ქვევრის ღვინის საოცარი თავგადასავალი ავსტრიაში - კვირის პალიტრა

ქვევრის ღვინის საოცარი თავგადასავალი ავსტრიაში

"ქართულ ქვევრში ქართული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინო ავსტრიელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და, ამავე დროს, ძვირად ღირებული სასმელია. მას ბრუნდერმაიერის ქვევრის ღვინის სტატუსით იცნობენ"

როგორ აღმოჩნდა ავსტრიაში ქართული ქვევრი და ვინ აყენებს ვენაში ქართული ტექნოლოგიით ღვინოს? ამის შესახებ შალვა დოლიძე, ავსტრიელებისთვის კი - ბუტა დო გვიამბობს.

- 2013 წელს, როცა ქართული ქვევრის ღვინომ იუნესკოს ჯილდო მიიღო, დავიწყე ფიქრი, როგორ გამეცნო ქართული ღვინო ავსტრიელებისთვის. ჩემს ავსტრიელ მეგობარ ვინცენტ ბრუნდერმაიერს, რომელსაც ღვინის ქარხანა და ვენახები აქვს, შევთავაზე, ქვევრის ღვინო ერთად დაგვეყენებინა და უკვე სამი წელია, ამ საქმეს ვაკეთებთ. ღვინის დასაყენებლად ყოველ წელს სხვადასხვა ჯიშის ყურძენს ვიყენებთ, გვაინტერესებს, ქართულ ქვევრს ყველაზე მეტად რომელი შეიფერებს. პირველად შარდონე მოვსინჯეთ და ძალიან კარგი გამოვიდა. მერე სხვა ჯიშებიც ვცადეთ და ყველა ცდამ კარგი შედეგი გამოიღო.

ბრუნდერმაიერის ღვინო ავსტრიაში ძალიან პოპულარულია. როდესაც იმ ბოთლს ნახულობენ, რომელშიც ჩვენი ქვევრის ღვინოა ჩამოსხმული, კითხულობენ, ბრუნდერმაიერი კი ვიცით, მაგრამ ქვევრი რა არისო? აი, ამ შეკითხვის შემდეგ იწყება ახსნა-განმარტება და ქართული კულტურის გაცნობა.

- ავსტრიელებს მოსწონთ თქვენი ღვინო... - მოსწონთ, თუმცა ჩემი მთავარი მიზანი გაყიდვა არ არის. წელიწადში 300-500 ბოთლ ქვევრის ღვინოს ვასხამთ. ძირითადად, საჩუქრად ვარიგებ. ბრუნდერმაიერის ღვინო მსოფლიოს 40 ქვეყანაშია ცნობილი, მაგრამ ქვევრის ღვინოს ძალიან იშვიათად შეხვდებით და ისიც ძალიან ძვირი ღირს. ჩემი მთავარი ამოცანა ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. ამ მიზნით სემინარებს ვატარებ და ჩემ მიერ არჩეული ქართული ღვინოები რესტორნებში შემაქვს.

- მეგობარი ბრუნდერმაიერი ამაზე როგორ დაითანხმეთ? - ქართულ სუფრაზე მოხვედრილი კაცი ყველაფერზე შეგიძლია დაითანხმო. მეგობრებმა გამაცნეს, როგორც მეღვინე. ქვევრის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით ჰქონდა გაგონილი, მე კი ყველაფერი დეტალურად ავუხსენი. მერე საქართველოშიც ჩამოვიყვანე და აქ გავასინჯე ჩვენი ღვინოები. ქვევრები აქედან წავიღეთ. სხვათა შორის, ევროპული, ავსტრიული ყურძენი ქართულთან შედარებით მჟავეა და ქვევრშიც უჭირს ფრაგმენტაცია, თუმცა ძალიან რომ მოინდომებ, ყველაფერი გამოდის.

- ჩვენთან ღვინოს, თუნდაც ქვევრისა იყოს, დასავლეთსა და აღმოსავლეთში სხვადასხვაგვარად აყენებენ. თქვენ რომელი ტექნოლოგია აირჩიეთ?

- კახური. ბევრ ჭაჭაზე ვაყენებ და მტევანს არ ვურევ, რადგან მტევანი მჟავას შეიცავს. ამასთან, არ ვიყენებთ არანაირ დანამატს, გოგირდს...

