უვნებელი "დინოზავრი" - კვირის პალიტრა

უვნებელი "დინოზავრი"

"წითელ ნუსხაში შეტანილია აჭარული ხვლიკი, რომელიც საქართველოს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ბინადრობს"

ხვლიკი საქართველოში მობინადრე ცხოველებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ამ არსებაზე ხალხში არაერთი მცდარი წარმოდგენაა გავრცელებული. "მართალია, ხვლიკს ცოტა უჩვეულო გარეგნობა აქვს, მაგრამ ძალიან უვნებელი ცხოველია. ის ბევრს არ მოსწონს, მაგრამ, ალბათ, ცხოველების თვალში ადამიანიც ნაკლებად მიმზიდველი არსებაა", - გვითხრა თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილმა.

- საქართველოს ბუნებაში უხვად არიან ქვეწარმავლები, მათ შორის, ხვლიკებიც. ამ ცხოველებს უამრავი საინტერესო თვისება აქვთ. უპირველესად, ისინი ძალიან სწრაფი არიან. მათთვის თვალის მიდევნება მეტად რთულია. ილიას უნივერსიტეტში ამ ცხოველებს სპეციალური ჯგუფი აკვირდება დავით თარხნიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოში გავრცელებული ხვლიკების საფუძვლიანი შესწავლა მის სამეცნიერო ინტერესებში შედის. ამ კვლევებში სტუდენტებიც არიან ჩართული. დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფს წინ მრავალი საინტერესო აღმოჩენა ელის.

ხვლიკი ცივსისხლიანი ცხოველია და მისი სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ამიტომ ხვლიკები ზამთარში ძილქუშს ეძლევიან, რომელიც რამდენიმე თვეს გრძელდება.

ისინი უფრო აქტიური სითბოში არიან, ღამით კი, როცა აგრილდება, სოროებსა და ნაპრალებში, ქვების ან ფოთლების ქვეშ იმალებიან ღამის გასატარებლად.

- ზამთრის ძილის შემდეგ როდის იღვიძებენ? - ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა ისინი აქტიურდებიან და ჩვეულებრივ ცხოვრებას იწყებენ. ალბათ, ყველას უნახავს ისინი სხვადასხვა ფერისა და ზომის, მათ შორის განსაკუთრებით ლამაზია მწვანე ხვლიკი, რომელიც ხასხასა მწვანეა და საკმაოდ დიდიც არის - სიგრძით 20-25 სმ კუდის ჩათვლით. ეს ხვლიკი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბინადრობს. არანაკლებ გავრცელებულია ჩვენში კლდის ხვლიკი, რომელსაც ერთი საინტერესო თვისება აქვს - ამ სახეობას პართენოგენეზური, ანუ უსქესო გამრავლდება ახასიათებს: მამრი კვერცხუჯრედის განაყოფიერებაში არ მონაწილეობს და პატარა ხვლიკები გაუნაყოფიერებელი კვერცხებიდან იჩეკებიან. ისინი თავიანთი დედის ზუსტი ასლები არიან. კლდის ხვლიკი მონაცრისფრო-მორუხო შეფერილობისაა და არცთუ დიდი ზომის.

ხვლიკებს ერთი უცნაური თვისება აქვთ: შეუძლიათ სხეულის ნაწილი, კერძოდ, კუდი მოიძრონ. ამას ხვლიკი კუნთების დაჭიმულობით ახერხებს. უკვე მომძვრალი კუდი იკლაკნება, იგრიხება და ცოცხალი არსების შთაბეჭდილებას ტოვებს. ხვლიკი ამით იქცევს მტრის ყურადღებას, რომელსაც ყურადღება კუდზე გადააქვს და ამ დროს კუდის პატრონი თავის შველას ახერხებს.

განსაზღვრული დროის შემდეგ ხვლიკს კუდი კვლავ ეზრდება. ცხადია, ეფექტიანი თავდაცვის მექანიზმია.

- ხვლიკს ბევრი მტერი ჰყავს? - ხვლიკის მტერია ყველა ის მტაცებელი ცხოველები მგელი, ტურა, მაჩვი, ტყის კატა, ლელიანის კატა და სხვ. ხვლიკებს ერჩის ბევრი ფრინველიც, მათ შორის კაჭკაჭი, ყვავი, არწივი, ქორი... ასე რომ, მტრები არ აკლია, მაგრამ თავდაცვის მექანიზმიც საუკეთესო აქვს: ჯერ ერთი, შეფერილობით გარემო პირობებს მაქსიმალურად ეგუება, მაგალითად, მწვანე ხვლიკი მწვანე გარემოს ეტანება და უჩინარი ხდება, კლდის ხვლიკი კი უფრო მონაცრისფრო და მოყავისფრო გარემოს - კლდეებს და კლდიან ადგილებს ეტანება. იგივე უნდა ითქვას სხვა სახეობებზეც. საქართველოში მცხოვრები ხვლიკები სრულიად უვნებელი არიან, რადგან მათი უმრავლესობა შხამიანი არ არის. პირიქით, ისინი ძალიან სასარგებლო არიან, რადგან უამრავ მავნე მწერს ანადგურებენ. რა თქმა უნდა, თუ ხვლიკი ადამიანს უკბენს, განსაზღვრულ დისკომფორტსა და უსიამო შეგრძნებას გამოიწვევს, მაგრამ ის არანაირ საშიშროებას არ უქმნის.

