"ავდექი და თვითონ დავჯექი ფანჯარასთან, საიდანაც ადამიანებს, ჩითილებთან ერთად, რჩევა-დარიგებასაც ვატანდი"
"ავდექი და თვითონ დავჯექი ფანჯარასთან, საიდანაც ადამიანებს, ჩითილებთან ერთად, რჩევა-დარიგებასაც ვატანდი"
"უსაზღვროდ ბევრი დაინტერესდა ბოსტნეულის ჩითილით, თესლით, გაუჩნდა დარგვისა და მოყვანის, ეზოს მოწესრიგების სურვილი, არადა, აქამდე ეს საქმე აზრადაც არ გაევლოთ..."

"პირველად ბაღის 15-წლიანი არსებობის განმავლობაში გაზაფხულზე სტუმრების მიღების უფლება არ მქონდა", - გვეუბნება ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე, რომელმაც გაზაფხული, მებაღისთვის სანუკვარი პერიოდი, საკუთარ ბაღში უჩვეულოდ გაატარა. მას რამდენიმე დღის წინ ვეწვიეთ და ვთხოვეთ პანდემიის პერიოდში განვლილი დღეების შესახებ ესაუბრა.

- ბავშვები არ მოდიოდნენ "მწვანე გაკვეთილებზე", არადა, ისინი ძალიან აჟრიამულებენ აქაურობას.
ეს ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რადგან ბავშვებში ჩადებული თითოეული მარცვალი პატარა ემოცია, დიდ ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. პირველად ხდება ისიც, რომ სტუმრებს ჩვენს კაფეში ვერ ვმასპინძლობთ - ჩვენი ოთახები, სადაც სტუმრებს უცხოეთიდან ვიღებდით, ცარიელია და იქ თვითონ ვცხოვრობთ. პირველად არა გვ
აქვს ღონისძიებები, ვახშმები. ადამიანებს­ არ შეუძლიათ აქ ლაღად მოსვლა, მცენარეების შერჩევა და თავიანთი ბაღების გალამაზებაზე ზრუნვა. შესაბამისად, არც შესაფერისი განწყობაა. ჩვენთვის ეს დიდი შეზანზარება აღმოჩნდა, მაგრამ სხვადასხვანაირი საქმით ვართ დაკავებული, უქმად მაინც არ ვისხედით.

ბაღს ხომ ვერ გავახმობთ, მოვლა სჭირდება, მუდმივი ზრუნვა - ეს იგივეა, გქონდეს ფერმა და არ იზრუნო იმ ცხოველებზე, რომლებიც ფერმაში ცხოვრობენ.
გვაქვს სათბურები, საჩითილეები, დიდი მეურნეობა, არიან თანამშრომლები, რომლებიც აქ მუშაობენ... რა ვქნათ, სად უნდა გავუშვა ეს 34 ნალოლიავები, ნაფერები, გამოწრთობილი ადამიანი? რომც გავუშვა, სახლში რა ქნან? როგორ გააგრძელონ ცხოვრება? სხვა საქმე არ იციან. ვინც ჩემთან მუშაობს, გულით, სულით ემსახურება ბაღს, რომელიც ყველამ ერთად შევქმენით.


თავიდან სამი დღე გამიჭირდა, მერე კი ავუღე ალღო, მივხვდი, რომ მუშაობა დაკეტილი ჭიშკრიდან უნდა გამეგრძელებინა. წლეულს ბოსტნეულის ბევრი ჩითილი გამოვიყვანეთ, ყვავილები - ნაკლებად. ამიტომ ავდექი და თვითონ დავჯექი ფანჯარასთან, საიდანაც ადამიანებს, ბოსტნეულის ჩითილებთან ერთად, ბევრ რჩევა-დარიგებას ვატანდი. ჩვენს ჭიშკართან რიგები იდგა. ამ რთულ პერიოდში მოსახლეობამ დიდი ინტერესი გამოიჩინა.

- როგორც მახსოვს, ეს მაშინ ხდებოდა, როცა ქუჩაში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
- ადამიანები ფეხითა და ველოსიპედებით მოდიოდნენ. გაოცებული ვარ, უსაზღვროდ ბევრი დაინტერესდა ბოსტნეულის ჩითილით, თესლით, გაუჩნდა დარგვისა და მოყვანის, ეზოს მოწესრიგების სურვილი, არადა, აქამდე ეს საქმე აზრადაც არ გაევლოთ... ეს ძალიან კარგი ამბავია!



