"გამოჯანმრთელებული პაციენტების სახელზე ნერგებს გავახარებ" - კვირის პალიტრა

"გამოჯანმრთელებული პაციენტების სახელზე ნერგებს გავახარებ"

"როცა ჩემს ცხოვრებაში რაიმე ღირსშესანიშნავი ხდებოდა, ხეს ვრგავდი. ასე გამოვხატავდი სიხარულსაც და მადლიერებასაც"

მსოფლიო პანდემიამ ადამიანების ცხოვრების სტილი შეცვალა - დღეს ყველა და ყველაფერი მხოლოდ ახალ კორონავირუსს უკავშირდება - ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტის შესახებ ცნობა საზოგადოების დიდ სიხარულს იწვევს. ამ სიხარულის ნიშნად გადაწყვიტა მანანა კენჭიაშვილმა, რომელსაც წარსულში ჟურნალისტური საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს და ამასთან, მოყვარული მებაღე-მემცენარეა, ყოველი გამოჯანმრთელებული პაციენტის სახელზე ხე დარგოს თავისი კორპუსის ეზოში.

- დიღმის მასივში 40 წელია ვცხოვრობ, 9 წელია, კორპუსი შევიცვალე. ჩვენი უბანი თბილისში ყველაზე გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთაა, ამიტომ მეც თვალი შეჩვეული მაქვს სიმწვანეს და თუ სადმე უნარგავო ადგილს ვნახავ, მეჩოთირება. ჩემს კორპუსს რამდენიმე პატარა ნაკვეთი ჰქონდა, მშენებლებმა ერთი-ორი ხე კი დარგეს, მაგრამ ადგილი კიდევ იყო დარჩენილი და მისი გამწვანება გადავწყვიტე. ეზოში სასეირნოდ შვილიშვილი რომ ჩამყავდა, ერთად ვბარავდით, ვრგავდით, ვთესავდით... ასე გავალამაზეთ ეზო.

ხეების დარგვა გუშინ და დღეს არ დამიწყია - როცა ჩემს ცხოვრებაში რაიმე ღირსშესანიშნავი ხდებოდა, ხეს ვრგავდი. ასე გამოვხატავდი სიხარულსაც და მადლიერებასაც. ეს მაშინ გადავწყვიტე, როცა შვილი შემეძინა. იმდროინდელი უსუსური ნერგები ახლა ღონიერი ხეები არიან.

- თქვენი ინიციატივა - გამოჯანმრთელებული ადამიანების სახელზე ხის დარგვა მართლაც მისაბაძი საქმეა. - ...მე იმაზეც ვიფიქრე, კორპუსის ეზოში განა რამდენი ნარგავი დაეტევა-მეთქი? ჰოდა, ასეთი რამ მოვიფიქრე: როცა სამშვიდობოს გავალთ, იქნებ ქალაქის მერიამ სადმე ტერიტორია გამოყოს ტყის ან თუნდაც ხეივნის გასაშენებლად, სადაც მსურველი ხეს დარგავს. ამით ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობასაც შევაშველებთ ხელს და კარგ ტრადიციასაც ჩავუყრით საფუძველს.

- გარემოზე ასეთი ზრუნვა როდის დაიწყეთ? - ეზოიანი სახლი გვქონდა და პაპასთან ერთად ვრგავდი, ვსხლავდი, ვამყნობდი ხეხილს და ეს საქმე თამაშზე მეტად მსიამოვნებდა.