- ხვლიკის ერთ-ერთი სახეობაა გველხოკერა, რომელიც ხშირად ერევათ გველში. - გველხოკერა უფეხო ხვლიკია, რომელიც საქართველოში ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი. მათ აქვთ ყურები და გამორჩეული სმენის პატრონიც არიან. ბევრს ეშინია გველხოკერასი, რადგან უმეტესობას გველი ჰგონია. მათი გარჩევა პატარა ყურებით შეიძლება, რასაც მხოლოდ სპეციალისტები ამჩნევენ. გველხოკერა აბსოლუტურად უწყინარი ცხოველია.

- ბატონო დავით, რა შეიძლება ითქვას წითელ ნუსხაში შეტანილ ხვლიკებზე?

- ხვლიკებს შორის წითელ ნუსხაში შეტანილია აჭარული ხვლიკი, რომელიც საქართველოს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში ბინადრობს. ნუსხაში აგრეთვე შეტანილია დალის, ანუ იგივე დარევსკის ხვლიკი, და თურქული ხვლიკი, რომელიც თურქეთშიც ბინადრობს, მაგრამ მისი გავრცელების არეალი საქართველოს ტერიტორიაზეც შემოდის.

შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა - რატომ დაარქვეს ამ სახეობებს აჭარული, თურქული ან დალის ხვლიკი? პასუხი მარტივია: ვინც ცხოველებს აკვირდება და ახალ სახეობას აღმოაჩენს, მისთვის სასურველ სახელს არქმევს - ეს მისი უფლებაა.

- ვისაუბროთ ყველაზე დიდ და საშიშ ხვლიკზე, რომელიც საქართველოში არ გვხვდება, მაგრამ ყველასთვის საინტერესოა... - კომოდოს ვარანი ინდონეზიის კუნძულებზე ბინადრობს. მას სხვაგვარად დრაკონსაც ეძახიან. მას უკანა მხარეს შხამიანი ჯირკვალი აქვს და მისი ნაკბენი, თუ ყურადღებას დროულად არ მიაქცევენ, სიკვდილს იწვევს. ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი მას ცოცხალ დინოზავრსაც უწოდებს. კომოდოს ვარანის სიგრძე 3 მეტრს აღწევს, ხოლო წონა საშუალოდ 90 კილოგრამია. სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია ინდივიდი, რომლის წონაც 166 კგ-ს აღწევდა. ეს უზარმაზარი ცხოველი ყველაფერს ჭამს - ლეშს, ძვლებს, ტყავსაც კი ინელებს. ვარანებს ხშირად ნახულობენ ნაპირიდან შორს - ღია ოკეანეში. ადამიანებს თავს იშვიათად ესხმიან, მაგრამ დიდ ცხოველებზე ნადირობენ, თუნდაც კამეჩზე ან ირემზე.

ვარანები ეპარებიან თავიანთ მსხვერპლს და ფეხში კბენენ. მათ ნერწყვში 50-მდე სახის ბაქტერიაა, მათ შორის 7 სასიკვდილოა, ხოლო ნერწყვი სისხლის შედედებას უშლის ხელს. ამიტომ ნაკბენ ცხოველს სისხლი გამუდმებით მოსდის, თანაც საშიში ბაქტერიები მის სისხლში აღწევენ. ვარანი რამდენიმე დღის განმავლობაში დასდევს ნაკბენ ცხოველს, რომელსაც სისხლი ეწამლება და თანდათან უუნარო ხდება. ბოლოს მას ბრძოლა უკვე აღარ შეუძლია და მიწაზე ეცემა, გარშემო სხვა ვარანებიც იკრიბებიან, მსხვერპლს გლეჯენ და უზარმაზარ ნაჭრებს ყლაპავენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შხამიანი, სასიკვდილო ნერწყვი აქვთ, როცა გამრავლების პერიოდი დგება, მამრები ერთმანეთს კბენენ, მაგრამ მათი შხამი ერთმანეთზე არ მოქმედებს - ვარანის სისხლში აღმოჩენილია ანტისხეულები, რომლებიც ამ შხამის ზემოქმედებას ანეიტრალებს. მდედრი ვარანი 30-მდე კვერცხს წინასწარ ამოთხრილ ორმოში დებს და როდესაც ნაშიერები იჩეკებიან, მათ ყურადღებას არც აქცევს. პირიქით, ამ დროს ძალიან ხშირია კანიბალიზმი, დიდი ვარანები და მათ შორის დედაც კვერცხებს გემრიელად მიირთმევენ. ამიტომ პატარა ვარანები ცდილობენ ხეებზე აცოცდნენ, რომ საფრთხისგან თავი დაიცვან. როცა გაიზრდებიან და მოძლიერდებიან, ხეებიდან ჩამოდიან და ისევე ცხოვრობენ, როგორც სხვა ვარანები.

ხათუნა ჩიგოგიძე