- ალბათ, სიტუაციით დაბნეული ადამიანებიც მოდიოდნენ.
- კი, ეს არ იყო მხოლოდ ჩითილების გადაცემა, მხარდაჭერაც იყო, მათ გამხნევებას ვცდილობდი. ასეთ დროს სჭირდება ადამიანს მხარდაჭერა და შემოძახება, მე თუ გამომივიდა, შენც გამოგივა-მეთქი. თუმცა მეუბნებოდნენ, მიმაქვს, მაგრამ გავახარებო? გაახარეთ, რა გიშლით ხელს-მეთქი, ვპასუხობდი ყველას. მოკლედ, ფანჯარასთან 40 დღე გავატარე და ჩემი კარანტინიც ასე გავიდა.

- ე.ი. ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი...
- ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული. თუკი შეძლებ ემოციის მომართვას, შეუძლებელი არაფერია. ვერ ვიტყვი, რომ ამ მძიმე დღეებში არაფერი დამაკლდა და არაფერი შეცვლილა ჩვენი ბაღის ცხოვრებაში - როგორ არა, ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდით, რაც არასდროს გვქონია, ჭიშკარი დავკეტეთ და იქ დაცვის თანამშრომელი დავაყენეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება არ გრძელდება, რომ ახალი იდეები არა მაქვს. პირიქით, საშუალება მომეცა აზრები უკვეთ დავალაგო, დავინახო, რა უფრო სწორად გამომდის. ბებია ამბობდა, აკეთეთ ის, რაც კარგად გამოგდით, იმიტომ რომ რაც კარგად გამოგდის, ის საქმე გიყვარდებაო. ყველას ყველაფერი ხომ არ გამოსდის? ხშირად ვეპოტინებით იმას, რაც არ გამოდის. მეც ხშირად მქონია მსგავსი შემთხვევები, როცა რაღაც არ გამოსულა. თუმცა რომ ცდი, ესეც კარგია, შესაძლებლობებში რწმუნდები.



- ისე, წლეულს ბევრმა მიხედა ბოსტანს და ბოსტნეულის მოყვანას აპირებს...
- ბევრი მოყვარული მებოსტნე გამოჩნდა. მათგან იმდენი ისეთი ახალგაზრდაა, ჩამოყალიბებული, კულტურული, განათლებული,­ ადრე ვერც იფიქრებდი, რომ ბოსტნით დაინტერესდებოდა, იზიარებენ რჩევებს, გიყვებიან ბოსტნის გაშენების ამბავს, სურათებს გაჩვენებენ, როგორ გაახარეს პამიდორი, კიტრი; როგორ უდგამენ სარებს თუ ჭიგოებს. ეს ამბები უსაშველოდ მიხარია. მეც არ ვზარდები და ბოსტანსა თუ ჩითილებზე ველაპარაკები.

- მაინც საიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა ბოსტნის გაშენება?
- ეს ჯერ თავში უნდა მომწიფდეს, ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს და იმედი ჰქონდეს, რომ გამოუვა. სამწუხაროდ, ხშირად მოსალოდნელი გაწბილებისა და მარცხის ეშინიათ. არადა, შიში უნდა გადალახონ, სცადონ. თუ არ გამოვა, გაისად მეტი გამოცდილება ექნებათ. მთავარია, მიწასთან ურთიერთობა დაიწყონ.

- რა მოაქვს შენი ხელით გაშენებულ ბოსტანს?
- საკუთარი თავის რწმენა, რომ არა ხარ სუპერმარკეტში თურქეთიდან ჩამოტანილი კიტრისა და პამიდვრის იმედად. ვიმეორებ, შეიძლება პირველ ჯერზე ვერ მიიღონ ის მოსავალი, რასაც ელოდებიან, მაგრამ ცდა აუცილებელია.

- აგარაკებზე, თბილისში საკუთარ ეზოებში, მათ შორის, სახლის აივნებსა და ფანჯრის რაფებზეც აწყობენ ბოსტნებს... ვფიქრობ, ისინი პატივისცემას იმსახურებენ...
- კი, ამას ბევრი ცდილობს. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი მოდის აქ რჩევის მისაღებად, როგორ გააშენოს აივანსა და ფანჯრის რაფაზე ბოსტანი. თესავენ მწვანილს, ქოთნის პამიდორ "ჩერის", მერე მიგზავნიან ფოტოებს, როგორ მოისხა ქოთანში დარგულმა ნაყოფი. კარგი განცდაა.

