ქართული ქათამი სოფელს უბრუნდება - კვირის პალიტრა

ქართული ქათამი სოფელს უბრუნდება

"პანდემიის გამო ხალხი სოფლად დაბრუნდა და ქათმის ყოლის მსურველიც ბევრია"

სამტრედიის მუნიციპალიტეტი არცთუ ახლო წარსულში სამართლიანად შეირჩა მეფრინველეობის ზონად: ზომიერი კლიმატი, ფრინველის გამოსაზრდელად ხელსაყრელი ადგილები და თავად სამტრედიის მდებარეობა - ამ ქალაქიდან შინაური ფრინველის შესყიდვა და ტრანსპორტირება ხელსაყრელია დასავლეთ საქართველოსთვის.

სამტრედიელი მეფრინველეები დიდ საქმეს უძღვებიან: ინკუბატორებში ქართული ჯიშის ქათამი გამოჰყავთ, მერე კი წიწილებს ყიდიან. ამ ტიპის მცირე თუ საშუალო ინკუბატორი არაერთია სამტრედიაში. დავით შენგელიამ კი საქმე იმით გააუმჯობესა, რომ კოოპერატივი შექმნა, სახელმწიფოს თანადაფინანსებით კოოპერატივის წევრებმა მცირე ინკუბატორები შეიძინეს და სეზონზე დაახლოებით 70-80 ათას ქართულ წიწილას ზრდიან. წლეულს მოთხოვნა უფრო მეტია - პანდემიის გამო სოფლად დაბრუნებული ხალხის რაოდენობამ მოიმატა და ქათმის ყოლის მსურველიც ბევრია.

- სამტრედიაში ქათამს თითქმის ყველა ზრდიდა. ჩემს ოჯახში, კულის დასახლებაშიც, მუდამ გვყავდა შინაური ფრინველი. ძალიან დიდი შრომა კი სჭირდება ამ საქმეს - მით უფრო, რომ საქათმეების მოვლა-დასუფთავებაზე მხოლოდ ოჯახის წევრები ვმუშაობთ. თუ გაიჭირვებ და იშრომებ, ოჯახის საჭიროებებს თავისუფლად დააკმაყოფილებ. მეც ეს დავისახე მიზნად და ამაში კოოპერატივის შექმნაც დამეხმარა. მასში ნათესავები გავერთიანდით ჩვენ-ჩვენი წილობრივი თანხებით, სახელმწიფომ კი დანადგარები შეგვიძინა. სეზონზე 70-80 ათას ქართულ წიწილას ვზრდით და გაზაფხულზე ვყიდით. შემდეგ უკვე ბროილერის ჯიშის ქათმები შემოგვყავს ხორცის რეალიზაციისთვის.

ფერმის დასუფთავება-დალაგებას დილიდანვე ვიწყებთ. ჭუჭყში, ისევე როგორც ადამიანი, ვერც ჯანსაღი წიწილა გაიზრდება. თუ ჩემს კლიენტს წიწილები დაეხოცება, ის ხომ ახლოსაც აღარ მომეკარება. უკვე თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს მიჰყავს ჩვენი წიწილები: იმერეთს, სამეგრელოს, გურიას... ყველგან გვყავს კლიენტი, კახეთიდანაც ჩამოდიან.

- რატომ მაინცდამაინც ქართულ ქათამს? არაერთია არანაკლები მეხორცული და კვერცხისმდებელი ჯიშები... - ადრე ჰიბრიდული ჯიშის წიწილები მყავდა. ჯანსაღი, საღ-სალამათი იყვნენ, მაგრამ ზამთარს ვერ გაუძლეს. ჩვენი ქათმის ჯიში ჩვენს ძვირფას გენოფონდად ითვლება. ის ისე გამოიყვანეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ მეხორცულობისა და მეკვერცხის თვისებები ერთდროულად ჰქონოდა, თან ადგილობრივ პირობებსაც შესთვისებოდა. მართალია, დღეს უკეთესი მეხორცული და კვერცხისმდებელი ჯიშებია, მაგრამ ისინი ან მხოლოდ კვერცხისთვის გამოდგებიან, ან ხორცისთვის. ორივე თვისება რომ ერთად ჰქონდეს, პირადად მე არ მეგულება. იმიტომაც არ გადააშენა ქართული ქათამი ჩვენმა სოფელმა.

ჩვენი ქათამი გემოთიც საუკეთესოა. თუ მოუვლი, კვერცხსაც ბლომად დებს და ხორცსაც იძლევა. ჩვენი ქათმები 160-მდე კვერცხს დებენ და საშუალოდ 2,7-3,7კგ-ს იწონიან. ყველაზე მეტს ყელტიტველა იწონის.

- ამდენ ქართული ქათმის კვერცხს სად აგროვებთ? - ჯერ ერთი, თავადაც ვიტოვებთ კვერცხისმდებელ დედლებს, მეორეც, უკვე გვიცნობენ, ჯანსაღი კვერცხის შეძენის გამოცდილებაც გვაქვს. ასე რომ, კვერცხს კვერცხის ბაზრობებზე ვყიდულობთ, მაგალითად, აბაშასა და ხონში. ბაზარს ამ საქმისთვის ხალხი სპეციალურად ჰყავს დასაქმებული. ისინი კვერცხს მთელ დასავლეთ საქართველოში ყიდულობენ.

კვერცხს უკვე ინკუბატორში ადრე გაზაფხულზე ვაწყობთ, ვაჩეკინებთ და აპრილიდან ვყიდით. წლეულს დამატებითი ინკუბატორი ჩავრთეთ, პანდემიის გამო ხალხი სოფელში დაბრუნდა და ბევრმა გადაწყვიტა ქათმის გამოზრდა.

ჩვენ კი, სამტრედიელმა მეფრინველეებმა, ერთგვარი "ჯადოსნური წრე" შევქმენით. ის მომხმარებელი, რომელიც ჩვენგან გაზაფხულზე წიწილებს ათეულობით და ასეულობით ყიდულობს, მათ ნაწილს მოიხმარს, ნაწილს კი კვერცხს ადებინებს და კვლავ ჩვენ მოგვყიდის მომავალ წელს. ასე რომ, ხალხი თან შინ ქათმის ხორცის ჯანსაღ საკვებს იჩენს და ჩვენც ჯანსაღ წიწილებს ვყიდით. წიწილებს მხოლოდ სიმინდით ვკვებავთ, იმის მიუხედავად, რომ მისი ფასი სეზონზე იწევს, უკვე კილოგრამი 1 ლარი ღირს. სანაცვლოდ, ჩვენი წიწილის ფასიც 2-2,5 ლარამდე იზრდება. აცრებსაც ჩვენვე ვუკეთებთ. კლიენტმა იცის, რომ ჯანსაღ წიწილას იყიდის. ზაფხულისთვის წიწილები სულ გაყიდულია და მეხორცულ ბროილერის წიწილას შემოდგომისთვის ვყიდულობთ და ზამთარში ხორცად ვყიდით. სხვათა შორის, ბროილერის კვერცხი ჯანსაღია თუ არა, შესაძლოა ჩვენც ვერ გავარჩიოთ, ამიტომაც გვირჩევნია წიწილები ვიყიდოთ. ბროილერი სწრაფად იზრდება, მთელი ზამთარი ვარგისია მოხმარებისთვის. ჯანსაღი საკვებით ისიც კარგი იზრდება, თუმცა კი ვაღიარებ, რომ გემოთი ჩვენს ქართულ ჯიშს ვერ შეედრება. ქართული ქათმის ჯიშით ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია თავის მოწონება.