უდაბნოს ახალი სიცოცხლე
04-05-2020
უდაბნოს ახალი სიცოცხლე
"დაწესებულმა შეზღუდვებმა საქმე გამირთულა, თუმცა ის კი ვისწავლე, რომ გაისად, ალბათ, უფრო მომზადებული ვიქნები, სხვანაირად დავგეგმავ სამეურნეო საქმეებს"

ნოდარ ლატიბაშვილი დღეს წარმატებული ფერმერია. მან სამეურნეო საქ­მიანობა 5 წლის წინ წამოიწყო საგარეჯოს ახლოს - ააშენა ნამჯის სახლი, მარანი, დაამუშავა მიწა, სადაც უკვე მოჰყავს ყურძენი, ხორბალი, ბოსტნეული... ყველაფერი აკეთებს, რომ ამ ადგილას აგროტურიზმი განვითარდეს...

ნოდარ ლატიბაშვილმა საგაზაფხულო სამუშაო ადრე დაიწყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფერმერს საქმიანობა გაზაფხულზე წუთითაც არ შეუჩერებია, მსოფლიო პანდემიამ
პრობლემები მაინც შეუქმნა. როგორ შრომობს ის ამ რთულ პერიოდში და რა გეგმები აქვს, ამაზე თავად გვესაუბრება.

- ხორბალი, წითელი დოლი, შემოდგომაზე დავთესე. ასევე დათესილი მაქვს კარტოფილი, ნიორი, სტაფილო, საზამთრო, სიმინდი, ლობიო, ბადრიჯანი, მალე პამიდვრის ჩითილებსაც დავრგავ და კიტრსა და წიწაკას დავთესავ.


ამ ვირუსით გამოწვეული პრობლემებისთვის
მზად არავინ იყო. არ ველოდი ასეთ სირთულეებს, თორემ კიდევ რამეს დავრგავ-დავთესავდი. ჩითილების საყიდლად თბილისში ჩასვლა მჭირდება, მაგრამ ავტომანქანით გადაადგილება ჯერ აკრძალულია.

- საშვი არა გაქვთ?
- იქნებ როგორმე ცხელ ხაზზე დარეკვა მოვახერხო საშვის ასაღებად, ძალიან ძნელია დაკავშირება,
ყველაზე მთავარი შეფერხება ჩაკეტილი გზა და მუშახელია, აყვანა უკვე ძალიან ჭირს.

- ბევრ მუშას ქირაობდით?
- როცა სამუშაო დიდია, ვენახში 10-15 კაცი მიმყავს. ბუნებრივია, ამჟამად ეს არ გამოვა, ხალხის შეკრება აკრძალულია.

- როგორ აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?
- როგორც აქამდე. სხვადასხვა მომსახურება დიდად არ გაძვირებულა, რომ პროდუქცია გამიძვიროს. გაძვირებული მექანიზაციის მომსახურებაა - ტრაქტორის დაქირავება ხომ მჭირდება მიწის დასახნავად. მიზეზად ასახელებენ, რომ ცვეთადი ნაწილები დეფიციტურია, ფუჭდება, ზიანდება. აქედან გამომდინარე, მომსახურება გაძვირდა.



- გასულ წლებთან შედარებით რა ვითარებაა, ამ დროისთვის უფრო მეტი საქმე გაქვთ ხოლმე მოსწრებული?
- ამ პერიოდისთვის სავენახო სამუშაოა, რაც უკვე დასრულებული უნდა იყოს. წლეულსაც გასულ თვეში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ვერ მოესწრო, მუშახელი არა მყავს და ვენახში მარტო ვმუშაობ. არადა, ახალი ვენახი მაქვს ჩაყრილი, თანაც დიდ ფართობზე, ამიტომაც საქმეც მეტია და შესაბამისად, ვადაშიც ვეღარ ვეტევი.

- რა ყურძენი გაქვთ?
- რამდენიმე ჯიში მაქვს გაშენებული, იშვიათი კახური ჯიშებია, არის სიმონასეული, შავი რქაწითელი, კახური მწვანე და ხიხვი. იშვიათი ჯიშებია სიმონასეული და შავი რქაწითელი.

