მინდვრის ფერადი დედოფალი
06-04-2020
მინდვრის ფერადი დედოფალი
"ჩვეულებრივი ჭარხალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში და ადრე გაზაფხულზე: ამ დროს ორგანიზმი გამოფიტულია და ჭარხალს შეუძლია, ვიტამინებითა და უამრავი სასარგებლო ნივთიერებით მოგვამარაგოს"

"გამოცდილი მკურნალი", "ვიტამინების საბადო", "მინდვრის დედოფალი" - ასეთი ეპითეტებით ამკობენ სპეციალისტები ჭარხალს, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში პოპულარული მცენარეა. ამბობენ, რომ რკინის შემცველობით ის პირველობას მხოლოდ ნიორს უთმობს, ხოლო იოდის შემცველობით - ზღვის კომბოსტოს. საიდან მოვიდა ჩვენამდე მცენარე, რომელიც ბუნებამ უამრავი სასარგებლო თვისებით დააჯილდოვა? - ჭარხლის მოყვანა ადამიანმა რამდენიმე ათასი
წლის წინ დაიწყო. აზიაში მხოლოდ მის ფოთლებს მიირთმევდნენ, ფესვს კი - სამკურნალოდ იყენებდნენ. ჭარხლის ძირხვენებს პირველად გემო არაბებმა გაუსინჯეს, მერე კი - ინდოელებმა. სწორედ ინდოეთიდან შემოიტანეს ეს კულტურა ევროპის ქვეყნებში.

ამ მცენარის თავისებურებებზე გვესაუბრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი აკაკი ღლონტი.

- ბატონო
აკაკი, რატომ უწოდებენ ჭარხალს "მკურნალ" მცენარეს?

- ჭარხალი იშვიათი სამკურნალო თვისებებით დაჯილდოებული მცენარეა. ის ოდითგანვე არის ცნობილი და მისი წვენით მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მსოფლიოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: არის ჩვეულებრივი, საკვები ჭარხალი, შაქრის შემცველი ჭარხალი და საქონლის ჭარხალი, რომელიც მეცხოველეობაში გამოიყენება. მისი ფორმა შეიძლება იყოს მრგვალი, ცილინდრული, ელიფსური და სხვ. ჭარხალი შეიძლება იყოს ყვითელი, ვარდისფერი, წითელი - ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

- უმი ჭარხალი უფრო სასარგებლოა თუ გადამუშავებული?
- ჭარხალს მიირთმევენ უმს, მოხარშულს, შემწვარს... მისგან ძალიან ბევრ კერძსა და არომატულ, უგემრიელეს მწნილებს ამზადებენ. საკვებად ამ მცენარეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყენებენ, გამოიყენება როგორც მისი ძირხვენა, ასევე ფოთლებიც.

ეს უნიკალური მცენარეა, რადგან დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს შეიცავს. თანაც, თერმული დამუშავების დროს ვიტამინები და მინერალები არ იკარგება. ამიტომ ის მოხარშულიც სასარგებლოა და უმიც. უებარია ეს მცენარე ჰემოგლობინის ნაკლებობის დროს. მის მიღებას ურჩევენ სხვადასხვა დაავადებისას, განსაკუთრებით სასარგებლოა ეს მცენარე გაზაფხულზე, სანამ ახალი ხილი და ბოსტნეული შემოვა.

- რამდენად მოსავლიანი მცენარეა ჭარხალი?
- კარგი მოვლის პირობებში 1 ჰექტარზე 80-დან 100 ტონამდე ჭარხალი მოდის, ხოლო საშუალო მოვლისას 50-60 ტონა. ეს, რაც შეეხება, ჩვეულებრივ, საკვებ ჭარხალს, საქონლის ჭარხალს როცა დავთესავთ, 1 ჰექტარზე 140-150 ტონის მიღებაც შეიძლება.
მე თვითონ მომიყვანია და კარგად ვიცი, რომ ჭარხალი ზამთრის პერიოდში არანაკლებ კარგად ხარობს: ზამთრის თვეებში მისი მეორე მოსავლის მიღება შეიძლება. ამაში მას ჩვენი კლიმატიც ხელს უწყობს, მცენარეს მავნებლები არ უჩნდება და კარგად იზრდება. მთავარია, ნიადაგში მღრღნელები არ იყოს, რომლებიც ჭარხლის ტუბერებს დააზიანებენ. შაქრის ჭარხალი ადრე ქართლში მოჰყავდათ, მისი მომხმარებელი იყო აგარის შაქრის ქარხანა, რომელიც შაქარს აწარმოებდა. ახლა კი ამ მცენარის თესლი ევროპიდან შემოდის, მერე ითესება და ყველა რეგიონში ძალიან კარგად ხარობს.