ახლა მეექვსე სართულზე ვცხოვრობ, მოზრდილი აივანი გვაქვს, სადაც მხოლოდ დილის მზე ანათებს, და ერთწლიან მცენარეებს ვამრავლებ. ჩრდილის მოყვარული მცენარეებიც კარგად ხარობენ. ნიადაგის გასანოყიერებლად მხოლოდ ბუნებრივ სასუქს, იოდიან ან შაქრიან წყალს ვხმარობ. დამწყებმა მეყვავილემ ჯერ შერჩეული მცენარის "ხასიათი" უნდა ისწავლოს და იმის მიხედვით მოუაროს.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრების წესი მსოფლიო პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის დროს? - ახლა, როცა ყველანი შინ ვართ, კაცი მცენარეებზე ზრუნვაზე უკეთეს თავშესაქცევს ვერ გამონახავს, დროსაც მოკლავს და ინტერიერ-ექსტერიერსაც გაილამაზებს.

ჩემი ბავშვობის თბილისი მეტად გამწვანებული იყო, მარტო დიღმის ტყე რად ღირდა?! აი, ბეტონის ჯუნგლებად ნაქცევ უბნებს რაღა ეშველება, თორემ ქალაქის მერია ნერგებს კი რგავს. მშენებლობის ბუმმა ამოხუთა ქალაქი. ამიტომ ყველა კორპუსის წინ რომ დაირგოს ხემცენარეები, ნაწილობრივ მაინც გამოსწორდება ეს მდგომარეობა.

- დიღომი ყველაზე გამწვანებული უბანი იყო თბილისში და, მგონი, ეს დღემდე შეინარჩუნა. - ჩემს თაობას ემახსოვრება ახალგაზრდული მოძრაობა "მეკაკლეობას კომკავშირული ზრუნვა" - კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინიციატივით მთელ საქართველოში ხეები ირგვებოდა და თუ დღეს აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის რაიონებში მიმავლები გზის ნაპირზე მოშრიალე კაკლის ხეებს დაინახავენ, იცოდნენ, რომ მათი მშობლების თაობის დარგულია.

- თქვენს პროფესიაზეც უნდა გკითხოთ - ხანგრძლივი ჟურნალისტური სტაჟი და გამოცდილება გაქვთ. ახლა რატომ აღარ საქმიანობთ? - ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა თავის პროფესიას უნდა დაემშვიდობოს... 21 წლის ასაკიდან გამომცემლობა "საქართველოში" ვმუშაობდი, გაზეთების "ნორჩი ლენინელისა" (მოგვიანებით "ნერგის" სახელწოდებით გამოდიოდა) და "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციებში. თითქმის ყველა საფეხური გავიარე - წერილების აღმრიცხველიდან რედაქტორის მოადგილეობამდე. ეს იყო პროფესიული ზრდის საუკეთესო გზა. იმ წლებთან უამრავი თბილი და კეთილი მოგონება მაკავშირებს. თუ ჩემი, როგორც ჟურნალისტის ცხოვრება შედგა, უპირველესად იმ თბილი, მეგობრული გარემოს დამსახურება იყო, რომელიც საბავშვო და ახალგაზრდული გაზეთების რედაქციებში სუფევდა. სამსახურის დაკარგვის შემდეგ მშველელად მცენარეები გამომიჩნდნენ. მათთან ურთიერთობამ გადამატანინა აქტიურ ცხოვრებასთან დამშვიდობება. ახლა ორ შვილიშვილს ვზრდი. უფროსმა კატომ, რომელიც 5 წლისაა, 2 წლიდან იცის უამრავი მცენარის სახელწოდება, მათი მოვლა. უმცროსი, თეკლა, ჯერ 9 თვისაა, რომ წამოიზრდება, მასაც ვასწავლი ეკოლოგიაზე ზრუნვას.

- რას ურჩევთ მოყვარულ მემცენარეებს? - ახლა, ალბათ, ამისი დრო არა გვაქვს, პანდემიის გამო ბევრი ჩვენი თანამემამულე კარანტინშია. თუმცა მინდა ვანუგეშო და ვუთხრა - ეს თქვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის, მთელი ქვეყნისთვის ასეა საჭირო. პანდემიას აუცილებლად დავამარცხებთ, ჩათვალეთ, რომ ომში ვართ, სადაც უხილავ მტერს ვებრძვით.