როგორ მუშაობენ მეურნეები "კორონავირუსის რეჟიმში" - კვირის პალიტრა

როგორ მუშაობენ მეურნეები "კორონავირუსის რეჟიმში"

კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ და კომენდანტის საათმა მთლიანად შეცვალა ადამიანების საქმიანობისა და ყოფა-ცხოვრების წესები.

საგაზაფხულო სამეურნეო სამუშაოებს დროულად დაწყება უნდა, რადგან ამას თავისი აგროვადები აქვს. მათი დარღვევა სოფლის მეურნეობის დარგს დიდ ზარალს მიაყენებს... ამგვარ ვითარებაში როგორ საქმიანობენ ფერმერები, ვრცელდება თუ არა მათზე საყოველთაო შეზღუდვები, ხელს უშლით თუ არა საგანგებო მდგომარეობა მეურნეობის განვითარებაში, ამ საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გვესაუბრა.

გიორგი ხანიშვილი:

- სახელმწიფო დეკრეტის შესაბამისად გამოცემული დადგენილებების თანახმად, სოფლის მეურნეობა მიჩნეულია პრიორიტეტულ დარგად, რომელსაც პრაქტიკულად არ ეხება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები, თუ არ ჩავთვლით დროის შეზღუდვას საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე. ყველა ფერმერული მეურნეობა მუშაობს შეუფერხებლად. მარნეულსა და ბოლნისშიც კი, სადაც კარანტინია გამოცხადებული, შეუფერხებლად საქმიანობენ. როდესაც ადამიანი იმ რეგიონებში თბილისიდან ჩადის, იცის, რომ იქ უნდა დარჩეს და ვერ წამოვა, მაგრამ ფერმერებს შეუძლიათ ჩავიდნენ, იმუშაონ, ქალაქებს შორის იარონ, შეიძინონ შესაბამისი მარაგი, ტექნიკის ნაწილები, სარგავ-სათესი და ნებისმიერი სახის სასუქი. ჩვენ მათთვის შეზღუდვა არ დაგვიწესებია, პირიქით,

სოფლის მეურნეობის ზოგიერთ დარგში გაიცემა საშვები, რათა თანამშრომლები ღამითაც მივიდნენ, მაგალითად, მსხვილ ფერმებში, სადაც ბევრი მეწველი ძროხაა. ისინი განსაზღვრული პერიოდულობით უნდა მოიწველოს და ხალხი ცვლებში მუშაობს.

როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე ჩვენი ექიმების ყველა რეკომენდაცია ეხებათ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებსაც, თუმცა, მთავრობა მათ მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ განავითარონ თავიანთი მეურნეობა, მეტი მოსავალი მოიყვანონ, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და შედეგად მეტი სურსათი იყოს.

- ესე იგი მეურნეებს საქმიანობა არ შეუწყვეტიათ... - დიახ, ჯერჯერობით ასეა, თუმცა შეიძლება აუცილებელი გახდეს და შეზღუდვები ამ სფეროშიც დაწესდეს...

- საგაზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ფერმერებისთვის რაიმე წამახალისებელი პროექტი ხომ არ მუშაობს? მაგალითად, სასუქზე, შესაწამლ მასალაზე, სამუშაო ინვენტარზე... - სახელმწიფოში არსებობს პროგრამები (80 პროგრამაზე მეტი), რომლებიც ამ ყველაფერს ითვალისწინებს და ყველა პროგრამა მუშაობს. არც ერთი არ გაჩერებულა, ისევე, როგორც დარგი.

"სოფელში სამუშაოს რა გამოლევს?!"

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ერთ-ერთ წარმატებულ ფერმერს, გიორგი ბოჭორიშვილს გორის რაიონის სოფელ არაშენდიდან. გიორგი სამხედრო პირია, ოღონდ ახლა სამკურნალო შვებულებაშია - ავღანეთში დაიჭრა, რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ კი იარაღი თოხით შეცვალა და მეურნეობას გაუძღვა. მოჰყავს ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი. საქმიანობა ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც არ შეუჩერებია. ბაღ-ბოსტანში საგაზაფხულო საქმიანობა ერთი თვის წინ განაახლა. მისთვის პანდემიას არაფერი შეუცვლია - შრომობს და საქმე თავზე საყრელად აქვს.

- ერთი თვეა, დახნული მაქვს ნაკვეთები. ყველაფერი დამუშავებულია. ერთ კვირაში დასარგავი მაქვს კომბოსტოს და ბულგარული წიწაკის ჩითილები. ამ ყველაფერს ნაადრევად ვაკეთებ. უნდა გადავრგო ხახვიც. 5000-მდე ძირი ნაადრევი პომიდორიც მაქვს დასარგავი. კარტოფილი უკვე დავთესე. მოკლედ, იმდენი საქმეა, არ ილევა და ვერ ავუდივარ.

- ხალხიც ხომ გყავს დასაქმებული?

- კი, რამდენიმე ადამიანს ვამუშავებ.

- კარანტინს, საგანგებო მდგომარეობას საქმეში ხელი არ შეუშლია? - არა. ახლა დიდ დროს ბაღში ვატარებ. პირიქით, უკეთესიც კია. სხვა არაფერზე ვფიქრობ. მთავარია, მუშაობისას დისტანციას ვიცავთ და ყველა წესს ვასრულებთ, რაც ამ პანდემიის დროს მოგვეთხოვება. მოკლედ, გულიანად ვმუშაობ და მთლიანად ვარ საქმეში ჩაფლული. ხელი იმან შემიშალა, რომ ბევრი რამის ფასმა მოიმატა, მაგალითად, თესლების ფასი გააორმაგეს...

- თუ ბაღში გვიანამდე დარჩი, კომენდანტის საათი ხელს არ გიშლის?

- გვიანამდე არ ვრჩები. სახლთან სათბური მაქვს და თუ რამე საღამოს საათებშია გასაკეთებელი, იქ ვშრომობ.

- სულ რამხელა ფართობზეა შენი ფერმერული მეურნეობა? - საერთო ფართობი 20-დან 25 ჰა-მდეა. ვაშლის ბაღიც მაქვს. წლეულს ვაშლის ახალი ნერგები "სეტკაზე" უნდა გავაშენო, ვენახივით. ჩემთვის უცხო ჯიშია. ამ ნერგებს ცოტა ხანში ჩავყრი. ბევრს ისხამს და მოსავალს იმავე წელს იძლევა, თან ძალიან გემრიელია. მარცვლეულს რაც შეეხება, უკვე დათესილი მაქვს ქერი და ხორბალი. ნიადაგში გვარჯილაც შევიტანე. ახლა მხოლოდ მოსავლის აღებასღა ველოდები. ბლის ბაღიც მაქვს, რომელიც უკვე შეწამლულია და მალე დაიწყებს ყვავილობას.

- იმ ადამიანებს, რომლებიც წლევანდელი ვითარების გამო შეფერხდნენ, რას ურჩევდი? - მთავარი მონდომებაა და მუშაობის ხალისიც გაჩნდება, საქმიანობისას კი უნდა დავიცვათ დისტანცია. სოფელში სამუშაოს რა გამოლევს?! მე დასასვენებლად ვერასდროს ვიცლი, სად არის ამის დრო?! ამ დღეებში ჩავერთე მოძრაობაში, რომელსაც ფერმერთა ასოციაცია მართავს - ჩვენს რაიონში თუკი რომელიმე მოხუცს რამე დახმარება დასჭირდება, დავეხმარებით.