- ვენახი რა ფართობზეა?
- დაახლოებით 2 ჰექტარზე. ნახევარი ჰექტარი ძველი ვენახია, სადაც რქაწითელია ჩაყრილი. ხორბალი ასე, 3 ჰექტარზეა, სადღაც 1 ჰექტარზე - ლობიო, სიმინდი... პატარა ბოსტანიც მაქვს.

- ამ 5 წელიწადში ბევრი რამის გაკეთება მოგისწრიათ...
- კი, ავაშენე ნამჯის სახლი, მარანი, სადაც ქვევრები 20 ტონა ღვინოზეა გათვლილი. წლეულს წარმოებასაც დავიწყებ, ბოთლებში ჩამოსხმას ვაპირებ - რქაწითელი და მაღრანული მექნება.

- პანდემიამ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- შეზღუდვებმა საქმე გამირთულა, თუმცა ის კი ვისწავლე, რომ გაისად, ალბათ, უფრო მომზადებული ვიქნები, სხვანაირად დავგეგმავ სამეურნეო საქმეებს.



- აგროტურიზმიც, ალბათ, გამოცოცხლდება.
- ჩემი ტერიტორია საგარეჯოს ეკუთვნის, ქალაქიდან 10 კილომეტრშია, დავითგარეჯის გზაზეა. აქედან უდაბნომდე 20 კილომეტრია. გარშემო დასახლებული პუნქტი არ არის. რასაც ვაკეთებ, აგროტურიზმზეა გათვლილი. წელს უნდა მიგვეღო ტურისტები და ამაშიც შევფერხდით. ვნახოთ, თუ გამოსწორდა სიტუაცია და შემოდგომისთვის სასიკეთო ძვრები დაიწყო, ალბათ, მეც ჩავერთვები, თუ არადა, ეს ყველაფერი კვლავ გადაიწევს. არადა, ყველაფერი მზად მქონდა, რაც აგროტურიზმს სჭირდება.

- მართლაც, ნამჯის სახლი, პურის, ღვინის წარმოება, ბოსტანი, ვენახი - ყველაფერი გაქვთ სრული აგროტურისტული კომპლექსისთვის. ამ წლების განმავლობაში რამე დახმარება ან გრანტი თუ მიგიღიათ?
- აქ უმეტესად ყველაფერი ჩემი სახსრებითაა გაკეთებული.
ახლახან მოვიგე საგრანტო პროექტი ავსტრიის განვითარების პროგრამაში, რომელსაც ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს. შარშანაც დამაფინანსეს და 300-მეტრიანი ქარსაცავი ზოლი გავაშენე.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევთ დამწყებ მეურნეებს?
- რჩევა რთული საქმეა, მით უფრო, რომ სოფლის მეურნეობა დღეს არარენტაბელური დარგია, სამეურნეო საქმიანობა დიდ შრომას მოითხოვს. ასეა იყო კორონავირუსამდეც და ახლა, მით უფრო.
ალბათ, ფერმერებისთვის მეტი ხელშეწყობაა საჭირო. ვნახოთ, შესაძლოა ბევრი რამ უფრო გამარტივდეს, ამის იმედი მაქვს. ვისაც ამ საქმის დაწყების სურვილი აქვს და უნარიც შესწევს, მიუხედავად სირთულეებისა, ნამდვილად ღირს!

ლალი ფაცია
ნოდარი პაპა
13 მაისი 2020 09:21
ახალგაზრდა კაცი რომ შრომობს და ღამის კლუბებში არ დადის არ ერთობა მამის და პაპის ქონების გაყიდული ფულით ,ბევრს ამის წარმოდგენა უჭირს წარმატებები შვილო წარმატებები ,შენი ცხოვრების წესის ადამიანებმა მოიტანეს ჩვენი ბედკრული სამშობლო აქამდე ჯანმრთელობას და კარგად ყოფას გისურვებ.
ამბაკო ხოდადეიძე
09 მაისი 2020 18:44
საქმეს მიხედე ძმაო. დაანებე ამ პოპულისტურ erorist -ობას თავი
ლია
08 მაისი 2020 19:36
წარმატებები, ახალგაზრდა მშრომელ კაცს. მიბაძეთ მხართეძოზე წამოწოლილო უქნარებო.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?