"ხელისუფლებამ ახლა სოფელს უნდა ჰკითხოს, რაში დაგეხმაროო..." - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ ახლა სოფელს უნდა ჰკითხოს, რაში დაგეხმაროო..."

"ქინძმარაულისა და რქაწითელის ვენახები თებერვლამდე გავსხალით, მაგრამ როცა მარწყვი და კიტრი შემოდის, სად წაიღოს ხალხმა?"

პანდემიასთან ბრძოლის საგანგებო წესებმა მძიმე სიტუაცია შექმნა სოფლად, სადაც სწორედ ახლა იწყება თვეობით ნაშრომ-ნაჯაფი საგაზაფხულო მოსავლის აღება. მაგალითად, უკვე შემოსულია კიტრი, რომელიც მეურნეებს უტრანსპორტობის გამო ულპებათ. სოფლად ჩასული თითო-ოროლა ბითუმად მოვაჭრე, რომელმაც ტრანსპორტირების საშვი როგორღაც მიიღო, მოსავლის ფასს ხელოვნურად ამცირებს, ქალაქში ჩამოტანილ მოსავალს კი მამასისხლად ყიდის. მეურნეები ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის მცხოვრები დავით პარწიკანაშვილი ერთ-ერთი მათგანია. ახალგაზრდა მეურნე საგონებელშია ჩავარდნილი, როგორ გადაარჩინოს მოსავალიცა და ოჯახიც.

- არაერთი კულტურა მოგყავთ, რომლებიც ეტაპობრივად შემოდის, მაგრამ საგანგებო ვითარებისას ვინც ყველაზე მეტს შრომობს, სწორედ მას გაუჭირდა ყველაზე მეტად...

- გონიერ მეურნეს სხვადასხვა კულტურა იმიტომ მოჰყავს, რომ თუ ერთი კულტურა გაუცრუებს იმედს, მეორე დაიხმაროს... ახლა კი ერთი კი არა, შეიძლება ყველა კულტურა გაუყიდავი დაგვრჩეს. სოფლად სამუშაოს რა დალევს, საგანგებო რეჟიმი ხელს არ გვიშლის, მაგალითად, ქინძმარაულისა და რქაწითელის ვენახები თებერვლამდე გავსხალით, მაგრამ როცა მარწყვი და კიტრი შემოდის, სად წაიღოს ხალხმა?

ბაზარი დაკეტილია, ავტომობილების მოძრაობა - აკრძალული, მოსავლის შესაძენად თითო-ოროლა კლიენტი თუ მოდის. ისინიც ხედავენ, რომ კონკურენტი არ ჰყავთ და ჩალის ფასს ადებენ სისხლის ფასად მოწეულ მოსავალს, მერე კი დედაქალაქში ჩააქვთ და ათმაგად ყიდიან. კლიენტიც რომ იყოს, ზოგს მოსავლის მოკრეფის საშუალებაც აღარ აქვს.

- ეს, ალბათ, ტრანსპორტის მოძრაობის ნებართვაზეა დამოკიდებული... - დიახ. მარწყვის პლანტაცია თუ სათბურები ყველას როდი აქვს საკუთარ ჭიშკართან. უმეტესობას კილომეტრების იქით აქვს ყველაფერი. ამხელა მანძილზე ფეხით ხომ ვერ წავიდოდნენ და მზიან დღეებში ზოგს სათბურები ჩაუხურდა. როცა მოსავალი შემოვა, ამხელა მანძილზე მუშაც ხომ მანქანით უნდა წაიყვანო? გვითხრეს, დილა-საღამოს შეგიძლიათ იაროთ ავტომობილებითო, მაგრამ მე რომ მუშას დილის 6 საათზე წავიყვან პლანტაციაში, იქ საღამოს 6 საათამდე როგორ გავაჩერო?! თანაც მუშები მეზობელი სოფლიდან მომაყავს და ამასაც ხომ დრო სჭირდება?! გარდა ამისა, ამ ხალხს თვითონაც აქვს საქმე ოჯახში და პლანტაციაში ამდენი ხანი როგორ გავაჩერო? ამაზე ხომ უნდა იფიქრონ მათ, ვინც ეს ბრძანება გამოსცა?! ისიც გვითხრეს, თუ სოფლად გადაუდებელი საქმე გაქვთ, მთავრობის წარმომადგენელი გამოგყვებათო. სოფლად სულ არის გადაუდებელი საქმეები და რამდენს გაჰყვეს ეს ხალხი?

- რა ფასს გთავაზობენ აქ ჩამოსული მყიდველები? - ერთ ვედრო მარწყვში 10 ლარს. ერთი ვედრო 8 კილოგრამამდეა, ანუ კილოგრამ მარწყვში ჩვენ დაახლოებით 1,15 ლარს გვაძლევენ, თვითონ კი, ალბათ, 6-7 ლარად ყიდიან. ამას მარკეტებიც თავისას უმატებენ და წარმოიდგინეთ, სადამდე ადის ფასი! ასეთ გაყიდვას მირჩევნია, სულ არ გავყიდო. ბოლოს და ბოლოს, ღირსების საქმეა.

- კიტრიც ნაადრევად შემოდის?

- გააჩნია.

არის ხალხი, ვინც ზამთარში დაიწყო კიტრის დათესვა, გამოყვანა და სათბურებში დარგვა და ახლა მოსავალი ბაზრის უქონლობის გამო ულპებათ.

სოციალური ქსელით გავრცელდა სოფელ კაბალისა და სხვა კადრები, სადაც ჩანს, დიდი გარჯის ფასად მოყვანილი კიტრი როგორ ლპება. ხელისუფლება თუ არ მოიფიქრებს, რა უშველოს სოფელს, ძალიან ცუდად წავა საქმე.

- თქვენ რომელი კულტურები მოგყავთ? - ყველაფერი ბოსტნეულის ჩათვლით. წლეულს გაზაფხულის ყინვამ ვაზის მოსავლის ალბათ 30-35% გამიფუჭა, მაგრამ დანარჩენს, ღვთის წყალობით, ალბათ მაინც დავკრეფ. მამაჩემმა ჯერ კიდევ დეკემბერში, ვაზს რომ ფოთლები დასცვივდა, გასხვლა დაიწყო. ამას სხვა საქმესთან ერთად აკეთებდა და რომ დაამთავრა, გაიძახოდა, რა ვქნა, ახლა რა საქმე ვაკეთოო. სამაგიეროდ, ალუჩებმა და თხილმა გაუძლო ყინვას და ეს მახარებს.

- თხილიც გაქვთ? - 2 ჰა. უკვე რამდენჯერმე მოვრწყე და ფოთოლმა მაინც ბუგრი გამოიტანა. ამიტომ უნდა შევწამლო. მე რომ თხილს მოვუვლი და მეზობელმაც იგივე არ გააკეთა, ჩემი მოვლილი თხილიც გაფუჭდება, ამიტომ თხილს რომ შევწამლავ, მერე მეზობელს ვეკითხები, ხომ არ დაგეხმარო-მეთქი და ვეხმარები. ასე უნდა მოიქცეს ხელისუფლებაც და სოფელს ჰკითხოს, ახლა რაში დაგეხმაროო, თორემ თვითონაც ხომ იციან, რომ ყველა ერთად დავიღუპებით?