- ავსტრიაში როგორ მოხვდით? - ავსტრიაში საქართველოს საელჩოში ვმუშაობდი. მერე სწავლის გაგრძელება მოვინდომე და შემოვრჩი. უკვე 17 წელია, აქ ვარ. საქართველოში გამოყენებითი მათემატიკა და ფინანსები დავამთავრე, აქ მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა, ეკონომიკის ფაკულტეტზე, მერე კი პროფილი შევიცვალე - გასტრონომიის კურსები გავიარე და მივიღე საბუთი, რომლის საშუალებითაც ევროპის ყველა ქვეყანაში შემიძლია რესტორნის ან ბარის გახსნა. ბოლოს სომელიეც გავხდი.

სხვადასხვა სამსახურში მუშაობის დროს მივხვდი, რას ნიშნავს, იყო "თერგდალეული". ამ ქვეყანაში თავის დამკვიდრება ძალიან გამიჭირდა, რადგან აქაურებისთვის ქართველები კრიმინალებთან ასოცირდებოდნენ. წლების განმავლობაში კარგი სამეგობრო "შევიკარით" და ქართველების იმიჯის გამოსწორებაზე დავიწყეთ ზრუნვა. ვმართავდით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას, ავსტრიელებს გავაცანით ჩვენი კულტურა და ისტორია, საქველმოქმედო ღონისძიებებშიც მივიღე მონაწილეობა და ავსტრიელებიც ნელ-ნელა დავიმეგობრე.

- ვენის ცენტრში რესტორანიც გაქვთ...

- სამწუხაროდ, აღარ მაქვს. ძალიან კარგი რესტორანი, უფრო სწორად - ბარი მქონდა, 60-70-იანი წლების სტილის. ფაქტობრივად, კულტურული ცენტრი იყო. საგამოფენო დარბაზიც გვქონდა. ავსტრიელ სტუმრებს ფხალეულით, ხაჭაპურით და ხინკლით ვუმასპინძლდებოდით, თან ჩვენს კულტურას ვაცნობდით, სემინარებსაც ვატარებდით. განსაკუთრებულ დღეებში განსაკუთრებულ კერძებს ვამატებდით, მაგალითად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე - ჩაქაფულს და ა.შ.

- ხინკალს ავსტრიელებიც ხელით მიირთმევდნენ?

- დიახ და სხვებსაც ასწავლიდნენ ხელით ჭამას. მუდმივი კლიენტიც გვყავდა - კვირაში ერთხელ მოდიოდნენ და ქართველებივით ას-ას ხინკალს იღებდნენ. ისეთი კლიენტებიც გვყავდა, რომლებიც ყოველდღე მოდიოდნენ ხაჭაპურის საჭმელად. ძალიან კარგი საქმე იყო, მაგრამ დიდი დრო მიჰქონდა და ვარჩიეთ, ეს დრო სხვაგვარად გაგვენაწილებინა. ახლა მხოლოდ გამოფენებს ვმართავთ და ქართულ ღვინოს ვუწევთ პოპულარიზაციას, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციას, მაგალითად, საქართველოს საელჩოს ღონისძიებების გამართვაში ვეხმარებით.

- ამ ყველაფერს მხოლოდ მეგობრებთან ერთად აკეთებთ თუ ოჯახიც გეხმარებათ?

- არა, დედა კოსმეტოლოგია, ჩემი და - სტუდენტი, ეკონომიკას სწავლობს. მამა თბილისშია.

- თქვენ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას? - აუცილებლად. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. პანდემია რომ არა, ახლაც თბილისში ვიქნებოდი და ღვინის ფესტივალს დავესწრებოდი. წინანდალში პატარა მიწის ნაკვეთი მაქვს, 1 ჰექტარი ვენახით. ავსტრიაში ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. მერე აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს ვენახს მივხედავ.

- ავსტრიელები ბუტა დოს რატომ გეძახიან?

- ბუტას შინაურები დაბადებიდან მეძახიან. დო მე ავირჩიე ფსევდონიმად, როგორც პირველი მუსიკალური ნოტი.

- მუშაობას პანდემიის პირობებშიც ახერხებთ? - ახლა რესტორნები, ბარები, დიდი კომპანიები დაკეტილია, მაგრამ ვებშოპი გავაკეთე და ვცდილობ, ამ მიმართულებით ვიმუშაო. სხვათა შორის, აქ ისეთი შეზღუდვები არ არის, როგორიც საქართველოში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს და მაღაზიებში, აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს მიმოსვლა შეუძლია. მეც დღეში სამჯერ ჩამყავს ჩემი ძაღლი გასასეირნებლად. ოღონდ მოგვიწოდებენ, შეკრებებისგან თავი შევიკავოთ, არ ვიაროთ სტუმრად და არ მოვინახულოთ მოხუცები.

ხათუნა ბახტურიძე