ბიომეურნეობა წნორის მწველი მზის ქვეშ - კვირის პალიტრა

ბიომეურნეობა წნორის მწველი მზის ქვეშ

"ჩვენკენ ისეთი მზე იცის, ყველაფერს ანადგურებს. ჩემს ნაკვეთში წვიმა რომც არ მოვიდეს, არ მიჭირს, რადგან წყალს არხიდან ვექაჩები"

წნორელმა ახალგაზრდა ბიომეურნე ნიკა ბაგალიშვილმა შარშან ზაფხულში გვითხრა - "საზოგადოების უმრავლესობამ კვლავაც არ იცის, რა არის "ბიო", ჭამენ ნიტრატებით გაჯერებულ პროდუქტს და არ იციან, რამდენი შხამია ამ პროდუქტში". ის წლეულსაც ცდილობს თავისი მეურნეობის გამრავალფეროვნებას. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ საქმიანობაში ხელი შეუშალა, მისთვის პრიორიტეტული კვლავაც ჯანსაღი პროდუქტის მიღება და მომხმარებლისთვის "სამყურას" სახელით მიწოდებაა. ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად ნიკა ნიადაგს მხოლოდ დამწვარი ნაკელით, ე.წ. ჟიჟათი და ჭინჭრის ნაყენით ანოყიერებს.

ნიკა ბაგალიშვილი: - პანდემიის პერიოდში პრობლემები შემექმნა, მანქანით მიმოსვლის შეზღუდვის გამო ჩითილების გადარგვამ მოგვიანებით მომიწია, რასაც წვიმიანი დღეები მოჰყვა და დამიგვიანდა, რაც პროდუქტიულობაზე იმოქმედებს - ნაკლებ მოსავალს მივიღებ. მუშების წაყვანა-მოყვანაც პრობლემა იყო - რაკი მანქანაში ორ კაცზე მეტის ჩაჯდომა არ შეიძლება, რამდენიმე გზის გაკეთება მიწევდა, რომ ისინი სამუშაო ადგილზე მიმეყვანა. ერთი ცუდი ამბავიც შემემთხვა - ლობიო ვერ გავთოხნე, რადგან მუშები ვერ ვიპოვე, მოსავალს ბალახმა გადაუარა და ამის გამო წლეულს ლობიო არ მექნება. ეს ჩემთვის ზარალია.

- რა ფართობზე გქონდათ ლობიო დათესილი? - 25 მეასედზე, ანუ ჰექტარის მეოთხედზე და სულ დავკარგე. აქედან 400-500 კილოგრამ ლობიოს ველოდებოდი. ლობიოს გათოხნის დრო ნივრის აღებას ემთხვევა, მუშებსაც ნივრის აღებაზე ურჩევნიათ მუშაობა, რადგან იქ გამომუშავება აქვთ, დიდ დროს უთმობენ და მეტიც რჩებათ. მოკლედ, მუშახელი ჭირს. ახლაც სხვა საქმეებზე მჭირდება ხალხი, მაგრამ ვერავის ვქირაობ. ბოლო დროს მათი დაქირავება თითქმის შეუძლებელია და ამის გამო თვითონ მიწევს ყველაფერის კეთება.

- შარშანდელთან შედარებით გაზარდე მეურნეობა?

- შარშან შვიდი სახის ბოსტნეული მქონდა, წლეულს მეტი მექნება. დაემატა ჭარხალი, სტაფილო, ცერცვი, მუხუდო, ბულგარული წიწაკის, ბროკოლისა და კარტოფილის რაოდენობაც გავზარდე. ასევე მაქვს ბადრიჯანი, ცხარე წიწაკა, ყაბაყი...

- ფერმერობა არასდროს ყოფილა იოლი, მით უფრო - ახლა. ამასთან, ბევრი რამ ბუნების "განწყობაზეა" დამოკიდებული - ფერმერს როდის რას შესთავაზებს, არავინ იცის, ამიტომ დასაფასებელია, ვინც სირთულეებს არ უშინდება, რისკავს და ამ საქმეს ეჭიდება. რისი იმედი გქონდა, როცა მეურნეობას ხელი მოჰკიდე? - არ იცი, ბუნება როდის რას შემოგთავაზებს. სწორედ ამიტომ პომიდორი ცოტა დამესეტყვა და მოსავლიანობაზე ესეც იმოქმედებს. იმედს რაც შეეხება, არც მქონდა იმედი, რომ ყველაფერი ასე მალე გამომივიდოდა. საფეხურებზე თანდათან გადავდიოდი. ახლა რასაც ვგეგმავ, უკვე ყველაფრის იმედი მაქვს. ლობიოს მოყვანაში ნაკლები გამოცდილება მქონდა და ამის ბრალი იყო. ფართო კვლებზე რომ არ დავთესე - ასე რომ გამეკეთებინა, შემეძლო პრობლემა ჩემი ხელით, ტრაქტორითაც მომეგვარებინა. გაისად ასე აღარ მოვიქცევი და ზარალსაც ავცდები.

