ანის თბილისური ბიობოსტანი - კვირის პალიტრა

ანის თბილისური ბიობოსტანი

ანი ციციშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტია, მაგისტრატურაში ვეტერინარიას სწავლობს, მაგრამ უნიჭიერესი გოგონას საქმე მხოლოდ სწავლა როდია - ის ინდმეწარმეც გახლავთ და ლანდშაფტის დიზაინის კომპანიაშიც მუშაობს. თავის სათბურში უამრავ მცენარეს უვლის, ჰყავს ჩიტები, თევზები, ცხოველები, ხატავს, უკრავს - ერთი სიტყვით, მრავალმხრივი ინტერესებისა და შესაძლებლობების ადამიანია. მის საოცარ სათბურზე ადრე ვწერდით, ახლა კი ანის ბიობოსტანზე უნდა მოგითხროთ, რომელსაც თბილისში, თავის ეზოში, ბებიასთან ერთად უვლის.

- საქმე ყოველთვის უფრო სასიამოვნო და იოლია, როცა სხვებიც მონაწილეობენ, განსაკუთრებით - ოჯახის წევრები. ჩითილების გამოყვანის პრინციპებიც ბებიისგან ვისწავლე. ის რომ არა, მცენარეების, ქათმების, ცხოველების, ბოსტნის მოვლასა და უნივერსიტეტში სწავლას ვერ მოვასწრებდი.

- როდის ჩაუყარე საფუძველი ამ ბაღ-ბოსტანს? - ბაღი ამ ადგილას ჩემს დაბადებამდეც იყო. 10 წელია, კარგი მოსავალი აღარ მოსულა, რადგან არ შეიძლება ერთი და იმავე ბოსტნეულისა თუ ბაღჩეულის ერთსა და იმავე ნიადაგზე დიდხანს მოყვანა. ეს ნიადაგს ფიტავს. სწორედ ამიტომ წლეულს, ასე ვთქვათ, გადმოვიბარე ბაღი და ახლებურად დავკვალე, სხვადასხვა კულტურა დავთესეთ, კომპოსტი შევიტანეთ და მოსავალსაც კარგი პირი უჩანს.

ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც საკუთარ მოყვანილს სინჯავ, თანაც დამიჯერეთ - ჩვენი კომპოსტით გაზრდილ სიმინდს სულ სხვა გემო აქვს. ამ მეთოდებით ვუვლით და ვიღებთ კარტოფილს, მარწყვს, კიტრს, პომიდორს, გოგრას, მწვანილს, ბოლოკს, ჭარხალს, სტაფილოს, წითელ და შავ მოცხარს, ყველანაირ ხილს.

- როგორ კეთდება კომპოსტი?

- კომპოსტის მიღების ბევრი მეთოდი არსებობს. მათ შორის ზოგი შედარებით სწრაფია, ზოგი - ხანგრძლივი. ჩვენი კომპოსტი შედარებით ხანგრძლივი, მაგრამ მარტივი გზით მიიღება. ამისთვის საჭიროა, გააკეთოთ ორმო, ანუ დაახლოებით 3-4 კვმ "ყუთი", მეტრამდე სიმაღლისა, სადაც ვყრით ყველანაირ ბალახს, ფოთოლს, ბიოლოგიურად შლად ნარჩენებს და ა.შ. დროთა განმავლობაში ვაყრით ცოტა მიწას და თუ ძალიან გამოშრება, ვასველებთ. ორმოში ჩნდებიან ჭიაყელები, ხოჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ გადამუშავების პროცესს და ცხოველმოქმედების შედეგად გამოყოფენ გამანოყიერებელ ნივთიერებებს. კომპოსტის ამ მეთოდით მიღებას 3-5 წელი სჭირდება. ეს მასა მიწისებრი ხდება, შემდგომ უნდა გაიცრას და მზად არის. რაკი ეს მეთოდი ხანგრძლივია, კარგი იქნება, თუ 2-3 ასეთი ორმო გექნებათ. შეგიძლიათ უფრო პატარაც გააკეთოთ... საკომპოსტე ორმოებშიც შეგიძლიათ ჩარგოთ გოგრა, კარტოფილი, ყაბაყი და სხვადასხვა ბოსტნეული. ჩითილისთვის ამოთხრილ ორმოში 2-3 მუჭა საკმარისია.

