"ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ სოფელი და მიწაა ჩვენი გადამრჩენი" - კვირის პალიტრა

"ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ სოფელი და მიწაა ჩვენი გადამრჩენი"

"ხულოშიც როცა დაინახეს, ჩანდლერი ნიადაგს შეეგუა და მოვლილმა კულტურამ კარგი მოსავალი მოგვცა (ძირზე 25-30 კგ), ბაღების გაშენება დაიწყეს"

პანდემიის დროს ეკონომიკის დარგების უმრავლესობის გაჩერება ან შეკვეცა პრობლემებს შექმნის. საბედნიეროდ, ეს ნაკლებად ეხება სოფლის მეურნეობას, სადაც შესაძლოა საპირისპირო პროცესებიც დაიწყოს. უკვე ცხადია, რომ ამ მძიმე ვითარებაში სოფელმა უფრო მეტად იგრძნო პასუხისმგებლობა და მასობრივად დაიწყო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ამას საზოგადოების მოწოდებებმაც შეუწყო ხელი. ასეა საქართველოს ყველა კუთხეში და მათ შორის აჭარაშიც, სადაც გლეხები მუდამ მუხლჩაუხრელად შრომობდნენ.

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირება დაიწყო და ყურადღება გაამახვილა იმ კულტურაზე, რომელზეც მოთხოვნა შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს. გვესაუბრება რესან ჩოგაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

- ახლანდელი ვითარება სოფელსაც ისევე აწუხებს, როგორც ქალაქს. თუმცა სოფელს ის შვება აქვს, რომ სამუშაოდ გასული გლეხისთვის საგანგებო წესები არ მოქმედებს. ან რა მოქმედება უნდა, იშვიათი შემთხვევების გარდა, ხალხი ისედაც მარტოდმარტო შრომობდა და შრომობს. თუმცა დისტანციის დაცვა დღეს სოფლადაც საჭიროა, რადგან დაბრუნებული ქალაქელებით გახარებული სოფელი ერთმანეთის მოფერებას ვერ წყვეტს, რაც საშიშია.

ყოველ გაზაფხულზე სოფელი მუხლჩაუხრელად შრომობდა და ახლაც ასეა. ამ დროს გლეხს თუ ფერმერს ველ-მინდვრების გარდა არაფრისთვის სცალიათ. დღევანდელმა პრობლემებმა სამუშაო დაგვიმატა. გლეხი ფიქრობს, რომელი კულტურა მოიყვანოს, რომ მოსალოდნელ სიძნელეებს თავი ადვილად გაართვას. თუმცა ეს არ ეხება, მაგალითად, ჩანდლერის კაკალს, რომელიც შვიდიოდე წლის წინ გამოჩნდა ხულოში და უკვე დაიწყო მისი საგაზაფხულო გასხვლა-შემობარვა. ჩანდლერის კაკალი ჩვენს მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების პროგრამით შემოვიდა. ის კარგად შეეგუა აქაურობას და დიდ მოსავალსაც გვაძლევს.

- ჩანდლერი თითქოს უფრო აღმოსავლეთ საქართველოში ხარობდა. - ჩანდლერი საუკეთესო კულტურა გამოდგა ხულოს ნიადაგისთვის. რომ იტყვიან სულზე მოგვისწრო - ჩვენებური საამაყო საუკუნოვანი კაკლის ხეები უმოწყალოდ გაიჩეხა და გაიყიდა. სამწუხაროდ, ეს ბოროტება ამის ჩამდენებს შერჩათ, ჩვენ კი ბერძნული კაკლის ახალ ნარგაობასთან ერთად, ის ჯიშიც უნდა მოგვეძებნა, რომელიც კაკლის კარგ მოსავალს მოგვცემდა. ასე შემოვიტანეთ ჩანდლერი, რომელიც გამოსავლიანობით ბერძნულ კაკალსაც სჯობს - ბერძნული სქელკანიანია, ჩანდლერს კი იმდენად თხელი კანი აქვს, ხელის მოჭერითაც ტყდება და გემოთიც საუკეთესოა.

ჩანდლერს ჩვენში პოპულარობა მაშინვე არ მოუპოვებია - იმის მიუხედავად, რომ ჩანდლერის ბაღებს სახელმწიფო 70%-იანი თანადაფინანსებით აფინანსებდა და მსურველებს მხოლოდ საბაღე ადგილის შემოღობვა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამართვა ევალებოდათ. მიზეზი კი კულტურაზე დაკვირვება იყო - ჭკვიან გლეხს სჩვევია, სანამ კარგად არ გამოცდის კულტურას, მანამდე არ მიიღებს. ხულოშიც ასე მოხდა და როცა დაინახეს, ჩანდლერი ნიადაგს შეეგუა და კარგად მოვლილმა კულტურამ დიდი მოსავალი მოგვცა (ერთ ძირზე 25-30 კილოგრამი), ბაღების გაშენება დაიწყეს. უკვე სხვადასხვა ასაკის ბაღები გვაქვს. მათ მოვლას გასხვლას თავად ვასწავლი მოსახლეობას.