- ვატყობ, მომდევნო წლისთვის ყველაფერს ისე დაგეგმავ, რომ მუშახელზე ნაკლებად იყო დამოკიდებული... - აუცილებლად. შეიძლება, მოსავალი ნაკლები იყოს, მაგრამ ასეთი პრობლემა არ შემექმნება...

სირთულეები ყველა საქმეშია, მაგრამ თუ ვინმე ბიომეურნეობის შექმნას აპირებს, უნდა დაიწყოს კიდეც. დღეს, თუნდაც ამ ეპიდემიის გამო, ჯანსაღი კვება აუცილებელია, თან ასეთი პროდუქტი დეფიციტია და ამის გამოც ღირს ამ საქმის დაწყება. რისკის გაწევა მოუწევთ, პრობლემებიც შეექმნებათ, მაგრამ მაინც მხნედ უნდა იყვნენ. თუ დასჭირდებათ, ჩემს გამოცდილებასაც გავუზიარებ.

- ესე იგი მეურნეებს ბიოპროდუქტის მოყვანას ურჩევ? - როცა დავიწყე, ამას მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებდი, მერე კი სხვებისთვისაც შევქმენი ბიომეურნეობა. ყველაფერი ბაზარზეა დამოკიდებული - თუ ბიოპროდუქტების მოთხოვნა არსებობს, უნდა მოიყვანო. ნებისმიერი ვირუსისგან საუკეთესო დამცავი კარგი იმუნიტეტია, ამისთვის კი ჯანსაღი პროდუქტია საჭირო, თუმცა, მაინც ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რას და როგორ გააკეთებს.

- თქვენკენ წყალი ჭირს. როგორ აგვარებ ამ პრობლემას? - მეურნეობა ისეთ ადგილას მაქვს, სადაც სარწყავი არხი 10 მეტრშია. ჩვენკენ ისეთ ადგილებში, სადაც წყალი არ არის, ვერაფერს მოიყვან, რადგან ისეთი მზე იცის, ყველაფერს ანადგურებს. ჩემს ნაკვეთში წვიმა რომც არ მოვიდეს, არ მიჭირს, რადგან არხი მეხმარება.

- ანტიკრიზისულ გეგმას თუ გაეცანი? იქ სოფლის მეურნეობაში შეღავათებზეა ლაპარაკი, მაგალითად, 2012 წლიდან დაგროვებული სარწყავი წყლის გადასახადი ჩამოიწერება და 20 წლის ვადით უქმდება. რას იტყვი ამაზე? - კრიზისულ პერიოდში არა მხოლოდ სოფლის მეურნეებს, მთელ ბიზნესს უნდა დაეხმარონ. სარწყავი წყლის გადასახადის გაუქმება, საწვავის ჩუქება და ასეთი რაღაცები ძალიან კარგია, მაგრამ ამ პერიოდში მსხვილ ფერმერებსაც (200-300 ჰექტარის პატრონებს) სჭირდებათ დახმარება, თუმცა მიმაჩნია, რომ მთავრობა ამ ფერმერებზე ნაკლებად უნდა იყოს ორიენტირებული. მათ ისედაც ბევრი შესაძლებლობა აქვთ, წვრილმა ფერმერებმა კი, ვისაც 5-10 ჰექტარი აქვს, შესაძლოა, კრიზისს ვერ გაუძლონ, ამიტომ დახმარება მათ უფრო სჭირდებათ.

- ბავშვებისთვის ბიომეურნეობის გაკვეთილების ჩატარებას აპირებდი. - ჩემს მეგობარ სანდრო შანიძესთან ერთად ახლა აგროსკოლის ონლაინპროექტზე ვმუშაობთ. ბავშვებს ბიოპროდუქტების მოყვანას ვასწავლით. ეპიდემიამ ხელი შეგვიშალა, თორემ მათთან ცოცხალი და პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარებას ვაპირებდით. ბიომეთოდით ხუთი სახის ბოსტნეულის მოყვანას ვასწავლით. მეცადინეობის სურვილი აქვთ, ინტერესს იჩენენ, მაგრამ აგრონომიის ონლაინსწავლება რეკომენდებული არ არის, ყველაფერი ბაღში, ბოსტანში, მიწაზე უნდა აუხსნა. ამ პროექტისთვის გრანტი ავსტრიის განვითარების ფონდმა და "ღია საზოგადოებამ" გამოგვიყო. მომავალ წელს მასშტაბურ აგროსკოლას შევქმნით და, იმედი გვაქვს, ყველა ერთად ვიქნებით, არადისტანციურად. ჩვენ საინტერესო გეგმები გვაქვს და, ალბათ, ყველაფერი გამოგვივა.