...ახმიანდა წლობით დადუმებული სამუშაო იარაღი, მოიხნა და დაითესა
13-04-2020
...ახმიანდა წლობით დადუმებული სამუშაო იარაღი, მოიხნა და დაითესა
ადამიანის სასწაულთმოქმედი ძალა სწორედ ის არის, რომ მას შეუძლია საყოველთაო განსაცდელიც თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს. მოწოდება - "დარჩი სახლში" ვირუსის გავრცელების დროს განსაკუთრებით საოჯახო მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს გამოადგებათ და ისინი უფრო მეტ დროს გაატარებენ თავიანთ მამულ-დედულში, ბევრიც მამაპაპისეულ კარ-მიდამოს მიუბრუნდება და დიდი ხნით მიტოვებულს ეკალ-ბარდისგან გაასუფთავებს. ახმიანდება წლობით დადუმებული სამუშაო იარაღი, მოიხვნება, დაითესება, გაისხვლება, გაიმარგლება... სალამურივით აწკრიალდება მამაპაპური თოხი თუ წალდი.

ბექა მესტვირიშვილი თელავში ეძებს მცოდნე და სანდო ხალხს, ვინც მამაპაპეული
სახლისა და მეურნეობის აღდგენაში დაეხმარება. ბექა თხილის ნარგავების განახლებას, რამდენიმე ჰექტარზე ვენახის ჩაყრასა და სახლ-კარისა და მარნის გამაგრებას აპირებს - სურს, გაცდენილი დრო ერთიორად აინაზღაუროს.
მირზა სირბილაძემ იმერეთში, ქალაქ თერჯოლაში, თავისი ეზო-კარი სამოთხეს დაამსგავსა - ბალახი გაკრიჭა და ხეხილი, რომ იტყვიან, კირში "აბანავა".
თემურს ნაკვეთში
ვაზის ჩაყრა და ხილ-ბოსტნეულის მოყვანაც უნდა და ფიქრობს, რომ ეს პერიოდი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ხელსაყრელი დროა.


ახალგაზრდა მევენახე, მეღვინე და მემარნე გურამ მოსემღვდლიშვილი ყვარელში მიწის დამუშავებას თავის პატარა გოგონასთან ერთად შეუდგა:
- ერთხელ გადავხანი და გავთოხნე. ახლა ფრეზი გავატარე. შემოდგომამდე ორჯერ კიდევ გავატარებ და ორჯერ გავთოხნი. ალბათ, ერთხელ ხელითაც გავმარგლავთ. შალაფა ბალახი იცის ხოლმე და ის ხელით თუ არ ამოვიღე, ვერ გავაქრობ. ჩემს პატარას უკვე ვაზიც აქვს დარგული და ხეხილიც. რომ ვეტყვი, წამოდი ვენახში-მეთქი, მეკითხება, პაპას ვენახში წავიდეთ თუ ჩემს ვენახშიო.

- მერე რა, რომ თოხზე გაცილებით პატარაა, სამაგიეროდ გული აქვს დიდი, - ღიმილით ამბობს გამრჯე გოგონაზე დედა ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილი.
ელისო ღვინიაშვილმა კახეთში, სოფელ ჩალაუბანში საყანე ადგილი მოხნა:
- ჭვავი დავთესე მარტის პირველ კვირას. მირჩიეს, გაზაფხულზე არ დამეთესა - ვერ მოასწრებს დათავთავებას, თუმცა მწვანე მასად გამოგადგებაო. მე მაინც გავრისკე. ერთგვარი ექსპერიმენტია - ურწყავ მშრალ ადგილზე დავთესე.

P.S. ბარაქა თქვენს ერთობასა და მოსავალს, ქართველებო. ასე ერთმანეთის გვერდით დგომით, ალბათ, ყველაფერს ეშველება.

კახა მჭედლიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?