"მიჩვევა იცის პირუტყვმა, ჩაგითრევს და აღარ გაგაშვებინებს ხელს" - კვირის პალიტრა

"მიჩვევა იცის პირუტყვმა, ჩაგითრევს და აღარ გაგაშვებინებს ხელს"

"პირუტყვის მოვლასა და ფერმის შენარჩუნებას ვერავინ მოახერხებს, თუ ეს საქმე არ იცის და პირუტყვი არ უყვარს"

"თუ სახელმწიფო მესაქონლეობაში ფერმერებს არ დაეხმარა, ვითარება უფრო დამძიმდება", - გვითხრა ფერმერმა მურმან კაპანაძემ, რომელიც საჩხერის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და ორ ათეულ წელზე მეტია კონფლიქტის ზონასთან ახლოს პირუტყვის ფერმას მხოლოდ საკუთარი ძალით ინარჩუნებს.

- პირუტყვის მოვლასა და ფერმის შენარჩუნებას ვერავინ მოახერხებს, თუ ეს საქმე არ იცის და პირუტყვი არ უყვარს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც პირუტყვს უფრო ამ მიზეზით შერჩა, ვიდრე მოგების გამო, თორემ მესაქონლეობის ფერმებს უმეტესად ყველგან უჭირთ. როდესაც ამას ვამბობ, სახელმწიფოსგან ისეთ დახმარებას ვგულისხმობ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფერმერს პრობლემების შექმნისას ამოუდგება მხარში, თორემ ცხადია, პირუტყვს ჩვენ მაგივრად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ მოუვლის. ამას საკუთარი მძიმე გამოცდილების მაგალითზე გეუბნებით - 30 წელზე მეტია ფერმას ჯვრის უღელტეხილზე (მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, აკავშირებს ცხენისწყლისა და ლაჯანურის ხეობებს - ავტ.), კონფლიქტის ზონის მახლობლად ვინარჩუნებ და არ მქონია შემთხვევა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესებულიყო ჩემი ფერმით. გული მტკივა, ჩემისთანა მეწარმეებს რომ ეხმარებოდნენ, იქნებ რძისა და ხორცის ბაზარზე სხვა ვითარება გვქონოდა, ახლა კი ხალხი თვეობით ვერ ყიდულობს ხორცს და სხვათა შორის, ნატურალურ ყველსაც. ამ წლების განმავლობაში იმდენი დაბრკოლება გადამეღობა წინ, რძის თუ ხორცის წარმოების გაზრდა ვერაფრით შევძელი, ერთ ადგილს ვტკეპნი. ეს მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის არის საკმარისი, ქვეყანას ვერაფერს ვუკეთებ, არადა, თავდაუზოგავად ვშრომობ.

60-ზე მეტი ფური, ხბო და 6 კამეჩი მყავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელექტროენერგიის ფერმაში შემოყვანასა და ფერმამდე მომავალ გზამდე ბალასტის დაყრას ვიხვეწები, მაგრამ არაფერი გამოდის. ელექტროენერგია თუნდაც იმისთვის მინდა, რომ პირუტყვის საკვები ფერმასთან ახლოს დავფქვა და საკვებისთვის კილომეტრების გავლა და უქმი შრომა მაინც არ დამჭირდეს. მარტო მე არა ვარ ამ დღეში. ჩემს ფერმიდან არც ისე შორს პატარა რძის საწარმო ჰქონდა ერთ კაცს და ისიც დაიხურა. ამიტომაც არის საჭირო სახელმწიფომ ფერმერები იმ დონემდე დააყენოს ფეხზე სოფლის პროგრამებით, რომ წელში გაიმართონ, მერე დამოუკიდებლადაც იშრომებენ.

- საოცარია, რომ 30 წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონასთან გაქვთ ფერმა და არავინ შეხებია. - საბედნიეროდ, ეს არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, იყო შემთხვევები, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებთან ახლოს ჯონჯოლის საკრეფად გასული ჩვენი მოსახლეობა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს.

ჩვენ ძალიან უნდა გვინდოდეს, რომ მათ ჩვენი გამართული ფერმები ვაჩვენოთ - ფერმები, რომელშიც ელექტროენერგია იქნება, პირუტყვის საკვებს ადგილზე დაფქვავენ და გზაც არ იქნება ისეთი დანგრეული, რომ ადამიანს ფერმამდე მისვლა აღარ მოუნდეს...

3 წლის წინ 80 სული ქართული დედა ღორი დამეხოცა. არადა, იმ წელიწადს ესპანელი ლორის მწარმოებლები ჩამოვიდნენ და იმ ესპანური ღორის, "იბერიკას" ჯიშს ეძებდნენ, რომლითაც ბეკონს აწარმოებენ. ჩემი ღორები რომ ნახეს, გაოცდნენ, ნუთუ მართლა გყავთ ამდენი იმ წმინდის ჯიშის ღორი, რომელთაც ჩვენ დავეძებთ, აუცილებლად დავდებთ თქვენთან კონტრაქტსო, მაგრამ როცა თანამშრომლობისთვის დამიკავშირდნენ და ვუთხარი, ღორები აღარ მყავს, დამეხოცა-მეთქი, კინაღამ გული გაუსკდათ, ჩვენიანებს კი ინტერესიც არ გამოუჩენიათ.

იმდენად მინდოდა, რომ ქართული ღორი მე მაინც არ გადამეშენებინა, ლამის მთელი საქართველო შემოვიარე ქართული ღორის ძებნაში. ბოლოს მითხრეს, პანკისში თუ იპოვი ძალიან ღრმა სოფლებშიო. მართლაც წავედი და ქართული ღორი ისეთ სოფელში ვიპოვე, მარტო ოთხი ოჯახი რომ ცხოვრობს. იმ ხალხს ვუთხარი, სულ რომ სახლ-კარი მომთხოვოთ ამათ ნაცვლად, რამდენიმე ღორი უნდა მომყიდოთ, გული მაქვს გაგლეჯილი, ქართული ჯიში რომ გადამიშენდა-მეთქი. ჰოდა, მომყიდეს. ახლა 60 სულამდე მყავს. ჰოდა, ამ შრომის შემხედვარე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, სულ ერთ ადგილს რა გატკეპნინებს ამ ფერმაში, გაუშვი, მიანებე თავი-მეთქი, მაგრამ ვეღარ ველევი. მიჩვევაც იცის პირუტყვმა, ჩაგითრევს და აღარ გაგაშვებინებს ხელს. საკითხავია, სახელმწიფო რატომ ვერ ხედავს, რომ რა ფერმებიც შეგვრჩა, ისინიც სულს ღაფავენ და მიშველება სჭირდებათ, რომ ეს დარგი ფეხზე დადგეს.