მარწყვის "ფესტივალი" ურეკში - კვირის პალიტრა

მარწყვის "ფესტივალი" ურეკში

"გავიკითხეთ, გავარკვიეთ, რა სჭირდებოდა მარწყვს და 10 000 ძირი ფესტივალის ჯიშის მარწყვი გავაშენეთ"

გურიაში, სოფელ შრომაში ანა კალანდაძე თავის მეუღლესთან, იაკობ კუკასიანთან ერთად ცხოვრობს და საკმაოდ დიდ მეურნეობასაც უძღვება. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ახალგაზრდა წყვილი ხალისით უვლის საკუთარ მარწყვის ბაღს, დღედღეზე უხვ მოსავალს ელოდება და ამ მძიმე პერიოდშიც კი ყველას ხილის გასასინჯად ეპატიჟება, ცხადია, უსაფრთხოების ზომების დაცვით.

ანა კალანდაძე: - მე 24 წლის ვარ, ჩემი მეუღლე - 27-ის. ჩვენი და მარწყვის "ურთიერთობა" 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა ერთ-ერთ ნაცნობთან ვნახეთ მარწყვის მოსავალი. ურეკში გვქონდა მიწის ნაკვეთი და გადავწყვიტეთ, იქ გაგვეშენებინა, თუმცა თავიდან ამხელა მასშტაბს არ ვუმიზნებდით. ჯერ გავიკითხეთ, გავარკვიეთ, რა სჭირდებოდა მარწყვს და გავაშენეთ ფესტივალის ჯიშის მარწყვი, 10 000 ძირი. პირველ წელს მცირე მოსავალი მივიღეთ, თუმცა ახლა 3-4 ტონას ველოდებით. წლეულს ნერგებიც გავყიდეთ. ახლახან ვიყიდეთ 1 ჰა მიწა და კიდევ 10 000 ძირი გავაშენეთ. მომავალში გვინდა სხვადასხვა კენკროვანი მოვაშენოთ და ჩვენი ნაშრომი ქართულ ბაზარზე გავიტანოთ.

- მარწყვის დათესვამდე მიწა როგორ დაამუშავეთ? - ჯერ ნიადაგის ანალიზი გავაკეთებინეთ, რომ გაგვეგო, გამოდგებოდა თუ არა მარწყვისთვის. შემდეგ მოვხანით, გავაფხვიერეთ, გავაკეთეთ ბაზოკვლები, დავაყენეთ წყლის წვეთოვანი სისტემა და ბოლოს ჩავუტარეთ მულჩირება.

- რომელი სასუქი შეიტანეთ და რამდენი? - დარგვამდე არაფერი შეგვიტანია.

- რამდენჯერ უნდა შეწამვლა, გამარგვლა, მორწყვა? - შეწამვლა ხშირად უნდა, რაც დამოკიდებულია სხვადასხვა დაავადებებზე, რაც მარწყვს მრავლად უჩნდება, მაგალითად, სოკოვანი დაავადებები, მავნებლები როგორც მიწის ზემოთ, ასევე - ნიადაგში.

თვითონ მარწყვმა უნდა გიკარნახოს, ამა თუ იმ პერიოდში რა სჭირდება. ბალახის ამოღება საჭიროა მაშინვე, როგორც კი შეამჩნევთ. უკვე წამოზრდილი, ხშირი ბალახის გამორჩევა ძალიან რთულია. მორწყვაც ხშირად სჭირდება, რადგან ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს. ზაფხულის ცხელ დღეებში ყოველდღე ვრწყავთ, დილით ადრე ან საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ.

- ცელოფანის გაფენა, ძირების დასათბურება რა ჯდება და ამ დროს მარწყვის მოსავლიანობა თუ იზრდება? - მთავარი მაინც მულჩირება და წვეთოვანი სისტემაა. მულჩირების შედეგად მიწა ტენიანობას ინარჩუნებს, იცავს ნარგავებს სარეველა მცენარეებისგან და მარწყვი უფრო სუფთა და ჯანსაღი მოდის, რადგან მიწას არ ეხება.

- მარწყვის უხვი და საღი მოსავლის მისაღებად კიდევ რა ღონისძიებებია საჭირო? - მარწყვის ვეგეტაციის პერიოდი ადრე გაზაფხულზე იწყება. ნერგის ზრდის სხვადასხვა პერიოდში ხდება მარწყვის შეწამვლა აზოტით, ფოსფორითა და კალიუმით. ვაშორებთ გამოზამთრებულ ხმელ და დაზიანებულ ფოთლებს.

- თქვენი გეგმები როგორია? - სამომავლოდ ვგეგმავთ, მარწყვის მიმდებარედ შევიძინოთ ახალი მიწის ნაკვეთები და გავაშენოთ სხვადასხვა კენკროვანი ხილი და ბოსტნეული. ასევე გვინდა, სატაცური მოვიყვანოთ... მარწყვის სათბურის გაკეთებაზეც ვფიქრობთ...

- მოსავალს ადვილად ყიდით? - მოსავალს ვაბარებთ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებსა და აგრარულ ბაზრებში. აქამდე არ ვიცოდით, სად და როგორ გაიყიდებოდა და კარანტინის გამო, ცოტა არ იყოს, ვღელავდით. ახლა ცოტა დავმშვიდდით, რადგან თქვეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით სავაჭრო ქსელი შეისყიდისო. თუ ასე მოხდება, გასაღება არ გაგვიჭირდება, რაც დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვისაც და მომხმარებლისთვისაც.

- რას ურჩევთ მათ, ვინც მარწყვის ბაღის გაშენებას გადაწყვეტს? - მარწყვის ბაღის გაშენება შრომატევადი საქმეა, თუმცა მთავარია, დრო და ენერგია არ დაზოგოთ და ყველაფერი გამოგივათ.

კახა მჭედლიშვილი