ქოლობანის შეუპოვარი მეურნეები - კვირის პალიტრა

ქოლობანის შეუპოვარი მეურნეები

სოფელი ქოლობანი აბაშის ცენტრიდან 7 კილომეტრშია. ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა ჩვენი ახალი ამბის გმირი - მარინა მიქაძე. პროფესიით მედდას, 40-წლიანი სტაჟი აქვს, მუშაობა 20 წლისას დაუწყია. გარდა იმისა, რომ თავისი პროფესია ძალიან უყვარს, ფერმერობაც შეუყვარდა, რომელიც ასევე წლების წინ წამოიწყო და ახლა ამ ორ საქმეს უნაწილებს დროსა და ენერგიას.

ჩვენი რესპონდენტი 4 შვილის დედა და 8 შვილიშვილის ბებიაა. ოჯახი საოჯახო მეურნეობას ეწევა - აქვთ სათბური, უვლიან ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს.

- ორი სათბური გვაქვს და ახლა მზად ვართ პამიდვრის რეალიზაციისთვის. სათბურში მოგვყავს კიტრი და ბულგარული წიწაკა, უეკლო ჟოლოც გავახარეთ. დანარჩენი, ოჯახისთვის საჭირო პროდუქტი, სათბურის გარეთ გვაქვს დათესილ-დარგული. საყიდლად თითქმის არაფერზე დავდივართ, ყველაფერი მოგვყავს.

ვუვლით 20 სულ ძროხას, აქედან 8 მეწველია. გვყავს 40 ღორი, კურდღლები, ცხვრები, 50 ფრთა ქათამი, იხვები, ბატები, ციცრები.

დღე დილის 5 საათზე იწყება. ჯერ ძროხებს ვწველით (ყველს აბაშის ბაზარს ვაბარებთ. სულგუნსაც ვაკეთებთ, მაგრამ გასაყიდად არა. ოჯახს ელარჯი და სულგუნი რატომ უნდა მოაკლდეს, როცა ამდენი ძროხა გვყავს?!), მერე სათბურში ვიწყებ შრომას - სარწყავი სისტემა კი დავამონტაჟე, მაგრამ პამიდორს, კიტრსა და ბულგარულს ბევრი ნაყოფი აქვს და სარწყავი სისტემა ვეღარ ერევა. ამიტომ მე და ჩემს რძალს ხელით გვიწევს მორწყვა. 10-ზე სამსახურში უნდა ვიყო, მერე ოჯახის წევრები აგრძელებენ შრომას. სათბურში ყოფნა დილის 11-ის ნახევრამდეა შესაძლებელი, მერე იქ გაჩერება არ შეიძლება, საღამოს კი, სამსახურიდან დაბრუნებული, გვიანობამდე ვმუშაობ.

20 წლისამ მუშაობა რომ დავიწყე, აღარ გავჩერებულვარ. კარიერის დასაწყისში ასეთი რამ შემემთხვა - ავადმყოფისთვის პენიცილინი უნდა გამეკეთებინა და მხოლოდ გამხსნელი, ნოვოკაინი გავუკეთე. პალატიდან რომ გამოვედი, მერე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი და ავტირდი. უფროსმა მედდამ მიზეზი მკითხა. ჩემი შეცდომის შესახებ ვუთხარი და ვკითხე, რამე ხომ არ დაემართება-მეთქი? "არაფერი, - მითხრა მან, - მაგრამ შეგყვები და შენი შეცდომა შენვე გამოასწორეო". პაციენტს ვუთხარი, რაც დამემართა, მან კი თბილად მომიგო, მოდი, ბიძია, გამიკეთე ნემსი, მაგაზე შენ არ ინერვიულოო. სულ მინდა შეცდომა არც პროფესიაში დავუშვა და არც სხვა საქმეში.

დედისერთა ვარ, მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა და 4 გავაჩინე, გავმრავლდი, მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად არის!

სულ სირბილ-სირბილში ვარ, მუდმივად მეჩქარება. ამხელა მეურნეობის მიუხედავად, მაქვს ულამაზესი ყვავილების 200 ქოთანი.

- სახელმწიფოს დახმარებით თუ გისარგებლიათ?

- სათბურებისთვის შეღავათიანი კრედიტი მქონდა აღებული, მაგრამ შარშანწინ ქარმა სათბურს თავი გადახადა და ჩემი სახსრებით თავიდან გადავხურე.

ზოგჯერ ახალგაზრდას რომ დავინახავ უსაქმოდ, ვფიქრობ, ამან რაღაც თავის სახლში რომ გააკეთოს, სოფელში ადამიანი მშიერი როგორ იქნება-მეთქი.

ასე რომ, ჩვენ ჩვენი საკვები და ყველაფერი საკმარისი გვაქვს, რასაც საკუთარი ხელით და ოფლით მოვიპოვებთ.