- არადა, დასავლეთ საქართველოში ხეხილის გასხვლა არ იყო მიღებული. - ჩვენთანაც სულ ამბობდნენ, ათადან-ბაბადან არ გაგვისხლავს კაკლის და ვაშლის ხეები, ახლა რატომ უნდა გავსხლათო, მაგრამ როდესაც გასხლულმა 4-წლიანმა ბაღებმა 7-წლიანებს გაუსწრო, ყველა დარწმუნდა გასხვლის აუცილებლობაში.

ჩანდლერის კაკალთან ერთად ამ პერიოდში კენკროვანებსა და სხვა ხეხილსაც ვსხლავთ.

რაც შეეხება ხულოს კარტოფილს, რომელიც ჩვენი "სავიზიტო ბარათი" იყო აჭარა-გურიაში, ბოლო წლებში მისმა მოსავლიანობამ იკლო. წლევანდელ გაზაფხულზე ხალხი კარტოფილის დათესვას მხოლოდ სათავისოდ, ოჯახისთვის აპირებდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა.

- რა იყო ამის მიზეზი?

- კარტოფილზე დაბალი ფასები. მოსახლეობამ კარტოფილი 60 თეთრად გაყიდა, როცა 1 კილოგრამის მოყვანა დაახლოებით 50 თეთრი ჯდება. შესაბამისად, მეტი ყურადღება დაუთმეს მეცხოველეობას, რასაც ტურიზმი და საკვები ობიექტების სიმრავლე განაპირობებდა. გაძვირდა რძის პროდუქტიც. მაგალითად, გაზაფხულის დასაწყისში ყველი 12 ლარი ღირდა, მაგრამ როცა საზღვარი ჩაიკეტა და კვების ობიექტები დაიხურა, ყველის ფასმაც მოიკლო და რძისამაც. პრობლემა გახდა პირუტყვის ნამატის შენახვაც. ჩვენს ხბოებს ადიგენის ან ახალციხის მოსახლეობა ყიდულობდა, ახლა კი ბოსელში გამომწყვდეულ ხბოებს ხალხი შიმშილით ვერ დახოცავს. ამის გამო ერთი თივის ბარდანა უკვე 12 ლარი ღირს და ეს კატასტროფაა. იმედია, ახალამოწვერილი ბალახი დროულად შემოგვეშველება.

ამ ყველაფერმა ცხადი გახადა, რომ სხვა კულტურაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება და ხალხმა, რომელმაც 60 თეთრად გაყიდა კარტოფილი და მის დათესვას წლეულს მხოლოდ სათავისოდ გეგმავდა, მარტის დამდეგს მისი მასობრივად დათესვა დაიწყო.

რადგან ამდენი სათესლე მასალა აღარ ჰქონდათ შემონახული, მესხეთ-ჯავახეთის მეკარტოფილეებისგან იყიდეს 1,2 ლარად. მხოლოდ ხულოში 60 ტონამდე სათესლე კარტოფილი შემოვიდა მესხეთ-ჯავახეთიდან. მოსავალს ძველებურად 25 ათას ტონას ველით.

მხოლოდ ნიორი არ დათესილა ინტენსიურად. ისიც იმიტომ, რომ შარშან მოსახლეობას 300 ტონა ნიორი დარჩა გაუსაღებელი. ამიტომ საშემოდგომოდ ნიორი მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის დათესეს, ახლა კი კილოგრამის ფასი ბაზარზე 30 ლარს აღწევს!

- ეს ნიშნავს, რომ კვლავაც ვერ ვითვლით მოსალოდნელ შედეგებს. სავარაუდოდ, ნიორი წლეულს ძვირი იქნება. - ალბათ. თუმცა იმედია, მომავალში ბაზარსაც შევისწავლით. მთავარია, შრომა შევძლოთ. ახალ მაინც ხომ დავრწმუნდით, რომ სოფელი და მიწაა ჩვენი გადამრჩენი.

ცოტა ხანში ხულოში ბაღჩეულის დარგვასაც დავიწყებთ. ბევრი გვექნება ისეთი ძვირფასი კულტურა, როგორიც ბროკოლია. ის უფრო ღონიერ მეურნეებს მოჰყავთ. ასე რომ, შრომისა და მომავლის იმედად ყოფნა ნამდვილად ღირს.