- როგორი პირობები უნდა ჰქონდეს ჭარხალს, რომ ნორმალურად განვითარდეს და ფერმერმა კარგი მოსავალი მიიღოს?
- გაზაფხულზე ნიადაგი ღრმად უნდა მოიხნას - 25-27 სანტიმეტრის სიღრმეზე და უნდა დაიფარცხოს. დათესვის ვადა კი ტემპერატურასა და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.

ბარში ჭარხალს მარტის პირველი დეკადიდან თესავენ, ხოლო მთიან რეგიონებში - 10 აპრილის შემდეგ. რიგებს შორის დაშორება 15-20 სმ უნდა იყოს, ხოლო მწკრივებს შორის - 50-70 სანტიმეტრი. მთავარია, ნოყიერ ნიადაგზე დავთესოთ, თორემ ეს მცენარე ყველგან ჩვეულებრივად ხარობს, მის გამო განსაკუთრებული გამდიდრება და გაფხვიერება ნიადაგს არ სჭირდება.

ბუნებრივ სასუქებს შორის შეიძლება გამოვიყენოთ: ნეშომპალა, ნაკელი, ნაცარი. ხოლო გათოხნა, გამარგვლა, კულტივაცია და სხვა აუცილებელი ღონისძიებები ისევე უნდა ჩაუტარდეს, როგორც სხვა მცენარეულ კულტურებს. მთავარია, კვლებს შორის დიდი რაოდენობით აზოტი არ შევიტანოთ, ის შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს.

- დასავლეთ საქართველოში უკეთესი კლიმატია ჭარხლის მოსაყვანად თუ აღმოსავლეთში?
- ჭარხალი ყველგან კარგად ხარობს, მათ შორის, გურიაშიც. ჩვენთან საქონლის ჭარხალი და საკვები ჭარხალიც ჩვეულებრივად მოდის.
შაქრის ჭარხალი ჩვენს რეგიონში არასოდეს მოუყვანიათ. სამწუხაროდ, ის მომგებიანი ქართლშიც აღარ არის, ამიტომ ფერმერები იქაც აღარ თესავენ. ბრაზილიას და კუბას შაქრის ჭარხლის წარმოებაში ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ, მასზე მოთხოვნილება რომ აღარ არის, ამიტომაც არ მოჰყავთ ქართლში. რაც შეეხება საქონლის ჭარხალს, მის მოყვანას ყველას ვურჩევდი, ვისაც ოჯახში მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი ჰყავს. ჩვეულებრივი ჭარხალი კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთარში და ადრე გაზაფხულზე: ამ დროს ორგანიზმი გამოფიტულია და ჭარხალს შეუძლია, ვიტამინებითა და უამრავი სასარგებლო ნივთიერებით მოგვამარაგოს. მით უმეტეს, რომ დიდხანს შენახულიც არ კარგავს სასარგებლო თვისებებს. ის გაცილებით მეტ ორგანულ მჟავას, მინერალსა და უჯრედისს შეიცავს, ვიდრე ბევრი სხვა ბოსტნეული. სხვა ძირხვენებს ჭარხალი სამკურნალო-დიეტური თვისებებითაც სჯობნის. მასში უხვად არის კალციუმი, კალიუმი, რკინა, თუთია და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. შეუდარებელ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე უმი ჭარხლის წვენი. ამ მხრივ ჭარხალს ვერც ერთი სხვა ბოსტნეული ვერ შეედრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მიღება ორსულებისთვის, მეძუძური დედებისა და ბავშვებისთვის.

უმი ჭარხლის სალათი


ჭარხლისაგან ბევრ გემრიელ სალათსა და კერძს ამზადებენ. გთავაზობთ უმი ჭარხლის სალათის რეცეპტს. ეს სალათი ნებისმიერი ოჯახის სუფრას დაამშვენებს, მით უმეტეს, რომ მისი მომზადება არც ისე ძვირი დაგიჯდებათ:
შემადგენლობა: 1 ცალი ჭარხალი, 2 თავი ხახვი, 10 გ. ზეთი, 3 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი ძმარი, ხმელი ქინძი, შაქარი, პილპილი, მარილი, სალათის ფურცლები.

მომზადება: ჭარხალი გაასუფთავეთ და გრძლად დაჭერით. ხახვიც გრძლად დაჭერით, მოშუშეთ ზეთში და გააგრილეთ. დაუმატეთ დაჭრილი ჭარხალი, დანაყილი ნიორი და ძმარი. გემოვნებით შეურიეთ ქინძი, შაქარი, პილპილი და მარილი. სუფრასთან მიტანის წინ გააფორმეთ სალათის ფურცლებით.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?