ამ პანდემიისას ბევრი უფუნქციოდ დარჩა, მე კი საწუწუნო არაფერი მაქვს. ამხელა საქმე, სივრცე, პასუხისმგებლობა, ვალდებულება და საყვარელი საქმე მაქვს. ირგვლივ არიან მეზობლები, რომლებიც ჩემთან ერთად შრომობენ. არავითარი უფლება არა მაქვს რამე ვთქვა, თან 9 ივნისს ოფიციალურად ვიხსნებით, გავხსნით ჭიშკარს და მივიღებთ დამთვალიერებლებს, სტუმრებს. ინფორმაცია ჩითილის შესახებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია მაგალითის ძალა, ემოცია, რომლითაც აქედან დატვირთული წავა, როცა ჩემს დარგულს დაინახავს, თვითონაც გაუჩნდება ამის სურვილი.



- შევიტყვე, ჩაის კულტურისთვისაც მოგიკიდიათ ხელი.
- ორი დღის წინ გურიიდან დავბრუნდი. იქ ჩაის პლანტაცია მაქვს და მხოლოდ ახლა მომეცა საშუალება იქაურობასაც მივხედო. სოფელ ბახვში (დედულეთი) ჩემი ბებიის პლანტაციაა, სულ 2 ჰექტარი, რაც საბჭოთა კავშირის დროს კოლმეურნეობის ნაკვეთი იყო, მერე პრივატიზაცია გაუკეთდა. რამდენიმე ნაკვეთი მეზობლებისგანაც შევისყიდე, ტერიტორია შემოვღობე და ახლა იმ ნაკვეთს ვუვლით, საიდანაც ვიღებთ გემრიელ, უსასუქო, ჯანსაღ, ნამდვილ ქართულ ჩაის. ჩემს მოყვრებს ასკანაში საოჯახო მეურნეობა აქვთ, მინიფაბრიკა, სადაც ნედლი პროდუქტი შრება და ჩაი მზადდება, რასაც მერე ჩემს კაფეში მოსულ სტუმრებს ვასმევთ. ეს საქმე სასიამოვნოც არის, სასარგებლოც, არომატულიც და რამდენიმე კაციც დასაქმებულია ჩაის მოვლით და მცირე შემოსავალიც აქვთ. ეს ყველაფერი დიდი ბიზნესი არ არის, ერთი პატარა სასიამოვნო ამბავია და ჩემს საქმეებს­ შორის სასიამოვნო მიმართულება, ასევე მიზეზი, რომ გურიაში ჩავიდე.



- გურიის ეზო-კარიც ასეთი აბაღნარებულია, როგორც "გარდენიაა"?
- ამ დოზით და ასე არა, მაგრამ ეზო მოვლილია, კარგი სახლ-კარი გვაქვს, ლამაზი ოდასახლი. ნებისმიერ წუთს შემიძლია ჩავიდე, გავაღო მისი კარი და მივიღო სტუმარი. ჩემები - დედა, მამა და ძმა იქ არიან, ოღონდ ეს სახლ-კარი ასკანაშია, სადაც გავიზარდე.

- ზურა შევარდნაძისგან რჩევა ინტერვიუს ბოლოს რა იქნება?
- მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩვენს თავზე დამოკიდებული, უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ოჯახებსა და საკუთარ თავზე. ახლა თავი უნდა გადავირჩინოთ. თუ თავს მივხედავთ, მერე უკეთ მოვუვლით ოჯახის წევრსაც, ნათესავს, გვერდით მყოფს, ახლობელს. ახლა დიდი მორალური მხარდაჭერის პერიოდია, ისეთი მორალური მხარდაჭერაა საჭირო, როგორიც არასდროს. ასევე ცოტა მეტი ფიქრიც, ვიდრე მანამდე, ახალი გზებია მოსაძებნი და მუშაობაც არ უნდა დაგვეზაროს.

guruli
13 ივნისი 2020 23:44
არის ინფორმაცია , რმ ,,გარდენიაში" ყველაფერი ძალზე ძვირია, რამდენად მართალიაეს!
Tamara
11 ივნისი 2020 14:54
არა მარტო რჩევა დარიგებას, ლანძღვას და შეურეცხყოფასაც არ იშურებდით თურმე, როგორც აღმოჩნდა!!!
ძალიან გამიკვირდა და მეწყინა ეს ამბავი, არ მეგონა ყოველ შემთხვევაში

როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები