"გავერიდეთ ყველაფერს და მთელი ოჯახი სოფელში ვართ" - კვირის პალიტრა

"გავერიდეთ ყველაფერს და მთელი ოჯახი სოფელში ვართ"

ნიკა ვაჩეიშვილი: "დარწმუნებული ვარ, ეს ღელვა მალე გადაივლის და პატარა მოგონებად დარჩება"

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს დიდი პრობლემები და საფრთხე შეუქმნა, მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის სექტორი, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მეტ-ნაკლებად ცდილობს შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთოს, რათა აგრარული მიმართულება ძალიან არ დაზარალდეს. ჩვენც შეძლებისდაგვარად ვცდილობთ დავუკავშირდეთ ჩვენს ცნობილ თუ უცნობ ფერმერებს, მეურნეებს, მეწარმეებს და ამ პერიოდში მათი საქმიანობის შესახებ შევიტყოთ.

ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ატენში რომ უკვე წლებია შინამეურნეობას უვლის, ამაზე მკითხველს ადრე ვუამბეთ, ამჯერად კი ბატონი ნიკა გვიამბობს, ამ კრიზისულ პერიოდში როგორ განაგრძობს საქმიანობას.

- უჩვეულოდ რთული სიტუაციაა ფსიქოლოგიურად, ადამიანების ფიზიკურად განმხოლოებამაც ბევრი სირთულე გააჩინა. ამიტომაც შევეცადეთ, ამოცანები იმ რეალობიდან გამომდინარე დაგვესახა, რომელშიც ახლა ყველას გვიწევს ყოფნა - გავერიდეთ ყველაფერს და მთელი ოჯახი სოფელში ვართ. საბედნიეროდ, სამი თაობა ვართ ერთად და ახლა ჩვენს ყოფას ეს ჟრიამული ახლავს.

აგრარული მიმართულებით მარტივი მიზანი დავისახეთ - ჩვენი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, როგორც ჩვენს წინაპარს, ჩვენც გვეყოს მოწეული ჭირნახული, სხვასაც გავუნაწილოთ და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ბაზარზეც გავიტანოთ.

ამ გასაჭირის დროს აღარ ვაპირებთ სოფლის არაბუნებრივად გაძვირებული პროდუქტის ყიდვას. გვინდა ყველაფერი ჩვენი გვქონდეს და გამოთავისუფლებული თანხა მეურნეობის განვითარებას მოვახმაროთ, რომ ჩვენი დამხმარე სამეზობლო ეკონომიკურად ოდნავ ძლიერი იყოს, ვიდრე მანამდე.

კარგი იქნება, თუ ამ მაგალითს სხვებიც გაიზიარებენ. სოფლის სიძლიერე, ფაქტობრივად, ეს არის. მეურნეს თავისი პროდუქტი უნდა ჰქონდეს, თანაც ისეთი სიჭარბით, რომ სხვასაც გაუზიაროს. ეს მარტივი მიზანია, თუმცა ძნელად მისაღწევი, რადგან დიდი ხნის საქმე გვაქვს დიდი ხნის დაუმუშავებელ მიწებსა და ზოგჯერ მიუდგომელ ადგილებში.

- ეს მარტივი მიზანი სინამდვილეში შეიძლება მნიშვნელოვანიც აღმოჩნდეს.

- დიახ, მთელი შენი ბარაქა შენს დანახარჯზე მეტი უნდა იყოს. ამიტომ მიკრო თუ მაკროეკონომიკაა ის, როცა შენი ოჯახი, მეზობელი, საახლობლო, ყველა ხვავრიელია.

- ამ გაზაფხულზე რა გააკეთეთ?

- რაც კი მიწა გვაქვს, სულ დავამუშავეთ. დავთესეთ და ვთესავთ, რაც ოჯახში წლის განმავლობაში გვჭირდება: პარკოსნებს, ბოსტნეულს, მწვანილს, ყვავილებს, რომ მიდამოც ლამაზი გვქონდეს, გავსხალით ვენახი, ხეხილი, რათა, როგორც გითხარით, ამ ყველაფერის შეძენაში ფული აღარ დავხარჯოთ, გავაძლიეროთ სამეზობლო, ჩვენი დამხმარეები, ხელფასი შევუნარჩუნოთ, ჩვენს მარანთან არსებულ ბიბლიოთეკაში წიგნები შევიძინოთ. ასე შემოსავლის მიღებასაც ვისწავლით და კრიზისსაც კარგად გადავიტანთ.

გვაქვს თითქმის ყველანაირი ხილი: ატამი, ბალი, ვაშლი, ალუბალი... ალუბალი ახლა ყვავის... გვაქვს ჩვენი თაფლი, ყველი, ტყლაპი, ხორბალი არა, მაგრამ პურს თვითონ ვაცხობთ. გვაქვს ასევე ჭაჭა, შინაური, გადასარევი ღვინო. ამ ყველაფრით ჩვენს სტუმრებსაც ვუმასპინძლდებით.

- რა ღვინოს აყენებთ? - ტრადიციული ენდემური ჯიშების ყურძნისგან - გორული მწვანე, ჩინებული, თავკვერი, ანუ რაც ატენში მოდის. ახლა ჩვენს მარანში ღვინის მოვლის აუცილებელი ციკლი მიმდინარეობს - გადაღება, ბოთლში ჩამოსხმა, ახალგაზრდა ღვინის დავარგებისთვის მომზადება... ჭაჭის გამოხდას ვამთავრებთ, ჭურჭელში უნდა დაბინავდეს, რომ დაძველდეს და პროდუქტის ღირებულებაც ხარისხიდან გამომდინარე გაიზარდოს და არ შემცირდეს.

- თქვენი ამ სფეროში საქმიანობა აგროტურიზმის სექტორს განეკუთვნება, რადგან ტურისტებსაც მასპინძლობთ, ამ ეტაპზე პანდემიის გამო კი ტურიზმი მთელ მსოფლიოში შეჩერებულია. - ასეა, სტუმრები ვეღარ ჩამოდიან, მათ გარეშე უკვე გაგვიჭირდა, არადა, ახლა ტურისტული სეზონი გახსნილი უნდა იყოს. მაისი ძალიან დატვირთული იყო და ბევრი შეკვეთა გვქონდა ხოლმე. მათაც და ჩვენც იმედი გვაქვს, ეს მძიმე პერიოდი რომ გადაივლის, ჩაწყნარდება, ყველაფერი მაშინ გადანაწილდება.

- რა თქმა უნდა, ჩამოვლენ, ტურიზმი ისევ უნდა ამუშავდეს... - მეც ასე ვფიქრობ. ჩვენთან ვინც ჩამოდის, ზედმეტი რეკლამისა და რაღაც მასობრივი ტურიზმის გარეშე მოდის. ერთმანეთის გაცნობით გაგვიცნეს, ძალიან საახლობლო ტურისტულ სეგმენტში ვართ, რომელიც პერსონალურ ნაცნობობასაც გულისხმობს. ახლაც ვინარჩუნებთ ჩვენი მარნის უცხოელი მეგობრების კონტაქტებს, ყველანი გვგულშემატკივრობენ, ყოველდღე ვიღებთ იმეილებს, გვწერენ. ვცდილობთ ამ ეტაპზე ჩვენი ნაბიჯი ყველასთვის გასაგები იყოს, განსაკუთრებით ბუნების, ღვინისა და ისტორიის მოყვარულებისთვის. თავის მხრივ, ისინი ვიღაცებს უყვებიან ჩვენ შესახებ, აქაურობას აცნობენ. მოკლედ, ეს პატარა პაუზა უნდა გამოვიყენოთ, რათა მეტი მიზიდულობა გავიჩინოთ, ანუ ჩვენ ვართ ოჯახი, რომელიც სტუმრებს ელოდება.

აგროტურიზმი 2016 წელს დავიწყეთ, ასე რომ, ამ საქმეში ახალბედები ვართ. ბევრი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი გვსტუმრობს, ამერიკით ავსტრალიამდე. რაკი საოჯახო მიმართულება გვაქვს, ამიტომ ჩვენთან იმდენ ადამიანს მოუხარია, რამდენსაც ავუვალთ.

- მგონი, ეს რაღაც ტურიზმის სხვა განშტოებაა. - ასე გამოდის... როდესაც ადამიანები ერთმანეთს აქ გაიცნობენ, მერე სხვებს უყვებიან ჩვენზე და უკვე აქ ჩამოსულნი ძალიან ლამაზ გარემოში ხვდებიან.

- ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, კიდევ რაში შეგეშალათ ხელი? - შემოსავლები, ბიუჯეტი ძალიან შეგვიმცირდა. უფულობა ყველაფერს დაეტყო, მაგრამ ამას ფიზიკურ მუშაობას ვუნაცვლებთ.

ამ დაპაუზებისას ენერგიას ისევ ბაღის განვითარებას ვახმართ, მაგრამ დიდხანს თუ გაგრძელდა, არ ვიცი, რა იქნება. უფულოდ ყოფნა განვითარებას აფერხებს. ჯერჯერობით რაღაც გადავათამაშეთ, შევანაცვლეთ, მაგრამ ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

- ემოციურად რა არის ეს ყველაფერი თქვენთვის? - ჩვენ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ - სივრცეში, ქალაქისგან მოცილებულები. მრავალსართულიან სახლებში შეკეტილი ყოფა აქაურისგან განსხვავდება. ჩვენს ეზო-კარში ვართ, მაგრამ ემოციურად ძალიან მძიმეა, როცა იზოლირებული ხარ, დიდ სიფრთხილეს იჩენ, არავინ მოდის, არსად მიდიხარ, რაც გთრგუნავს. მეორე მხრივ, გარკვეული გამოწვევებიც არის... ადამიანებიც იმისთვის ვართ, რომ ღირსეულად გადავიტანოთ ეს რთული პერიოდი.

მაინც მგონია, რომ ციყვებს ვგავდით, რომლებიც ერთი ხიდან მეორეზე დარბიან, თითქოს წინასწარ განსაზღვრულ ციკლში, ამ პაუზამ კი მთელ მსოფლიოს შესაძლებლობა მისცა, თავიდან განსაზღვროს დრო, დააფასოს.

- ბევრი ამ პერიოდს ვერ უყურებს როგორც შესაძლებლობას, ადამიანებზე შიშის, სტრესის ფაქტორი მოქმედებს... - ბევრი ფსიქიკურად ვერ უძლებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ღელვა მალე გადაივლის და პატარა მოგონებად დარჩება. ადამიანებს რჩევით კი იმას ვურჩევ, რომ ყველამ თავისი დრო დააფასოს. ვინ იცის, იქნებ ეს თავისუფალი დრო მოგვენატროს კიდეც, ამიტომ ფუჭად ნუ გავფლანგავთ.