვერ გავრცელდება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჯანმრთელ ადამიანთან ბრძოლა გაუჭირდება და უკანაც დაიხევს. ადამიანი ჯანმრთელი რომ იყოს, ჯანსაღი კვება აუცილებელია. მართალია, კაცს შრომა და გარჯაც სჭირდება ჯანმრთელობისთვის, მაგრამ კვება მთავარია. ეგ არის ჩვენი ენერგიის წყარო და საწვავი. ეს ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, იმიტომაც აშენებდნენ ხეხილს ყველა სეზონისთვის. ზამთარში ცოცხალი ხილი თუ არა, ჩირი ყოველთვის ჰქონდათ, ბოსტნეულს კი არასოდეს იკლებდნენ - გაზაფხული იყო თუ ზამთარი. ჩემმა მამა-პაპამ არც ტერმინი იმუნიტეტი იცოდა და არც ვიტამინების სახელები, მაგრამ ვიტამინებით სავსე ბაღჩეული და ბოსტნეული ზამთარ-ზაფხულ თავზე საყრელი ჰქონდათ.


მართალია, სათბურები არ იყო, მაგრამ მწვანილი - ქინძი იქნებოდა, ოხრახუში თუ პრასი, თოვლშიც ძლებდა. მივიდოდნენ, თოვლს გადასწევდნენ, მოკრეფდნენ და მიჰქონდათ სუფრაზე. გაზაფხულზე ხომ ისედაც ყველა ბოსტნეულს ვთესავდით და ვთესავთ. ადრეულ გაზაფხულზე, სწორედ ახლა, მარტიდან, მინდვრის ფხალიც შემოგვდის. გული მწყდება, რომ ქალაქელებმა მის შესახებ ცოტა იციან.
სწორედ მინდვრის ფხალია ის ადრეული სეზონური კერძი, რომელსაც ვერც ვიტამინებით და ვერც გემოთი ვერაფერი შეედრება. მათ შორის ჭინჭარი ოქროზე ძვირფასია იმუნიტეტის ასამაღლებლად.

აპრილიდან მარწყვით დაიწყება და ნელ-ნელა ყველა ხილი და ბაღჩეული შემოვა. სხვისი რა ვიცი, მაგრამ მე ბევრჯერ მითქვამს მადლობა ბუნებისთვის ამ სიმდიდრის გამო. რაც გინდათ, ის დაარქვით - იმუნიტეტი თუ ჯანმრთელობა, მაგრამ კარგად რომ ვიყოთ და ამ წყეულმა ვირუსებმაც ცხვირი არ წაგვატეხინოს, ყველა სეზონური ხილი უნდა შევიყვაროთ.

ზოგი იტყვის, ამის შესაძლებლობა არ გვაქვსო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ბევრი იცრუებს! ამ ჩვენს სოფლებშიც ჩემი თვალით რამდენჯერ მინახავს, რომ დედები სწორედ მაშინ აჩეჩებენ ბავშვებს ბანანს, როცა ქართული ვაშლი და ალუბალი თავზე საყრელად აქვთ. ბანანთან საომარი რა მაქვს, მაგრამ ზაფხულში ქართული ვაშლის პატრონი რომ ბალღს თვეობით ნადებ ბანანს შეაჭმევს, იმ ბალღს რა იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს?! ჩვენებური კაკლის სიკეთეზე ისედაც ყველას სმენია, მაგრამ აი, ჩვენი კაკლის უღელს (თხელი ფირფიტოვანი ნაწილი ლებნებს შორის. - ე.ე.) რომ არაყი დაასხა და ასე ორ კვირის შემდეგ ცოტ-ცოტა მიირთვა, კაჟივით გაამაგრებს ორგანიზმსაც და იმუნიტეტსაც. ჩემი პაპა და ბაბო გიჟები კი არ იყვნენ, დილით 100 გრამ არაყს რომ გადაჰკრავდნენ და ისე გასწევდნენ ხოლმე სამუშაოდ! ანდა ავად რომ გახდებოდნენ, არაყში ნიორსა და წიწაკას ჩაყრიდნენ და იმას სვამდნენ გამოსაჯანმრთელებლად. არაყიც, წიწაკაცა და ნიორიც იმუნიტეტს ისე ამაგრებს, ხმალიც რომ ურტყა, ვერ გაჭრი. განა მარტო არაყი, ჩვენებური შავი ღვინოც ასეა. პირჯვარი გადაიწერე, ერთ-ორი ჭიქა შავი ღვინო გადაჰკარი და კორონა კი არა, ტანკი ვერ წაგაქცევს. შავი ღვინო მართლა განძივითა გვაქვს შემონახული, ოღონდ ჩვენებურ ხაშს არ უხდება - ხაშისთვის "მირონი" არაყი და ნიორია.

- ანუ ხაშიც იმუნიტეტს ამაღლებს?!
- მა რასა შვრება! მარტო ხაში კი არა, ხაშლამა და ჩაქაფული, ზედ ტარხუნა და ახალი ტყემალი! აბა, ახალი ტყემლის ვიტამინებს რა შეედრება?! თონესთან ქეიფი და კარგი განწყობა ყველა წამალზე მარგებელია, ხაში, ზედ ლავაში და ნიორი კი ცხონება. რძესა და არაყსაც თუ დავამატებთ, წამალი აღარც გაგვახსენდება. ისე, კახეთში ყველა გეტყვით, რომ ჩვენი წინაპრები ჩვენებური ხაშით კუჭ-ნაწლავს მკურნალობდნენ. ხაში ცოტა რომ გაცივდება, როგორც ჭრილობაზე წასასმელი მალამო, ბლანტი ხდება, ამიტომაც კუჭს-ნაწლავსაც მალამოსავით ედება და არჩენს. სხვა რაღა უნდა ამ ჩვენს იმუნიტეტს?! ვისაც ხაში არ მოსწონს, იმუნიტეტის ასამაღლებლად ქათმის ცხელ-ცხელი ბულიონი მიირთვას, ოღონდაც სოფლის ქათმის! რა ვქნა, სინდისი არ მეყოფა, რომ ბულიონისთვის სხვა ქათამი გირჩიოთ. ვისაც ბულიონი არ გიყვართ, ჩვენი ასკილის, პიტნის, ცაცხვის ჩაის სვით და კარგად იქნებით. ამას კიდევ შრომა და დიდხანს ჰაერზე ყოფნა დაამატეთ, თუ ქალაქში მოგიხერხდებათ, თუ არადა, სოფლებში ჩამობრძანდით და აქ ვუშველით თქვენს იმუნიტეტს!
lara
03 აპრილი 2020 11:19
კახური პურმარილივით გემრიელი სტატიაა, გაიხაროს ავტორმა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
13-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
13-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
13-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
13-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?