- ეფექტიანია თუ არა ამ სასუქით პროდუქტის მოყვანა და რით განსხვავდება ის არაბიოლოგიური სასუქისგან? - გააჩნია, რას ვგულისხმობთ ეფექტიანობაში. წარმოების მასშტაბით ეფექტიანი არ არის. ქიმიური სასუქით მცენარე უფრო მეტი და დიდი ზომის გაიზრდება. ამ მხრივ კომპოსტირება წამგებიანია, ამიტომაც ღირს ბიოპროდუქტი ძვირი, თუმცა კერძო სახლებში, სოფლის ეზოებში და ა.შ. ძალიან ეფექტიანია. კომპოსტს რამდენიმე კარგი თვისება აქვს. წარმოიდგინეთ, ბუნებაში მცენარე რომ იზრდება, ის იძლევა ნაყოფს, შემდეგ ხმება და მიწას უბრუნდება, ჩვენთან კი როცა ბოსტნეული მოჰყავთ, ხმელი მცენარე, ნაყოფი - ყველაფერი გაგვაქვს მიწიდან და უკან არაფერს ვუბრუნებთ. მიწაც იფიტება. მინერალური ნივთიერებები ნიადაგში უსასრულო რაოდენობით არ არის, კომპოსტით კი ნიადაგს ბუნებრივი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები უბრუნდება და არამხოლოდ აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, როგორც ქიმიური სასუქების შემთხვევაში. ნიადაგი ცოცხალი ორგანიზმია, მასში უამრავი სასარგებლო ბაქტერია, სოკო, ჭიაყელა და სხვა მწერი ბინადრობს, რომლებიც აუცილებელია ნიადაგის სიჯანსაღისათვის. გარდა ამისა, კომპოსტირება არის ფოთლებისა და ნარჩენის მოცილების ჯანსაღი გზაც.

- თქვენი მოსავალი მრავალფეროვანია.

- დიახ. ძალიან მიყვარს კენკრა, ამიტომ ბევრია წითელი და შავი მოცხარი, ჟოლო, მარწყვი, უეკლო მაყვალი; ხურტკმელიც დავრგე და წლეულს პირველი მოსავალი გვექნება. ხეხილის დიდი ხეები დაბერდა, ამიტომ წელს 12 ახალი ხე შევმატეთ.

- წვეთოვანი სისტემით რწყავთ? - დიახ, მარტივი ასაწყობია, წყლის ხარჯი შედარებით ცოტაა, ძვირი არ ჯდება და თანაც თანაბრად რწყავს.

ხარისხიანი მოსავლისთვის რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. თესლი ახალი უნდა იყოს და შესაფერის დროს დაითესოს. ზოგი კულტურა, მაგალითად, ჭარხალი და სტაფილო, შემოდგომაზეც ითესება - ამ შემთხვევაში სარეველაზე ადრე ამოდის და ბალახი ვეღარ ჩაგრავს. მორწყვა საჭიროა რეგულარულად. დაჩითილების დროს ბევრი შეცდომას უშვებს და ჩრდილში ან არასაკმარისი განათების ადგილზე აჩითილებს, რაც ცუდია - ძლიერი ნერგი რომ გაიზარდოს, კარგი განათება და მზე სჭირდება. რაც უფრო სუსტია ჩითილი, მით უფრო მიდრეკილია სხვადასხვა დაავადებისკენ. როდესაც მოსავალს აიღებთ, აუცილებლად ჩააბრუნეთ უკან კომპოსტი ან რამე ორგანული სასუქი, რომ მიწა არ გამოიფიტოს. დათესეთ სხვადასხვა კულტურა, მაგალითად, სამად გაყოფილ ნაკვეთზე თუ თესავთ პომიდორს, კიტრსა და სიმინდს, მეორე წელს ადგილები შეუცვალეთ და ისე დათესეთ. კარგი იქნება, თუ დათესავთ სამყურას. ის ნიადაგში აზოტის დაგროვებას უწყობს ხელს, თან ლამაზი დაბალი მცენარეა. თებერვლისთვის, სანამ დარგვას დაიწყებთ, შეგიძლიათ, მიწაში ხორბალი დათესოთ. დაახლოებით 10 სანტიმეტრზე რომ ამოვა, თოხით უკან ჩააბრუნეთ - ეს გააფხვიერებს და გაანოყიერებს ნიადაგს, მერე კი სასურველ კულტურას დარგავთ.

- პანდემიამ საქმეში ხელი არ შეგიშალა? - პანდემიის დროს ბაღი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. ხელი არ შეუშლია, რადგან

სეზონისთვის საჭირო თესლსა და მასალას თებერვალში ვიმარაგებ და ყველაფერი მზად მქონდა. დავაჩითილე და დავთესე.

ჩითილებს იშვიათად ვყიდულობ, მხოლოდ მაშინ, თუ ვერ მოვასწარი. ვისაც ბაღი არ აქვს, პატარა ბოსტნის გაშენება აივანზე ან ფანჯრის რაფაზეც შეუძლია. მწვანე ხახვი ან თუნდაც ქინძი და ოხრახუში ძალიან ადვილი გასაზრდელია. დამტკიცებულია, რომ მიწასთან მუშაობა ადამიანს ენდორფინების გამომუშავებაში ეხმარება, ეს კი კარგ ხასიათსა და სტრესის შემცირებას უწყობს ხელს.